ავგიორგის მეფობა

Bagrat_III_of_Georgia_(Gelati_mural)

ბაგრატ III

1505 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე კონსტანტინე II და ტახტი მისმა შვილმა დავით X-მ დაიკავა (1505–1525 წწ.). ამ დროს ქართლის სამეფო ხელისუფლება ერთობ დასუსტებული იყო. ამით ისარგებლა იმერეთის მეფემ ალექსანდრემ და ქართლის დაპყრობა განიზრახა (1509 წ.). ერთი პირობა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, რადგან იმერეთში ოსმალთა შემოჭრამ და იქ გაჩაღებულმა ბარბაროსულმა პოლიტიკამ აიძულეს, ქართლი დაეტოვებინა და იმერეთისთვის მიეხედა. ამით ისარგებლა დავთ X-მ და ალექსანდრეს მიერ მიტაცებული ქართლის ტერიტორიები დაიბრუნა. მალე ამის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა, ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი, ბაგრატ III ავიდა (1510–1565 წწ.).

ამ დროს (XVI საუკუნის დასაწყისში) კახეთში ალექსანდრე I მეფობდა, რომელიც ქართლთან მშვიდობიანი დამოკიდებულების შენარჩუნებას ესწრაფოდა, მაგრამ ამ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა მისი უფროსი ვაჟი გიორგი, რომელსაც კახეთის დიდებულთა ერთი ნაწილიც უჭერდა მხარს და ქართლზე გალაშქრებას მოითხოვდა. ამ ნიადაგზე მეფის ოჯახში მწვავე დაპირისპირება ჩამოვარდა, რაც იმით დამთავრდა, რომ გიორგიმ მამა ალექსანდრე I მოკლა, ხოლო ძმას – დიმიტრის თვალები დათხარა. ამ სასტიკი და ულმობელი საქციელისათვის იგი ისტორიაში “ავგიორგის” სახელით შევიდა.

ავგიორგიმ (1511–1513 წწ.) ხანმოკლე მეფობის პერიოდში გააგრძელა ქართლისადმი აგრესიული დამოკიდებულება, თუმცა მეზობელი სამეფოდან მას საპასუხო ომები არ მოჰყოლია.

ქართლის სამეფო სახლშიც არ იყო თანხმობა და ერთსულოვნება. 1512 წელს დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანის მიცემა და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა მოითხოვა, რასაც ავგიორგის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესებით ხსნიდა (ასე შეიქმნა ქართლის შუაგულში ახალი სათავადო – სამუხრანბატონო). მართლაც, ბაგრატმა ჩქარა შეასრულა თავისი ქადილი: 1513 წელს, როცა ქართლის მორიგი აოხრების შემდეგ ავგიორგი ლაშქრით უკან ბრუნდებოდა, ბაგრატი მას ჩაუსაფრდა და ტყვედ ჩაიგდო, რასაც საბოლოოდ ამ ბოროტი მეფის სიკვდილი მოჰყვა.

e1839ae18394e18395e18390e1839c-i-1518-1574-e18393e18394e18393e1839de183a4e18390e1839ae18398-e18397e18398e1839ce18390e18397e18398e1839c

კახეთის მეფე ლევანი და სამეფო ოჯახი

საერთოდ, XVI საუკუნის პირველი მეოთხედი ქართველ მეფე–მთავართა ურთიერთბრძოლით, ტერიტორიების მიტაცებით და გაბატონების მცდელობით აღინიშნა. ეს იმ დროს, როდესაც ორი ძლიერი და სასტიკი მეზობელი, ოსმალეთი და ერანი, საქართველოს ერთმანეთს ეცილებოდა, რის შედეგადაც 1518 წელს ქართლი და საათაბაგო ყიზილბაშთა ბატონობაში მოექცა. უფრო ადრე ეს ბედი კახეთმაც გაიზიარა. 1520 წელს ოსმალეთთან დაზავების შემდეგ ქართლის მეფემ დავითმა კახეთზე გაილაშქრა მისი შემოერთების განზრახვით. კახეთის მეფე ლევანი იძულებული იყო, მაღრანის ციხეში ჩაკეტილიყო. ქართლის ლაშქარმა ციხეს ალყა შემოარტყა და ციხისელები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. მათი გადარჩენა იმან განაპირობა, რომ დავით მეფემ ცნობა მიიღო ქართლში ოსმალთა შემოსევის შესახებ და იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და ოსმალები ქართლის საზღვრებიდან გადაერეკა. ამის შემდეგ მან კვლავ გაილაშქრა კახეთზე, მაგრამ მაღაროსთან მომხდარ ბრძოლაში იგი ლევანმა დაამარცხა. მომდევნო ხანაში შექმნილმა საგარეო მდგომარეობამ ქართლის მეფე აიძულა ამ განზრახვაზე ხელი აეღო. იმავე წელს გურიის მთავრის შუამავლობის შედეგად დავითი და კახთა მეფე ლევანი შერიგდნენ და ფაქტობრივად იმჯერად ქართლ–კახეთის გაერთიანების საქმე ჩაიშალა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*