ავილას გალავანი – მსოფლიოში ყველაზე დიდი სრულად განათებული ძეგლი

მადრიდის ჩრდილო-დასავლეთით 110 კილომეტრში მდებარე ისტორიულ ქალაქ ავილას გალავნის კედლის სიგრძე 2516 მეტრია, კედლების სისქე – 3, სიმაღლე – 12. გალავანს აქვს 9 ალაყაფი, 88 კოშკი, 2500 ქონგური და ამ ნაგებობით 31 ჰექტარია შემოსაზღვრული. ის ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ სრულად განათებულ ძეგლად.

ავილა ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქია. ცენტრალური კორდილიერების დასაწყისში, 1128 მეტრ სიმაღლეზე შეფენილი ავილა ესპანეთის ყველაზე მაღლა მდებარე პროვინციული ცენტრია. მისი 58 ათასი მცხოვრები ამაყობს, რომ მათი ქალაქის თითოეულ მცხოვრებზე ყველაზე მეტი რომანული და გოთიკური ტაძარი მოდის ესპანეთში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ავილას ისტორიული ცენტრი 1985 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ჩრდილოეთ იბერიული ტომების, ვეტინების შემდეგ აქ მოსულმა რომაელებმა დასახლება გააფართოეს და გაამაგრეს. შემდეგ, V-VIII საუკუნეებში ავილას ვესტ-გოთები ფლობდნენ, VIII-XI საუკუნეებში კი არაბები. რეკონკისტის ეპოქაში, XI საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, ავილა წარმოადგენდა “ფრონტის ხაზს” მავრებსა და ქრისტიანებს შორის.

XI საუკუნის ბოლოს ავილა საბოლოოდ გადავიდა ქრისტიანთა ხელში, რომლებმაც XI-XIV საუკუნეებში ქალაქს უზარმაზარი გალავანი შემოარტყეს და ციხე-ქალაქად აქციეს.

რომაული და არაბული სიმაგრეების ადგილას ძველი ქვებით გალავნის აგება დაიწყო ლეონისა და კასტილიის მეფე ალფონსო VI-ის სიძემ, რაიმონდ ბურგუნდიელმა, რომლისგანაც იწყება კასტილიის ბურგუნდიული დინასტია.

ავილას საკათედრო ტაძარიც ციხე-სიმაგრეს უფრო გვაგონებს. მისი სამრეკლო თავდაცვის ფუნქციასაც ასრულებს და გალავნის კედელშია ჩართული. 1170-1211 წლებში აგებული ეს სამნავიანი ტაძარი, რომელიც XIII-XVI საუკუნეებში გადააკეთეს, რომანული სტილიდან გოთიკურში გადასვლის ნიმუშს წარმოადგენს. ტაძრის ადრეული რომანული ნაწილი მოწითალო-თეთრი “სისხლიანი” ქვით არის ნაგები, გოთიკური ნაწილი – მხოლოდ თეთრით. ავილას ტაძარი განთქმულია კედლებზე ურჩხულების გამოსახულებით, აღორძინების ეპოქის ხის ჩუქურთმიანი ქოროთი, ტაძრის მუზეუმში კი ელ გრეკოს ტილოები ინახება.

ქალაქში უამრავ ძეგლს შორის ასევე განთქმულია XI საუკუნის წმინდა პეტრეს ეკლესია, XII-XIV საუკუნეების სან-ვისენტეს ბაზილიკა, XVI საუკუნის წმინდა იოსების ტაძარი და მრავალი სხვა. ცნობისთვის, მარტო გალავნის გარეთ 7 ეკლესიაა, რომელთაც რომანული სტილის ნიშნები აქვს შემორჩენილი.

ავილაში იმართება მრავალი დღესასწაული, ჩადის უამრავი მომლოცველი და ტურისტი, განსაკუთრებით ვნების კვირას, როდესაც ქალაქში მსვლელობებს ბერების 19 სხვადასხვა საძმო აწყობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*