ათასი წლის წინანდელი მზის ლაქები ჩინურ წყაროებში

XVIII საუკუნემდე, ვიდრე გალილეო გალილეი თანამედროვე ასტრონომიას დაუდებდა საფუძველს, მზის აქტივობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მიჩნეული, სანამ კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარები მნათობის ისტორიის შესასწავლად უძველესი ტექსტების გაცნობას დაიწყებდნენ. მუშაობისას მათ მზის ლაქების, ნათებისა და სხვა მოვლენების შესახებ არაერთი ცნობა აღმოაჩინეს, რომლებიც VII საუკუნით თარიღდება.

იაპონელმა ისტორიკოსებმა ჩანაწერებს ჩინელი იმპერატორების, ტანის დინასტიის VII-X საუკუნეების ჩინურ გრაგნილებში მიაკვლიეს. ჩინური, იაპონური თუ ევროპული წყაროების დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცნობები “თეთრი ცისარტყელისა” და “უცნაური ცისარტყელის” შესახებ, რომელიც ერთსა და იმავე პერიოდს განეკუთვნება. რაკი უჩვეულო ატმოსფერული მოვლენა ერთმანეთისგან მეტად დაშორებულ დედამიწის რეგიონებში შენიშნეს, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ამ ჩანაწერებში ჩრდილოეთის ციალზე უნდა ყოფილიყო საუბარი.

იაპონელმა მეცნიერებმა შარშან ასეთივე ცნობებს ჩინური დინასტია სუნის (X-XIII  სს.) პერიოდის დოკუმენტებშიც მიაკვლიეს. ამ დოკუმენტებში მზის ლაქები აღწერილია, როგორც ქლიავი, ატამი ანდა კვერცხი მზის დისკოზე. ხელნაწერებში სულ მზის 38 ლაქაზე, 13 უცვეულო ცისარტყელასა და 193 ჩრდილოეთის ციალის მსგავს მოვლენაზეა საუბარი.

დოკუმენტები, სადაც მეცნიერებმა მსგავსი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაკვლიეს, სულაც არ ჰგავდა ასტრონომიული დაკვირვებების ჩანაწერებს. ბევრი ფორმულირება ბუნდოვანია და ზოგან ლექსად არის ჩაწერილი. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ არაბული, კორეული და ევროპული ჩანაწერების შესწავლისა და შეჯერების შემდეგ, რეალური ასტრონომიული მოვლენების გამოვლენა არ გაუჭირდებათ.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*