აკაკის ანდერძი

დაწერილი 1912 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის ნოტარიუს აბდუშელიშვილთან.

Poet_Akaki_Tsereteli_on_his_death-bed._Sachkhere._1915

აკაკი სიკვდილის სარეცელზე, 1915 წელი.

“მე თავადი აკაკი როსტომის ძე წერეთელი, რომელიც ვარ სრულ ჭკუასა და მტკიცე მეხსიერებაზე, საჭიროდ ვთვლი სიკვდილის შემდეგ დავტოვო შემდეგი ანდერძი: მთელს ჩემს კეთილშენაძენს უძრავ მამულს, რომელიც დარჩება ჩემს შემდეგ და რომელიც სადაც უნდა იმყოფებოდეს და რასაც უნდა შეიცავდეს, ვუტოვებ ჩემს მეუღლე კნეინა ნატალია პეტრე ბაზილევსკის ასულს წერეთლისას და ჩემს შვილს თავადს ალექსი წერეთელს, რომ უფლობდნენ მას და სარგებლობდნენ მთელის სიცოცხლის განმავლობაში, ამ მამულიდან სამოსახლო ადგილს შენობებით და კარის ეკლესიით სოფელ სხვიტორში, შორაპნის მაზრაში, საკუთრებად უტოვებ ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ აქ გაიხსნას დედათა სკოლა ჩემის სახელობისა; ვენახსა და დანარჩენს ჩემს მამულს ვუტოვებ საკუთრებად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ქართულ ზღაპრებისა, არაკებისა და საერთოდ ზეპირ თქმულებათა შესაკრებად და გამოსაცემად. უფლება ჩემის ნაწერების გამოცემისა უნდა მიეცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას აღნიშნულ მიზნისათვის. დანარჩენ ჩემს მოძრავ ქონებას ვუტოვებ ჩემს მეუღლესა და შვილს. რადგან ზემოხსენებულ სამოსახლო ადგილთან დაკავშირებულია ჩემთვის ფრიად ძვირფასი მოგონებანი, ამიტომ ვთხოულობ, როდესაც უფალი თავისთან გამიწვევს, დამასაფლაოთ კარის ეკლესიის გვერდით სოფელ სხვიტორში. გთხოვთ დამასაფლაოთ უბრალოდ და უგვირგვინოდ. გვირგვინის მსურველს ვსთხოვ, გვირგვინის ფასი გადასცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

ზემოაღნიშნული მიზნისთვის ამ ანდერძში გამოთქმულ ჩემის ნების აღმსრულებლად ვნიშნავ: თავადს გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძეს, სერგო ლუკას ძე ბახტაძეს, კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს და ექიმს ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილს”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*