ალექსანდრე დიდის მეფობა

1412 წელს საქართველოს ტახტი დაიკავა კონსტანტინე I–ის 22 წლის ვაჟმა ალექსანდრემ (1412–1443 წწ.). მან უმთავრეს მიზნად დაქცეული ქვეყნის თანდათანობით აღდგენა დაისახა. ამ დიდმნიშვნელოვან და წარმატებული საქმიანობისთვის შემდგომმა თაობამ მას “მეფეთა შორის წარჩინებული” და “დიდი” უწოდა.

Featured image

ალექსანდრე დიდის ფრესკა ნაბახტევის ეკლესიაში

ახალგაზრდა მეფის მიერ განხორციელებული აღდგენითი და სააღმშენებლო საქმიანობა დამპყრობთა წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა. 1421 წელს აზერბაიჯანში დიდი დაპირისპირება ყოფილა ერანის მფლობელს შაჰრუხსა და ყარა იუსუფის შვილს ისკანდერს შორის. სავარაუდოდ, ბრძოლაში, სხვა აზერბაიჯანელ მფლობელებთან ერთად შაჰრუხის მოკავშირედ ალექსანდრე იბრძვის. ამ ბრძოლაში გამარჯვება შაჰრუხს დარჩენია. ეს გამარჯვება ქართველთა ინტერესებშიც შედიოდა, რადგან ერანის მბრძანებელი შედარებით რბილი და ქრისტიანებისათვის ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა.

საქართველოს ხელმძღვანელთათვის პირველი და უმთავრესი ამოცანა ქვეყნის იმ დროისათვის საკმაოდ შერყეული მთლიანობის აღდგენა იყო. განსაკუთრებული განუკითხაობა დასავლეთ საქართველოში სუფევდა. 1414 წელს ალექსანდრე ჯარით დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც თავაშვებული მთავრები უკონტროლოდ, თავის ნებაზე მოქმედებდნენ: სამეგრელოს მთავარს მამია დადიანს აფხაზეთის სამთავროს დამორჩილება განუზრახავს და ლაშქრით იქ გადასულა. მაგრამ აფხაზეთის მთავარს შარვაშიძეს იგი დაუმარცხებია და მოუკლავს. ალექსანდრეს მამიას ნაცვლად მთავრად ლიპარტი დაუსვამს, შემდეგ კი აფხაზეთში გადასულა, სადაც მთავარმა შარვაშიძემ მეფეს მორჩილება დაუდასტურა. იმავე ხანებში მეფეს ივანე ათაბაგი აუჯანყდა, ალექსანდრემ განდგომილი მთავარი კოხტასთავს დაამარცხა და დაატყვევა. შემდეგ სამცხის ციხეები დაიკავა და იქ თავისი გარნიზონები განათავსა. ივანე ათაბაგმა პატიება ითხოვა და მეფეს ერთგულება შეჰფიცა. ალექსანდრემ მას დანაშაული აპატია და თბილისში გამობრუნდა.

მაგრამ ჭრილობები მოშუშებული არ იყო და ფეოდალთა განდგომები ყოველთვის მოსალოდნელი ჩანდა. ალექსანდრე გაბედულად და პრინციპულად მოქმედებდა: განდგომილ და ურჩ ერისთავებს ზოგს ერისთავობას ართმევდა, ზოგს საქართველოდან აძევებდა და სხვა. მაგრამ რღვევის პროცესი დაწყებული იყო და მისი შეჩერება ერთობ რთული გამოდგა.

1416 წელს თურქებმა ახალციხე აიღეს და იქ დიდი ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს, რაშიც მათ ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობაც ეხმარებოდა. ალექსანდრემ აგრესორ თურქთა რაზმები დაამარცხა და განდევნა, ახალციხესა და მის მიდამოებში წესრიგი დაამყარა.

ამ დროს საქართველო გაერთიანებულად ითვლებოდა, მაგრამ მისი სამხრეთი საზღვარი ერთობ სემცირებული იყო. ქართველებისთვის განსაკუთრებით საგრძნობი და მიუღებელი იყო ლორეს დაკარგვა. ეს ამ მხარის მარტო სტრატეგიული მნიშვნელობით არ იყო განპირობებული, არამედ განსაკუთრებით იმით, რომ მტერმა აქ მოასწრო ქართული მიწისმფლობელობის სისტემის თურქულით შეცვლა, რაც მთელი მხარის გათურქების წინაპირობას წარმოადგენდა.

1431 წელს ალექსანდრე მეფემ ლორზე გაილაშქრა და იგი იარაღის ძალით მორჩილებაში მოიყვანა, იქაური მიწა–წყალი კი კანონიერ (ქრისტიან) პატრონებს ჩააბარა.

ამის შემდეგ, 1434–1435 წლებში მან ქვეყანას სივნიეთის მხარე დაუბრუნა, რასაც, სხვათა შორის დიდი სამხედრო–სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა.

XV საუკუნის პირველ ნახევარში ქვეყანაში დიდი სამეურნეო–ეკონომიკური სამუშაოები და ციხე–ტაძრების მშენებლობა აღინიშნა. ამ სამუშაოების წარმოებისათვის ხელისუფლებამ საგანგებო გადასახადიც კი შემოიღო – კომლზე 40 თეთრის ოდენობით. ეს გადასახადი 1440 წელს გაუქმდა, რადგან დაგეგმილი მშენებლობა ამ დროს დასრულებული იყო.

მეტად ფართო აღდგენითი და სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ეკლესია. იგი აღადგენდა დაქცეულ სოფლებს და ა. შ. ამ გზით ეკლესია კიდევ უფრო აფართოებდა თავის სამფლობელოებს.

1440 წელს შავბატკნიან თურქმანთა მეთაურმა ჯეჰან შაჰმა საქართველოს მორჩილება და ხარკის გადახდა მოსთხოვა. ალექსანდრემ უარი შეუთვალა, რის შემდეგაც თურქმანები ხოცვა–ჟლეტით შემოიჭრნენ ქვეყანაში. მათი მოქმედება იმანაც გააადვილა, რომ აღდგომა დღე იყო და ჩანს ქართველები ომს არც მოელოდნენ და არც იყვნენ განწყობილნი. მტერმა საშინელი სიმხეცე გამოიჩინა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ჯეჰან შაჰმა მის მიერ დაპყრობილ სამშვილდეში ადამიანთა მოჭრილი თავებისაგან მინარეთი დაადგმევინა. შემდეგ მტერი თბილისისკენ დაიძრა, აიღო და სასტიკი სიმხეცით გაუსწორდა მოქალაქეებს. ქრისტიანებს დიდი ხარაჯა დაადეს.

ჯეჰან შაჰის შემოსევას დაემატა სამეფო კარზე ჩამოვარდნილი უთანხმოება. 1442 წელს ალექსანდრე ბერად აღიკვეცა, სამეფო კარზე კი უფროსი ძე ვახტანგი (IV) დასვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*