ალკოჰოლიკის ცხვირი და ლომის ფაფარი: ნერონის გარეგნობის ახალი ვერსია

ესპანელმა მხატვარმა ლეგენდარული იმპერატორის გარეგნობის მოდელირება მოახდინა.

ანტიკური ხანის ერთ–ერთი ყველაზე არაორდინალური მმართველი, ნერონ კლაუდიუს ცეზარ ავგუსტუს გერმანიკი (დაბადების სახელია – ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი) რომის იმპერატორი იყო ძვ. წ. 54 წლის 13 ოქტომბრიდან ძვ. წ. 68 წლის 9 ივნისამდე. უმეტესი რომაელი ისტორიკოსის თქმით, თავიდან მან თავი გამოიჩინა როგორც ბრწყინვალე ადმინისტრატორმა და ანგარიშიანმა მმართველმა. მაგრამ ვადის მეორე ნახევარში მოხდა მის ხასიათში მკვეთრი ცვლილება და ეს პერიოდი ისტორიაში დესპოტიზმის და უკანონობის ხანად შევიდა.

უაზრო მფლანგველობის გარდა ნერონს მიაწერენ ქრისტიანების ცოცხლად დაწვას, რომის უდიდეს ხანძარს, როცა ის გორაკიდან ტკბებოდა ალმოკიდებული ქალაქის ხილვით და ლირაზე უკრავდა. მან უამრავი ადამიანი გაწირა სასიკვდილოდ – მათ შორის ცოლი და დედა.

უამრავი ცნობის მიუხედავად, ნერონის გარეგნობაზე ცოტა რამ არის ცნობილი: მისი სიცოცხლიდან მხოლოდ მონეტებზეა შემორჩენილი იმპერატორის სახე. მათი მიხედვით შეიძლება ორმაგი ნიკაპი და ცხვირის ფორმა გაარჩიო – სხვა არაფერი. ყველა ბიუსტი და ნახატი მისი სიკვდილიდან გაცილებით გვიან არის შექმნილი.

ამ კითხვაზე პასუხის თავისი ვერსია შექმნა ესპანელმა მხატვარმა სალვა რუანომ Césares de Roma–ს პროექტის ფარგლებში. მან შეისწავლა ნუმიზმატური ნიმუშები, ისტორიული აღწერილობები და ხელოვნების ნიმუშები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კაპიტოლიუმის მუზეუმში შენახული XVII საუკუნის ბიუსტი ყველაზე მეტად შეესაბამება სინამდვილეს.

სახის ნაკვთების აღდგენის გარდა, მხატვრის ამოცანა ფერების სწორად გადმოცემა იყო. თანამედროვეები ნერონს აღწერდნენ რუხი–მოცისფრო თვალებითა და “ლომის თმებით”. მეორეს მხრივ იმპერატორი აჰენობარბუსების გვარიდან იყო, რაც “ჟღალწვერას” ნიშნავს. საგვარეულო ნიშანი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ახალი ბიუსტის ავტორმა უპირატესობა ჟღალ ფერს მიანიჭა, დაუმატა კანზე ჭორფლი და გამოკვეთა “ალკოჰოლიკის” ხორციანი ცხვირი. ღია ფერის თვალების მზერაში კი ნარცისიზმი და გარშემომყოფთა ზიზღი ჩადო. ეს ყველაფერი იმ დახასიათებას ეყრდნობა, რომელიც ნერონის გარემოცვის წევრების მიერ არის დატოვებული. ამას გარდა, მის გარეგნობაში გადაგვარების ნიშნებიც შეიმჩნევა – ეს რომის საიმპერატორო კარზე მიღებული სისხლის აღრევის შედეგი შეიძლება იყოს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*