ამაზონის ჯუნგლებში ნაპოვნია გიგანტური გეოგლიფები

ადამიანის შეჭრა ველურ ბუნებაში უფრო ხშირად დამღუპველად მოქმედებს მასზე. თუმცა ამაზონის ჯუნგლებში, ამჯერად პირიქით მოხდა: ამ რეგიონის უძველესმა ბინადრებმა გეოგლიფების შექმნით ტყეების გადარჩენას შეუწყვეს ხელი.

ამაზონის აუზის ტროპიკული ტყეები ათწლეულების მანძილზე იჩეხება. გაჩეხილი ტერიტორიების შესწავლისას ბრაზილიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა მიწაზე დახატულ სურათებს – გეოგლიფებს მიაკვლიეს.

ბრაზილიის და ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილებში 13 ათას კვადრატულ კილომეტრზე 450 გეოგლიფია აღმოჩენილი. ისინი არხების ან მიწაყრილებს წარმოადგენენ. გეომეტრიული ფიგურების დიამეტრი 100–300 მეტრია. უმსხვილესი თხრილი სიგანით 11 მეტრია, სიღრმით 4 მეტრი. უმეტესობა შექმნილია 650–2000 წლის წინ. უძველესები – 3000–3500 წლის წინ.

მათი დანიშნულება უცნობია. მთავარი ჰიპოთეზის მიხედვით – ეს სარიტუალო ადგილებია. ვერსია, რომ ისინი საცხოვრებელი ადგილის ნაწილია არ დასტურდება: არცერთი არტეფაქტი აღმოჩენილი არ არის.

გეოგლიფების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ადამიანი ტყეებს მრავალი ათასი წლის წინაც ჩეხავდა. მაგრამ თანამედროვე პრაქტიკისგან განსხვავებით ადრე ეს დაფიქრებით და შერჩევით ხდებოდა, რამაც ჯუნგლებს სარგებლობა მოუტანა: ტყეების გამოხშირვა მცირე ტერიტორიებზე მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

“ჩვენი კვლევები იმას ადასტურებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ამაზონის ტყეებს ევროპელების მოსვლამდე იყენებდნენ. მაგრამ ეს თანამედროვე დამანგრეველ გაჩეხვას არ ამართლებს. პირიქით – ეს ხაზს უსვამს იმ ოსტატობას, რომლითაც ძველი ადამიანები იყენებდნენ ტყეებს, რათა ისინი არ გადაგვარებულიყვნენ” – განმარტა ჯენიფერ უოტლინგმა, კვლევების ავტორმა სან–პაულუს უნივერსიტეტიდან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*