“ამსტერდამის იალქანი”

“ამსტერდამის იალქანი” (SAIL Amsterdam) ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობაა და მსოფლიოს უდიდესი საზღვაო სანახაობაა – ათობით იალქნიანი გემი, და მათთან ერთად ასობით სხვა ისტორიული თუ თანამედროვე ხომალდი თავს იყრის მდინარე ეის გასწვრივ განსაცვიფრებელი აღლუმის მოსაწყობად.

ზეიმი-სანახაობა “ამსტერდამის იალქანი” ხუთ წელიწადში ერთხელ ეწყობა, ჩვეულებრივ, 19 აგვისტოდან 23 აგვისტომდე შუალედში. პირველად დღესასწაული სახელწოდებით “ამსტერდამის იალქანი 700” გაიმართა 1975 წელს, ქალაქ ამსტერდამის 700 წლისთავის აღსანიშნავად. მაშინ იალქნიანი გემებით დაინტერესება მხოლოდ იწყებოდა. თუმცა, საზღვაო სანახაობის წარმატებამ განაპირობა სპეციალური ფონდის – “ამსტერდამის იალქნის” შექმნა. მას შემდეგ სწორედ ის აწყობს ზეიმს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

გემები, აღლუმების გარდა, მონაწილეობენ საზღვაო ბრძოლების რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. ნაპირებზე იმართება მუსიკალური წარმოდგენები, საბავშვო გასართობები, საღამოობით – ეფექტური ღამის შოუები. ეწყობა ასევე გამოფენები, სადაც წარმოდგენილია ისტორიული და თანამედროვე გემების ნახაზები და მაკეტები.

ზეიმის მონაწილე გემებს ემატება ათასობით მომცრო იახტა და ნავი (“ამსტერდამის იალქანი 2005”-ში მონაწილეობდა დაახლოებით 8000 მცურავი საშუალება), რომლებიც სავსეა მაყურებლებით – ყოველივე ეს უნიკალურ სანახაობას ქმნის, რასაც საშუალოდ 3 მილიონამდე ადამიანი ესწრება. სხვათა შორის, იმავე “ამსტერდამის იალქანი 2005”-ის ზეიმში მონაწილეობა პირველად მიიღეს სუპერთანამედროვე იახტებმა და მათთან ერთად – ერთმა წყალქვეშა ნავმაც.

Leave a comment

Your email address will not be published.


*