ანტიოსმალური კოალიცია

ოსმალეთის წინააღმდეგ ევროპა შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა და საქმეში ქართველების მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ვარაუდობდნენ, ოსმალთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყოთ, რაშიც ერანს, რუსეთს და საქართველოსაც გულისხმობდნენ. ასეთ ვითარებაში ოსმალეთთან მანამდე გაფორმებული ხელშეკრულება ძალას კარგავდა.

1590 წელს ანტიოსმალური კოალიციის შეკვრის ინიციატორად რომის პაპი კლიმენტი VIII და გერმანიის იმპერატორი რუდოლფ II გამოვიდნენ. სიმონთან ეპისტოლარული ურთიერთობა დაამყარა კლიმენტი VIII–მ, რომლის წერილებსაც სიმონ მეფე დიდი სიხარულით ხვდებოდა.

Papst_Clemens_VIII_Italian_17th_century

პაპი კლემენტი VIII

იმასთან დაკავშირებით, რომ 1595 წელს გაფორმდა ერანის, ქართლის და კახეთის ანტიოსმალური კავშირი, სიმონი აცნობებდა რა ამ ფაქტს, ესპანეთის მეფე ფელიპე II–ს წერდა: “უკვე გავერთიანდით და გადავწვიტეთ თურქეთს თავი გავუჭეჭყოთო” და ურჩევდა ამგვარი კავშირი ევროპაშიც შექმნილიყო. რომის აპისადმი მიწერილ წერილში იგი აღნიშნავდა, “ვიდრე პირში სული მიდგას, ხელს არ ავიღებ ოსმალეთის წინააღმდეგობაზეო”.

ევროპაში ნავარაუდევი კოალიცია ვერ შეიკრა. ამან ოსმალებს ხელები გაუხსნა.

1598 წელს სიმონ I–მა განაახლა ომი ტრადიციული მტრის წინააღმდეგ, მას გვერდში სამცხე–საათაბაგოც ამოუდგა, რომელიც ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყდა.

2614242390_30a5991d6c_o

გორის ციხე

სიმონმა სამხედრო მოქმედება ოსმალთა მიერ დაკავებული ქალაქი გორიდან დაიწყო. გორის ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა, მაგრამ საგულდაგულოდ გამაგრებული ციხის აღება ვერ მოხერხდა. ბოლოს ქართლის მეფემ მოულოდნელი ხერხი გამოიყენა, რადგან ოსმალები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დიდმარხვაში ქართველები ომს არ აწარმოებდნენ, სწორედ ამ დღეებში განახორციელა გადამწყვეტი შეტევა და გორის ციხიდან მტერი განდევნა.

ამ მარცხმა და სამცხე–საათაბაგოს აჯანყებამ ოსმალეთი აიძულა, საქართველოში მეტად დიდი და სათანადოდ აღჭურვილი ლაშქარი გამოეგზავნა. სიმონმა იცოდა, რომ ძნელი შეჯახება მოუხდებოდა, ამიტომ გორში უფლისწული გიორგი დატოვა, თვითონ კი საბარათიანოსკენ გაეშურა ჯარის შესაგროვებლად. მაგრამ ამ ღონისძიების დამთავრება ვერ მოასწრო და ოსმალთა დიდ ლაშქართან შერკინება მცირერიცხოვანი ჯარით მოუხდა. ასეთ ვითარებაში გამარჯვების შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მეფე კი ტყვედ ჩავარდა. ქართველებმა, განსაკუთრებით გიორგი ბატონიშვილმა, ყველა ღონისძიება იხმარეს სახელოვანი მეფის გამოსახსნელად. მაგრამ ამაოდ.

ოსმალებმა 1601 წელს სიმონი სტამბოლში გაგზავნეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიმონ მეფე გმირულად ებრძოდა ქვეყნის დამპყრობლებს. მან თავისი ბრწყინვალე საქმეებით ნათელი ფურცელი ჩაწერა ქართველი ერის ისტორიაში. ის იყო ერთ–ერთი მთავარი შემომქმედი იმ გამარჯვებისა, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად ქართველებს შეუნარჩუნა ღირსება, მამული, სარწმუნოება, თვითმყოფადობა, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავდა ქართველთა ქართველობას და არ უშვებდა მათ გადაგვარებას.

ქართველი ერი მუდამ მადლობით და მოწიწებით მოიხსენიებს მის გადამრჩენელ გმირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ძირს არ უშვებდნენ ქართულ ეროვნულ დროშას და იგი დღემდე მოიტანეს. ამ თავდადებულ გმირებს შორის ერთ–ერთი საპატიო ადგილი სიმონ I–ს უჭირავს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*