ანტირუსული გამოსვლების დასაწყისი

რუსეთის დამკვიდრება საქართველოში თავიდანვე საშინელ ძალმომრეობასთან იყო დაკავშირებული. სულ პირველად ეს თავის თავზე იწვნიეს საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე სოფლების ქართველმა და ოსმა მოსახლეობამ. რუსები აიძულებდნენ მათ შეესრულებინათ სამხედრო ბეგარა, გზის მშენებლობებზე გამოეყვანათ გამწევი საქონელი, შეუსვენებლად ემუშავათ, რაშიც მათ არავითარი ანაზღაურება არ ეძლეოდათ. უბირი რუსი ჯარისკაცები და მათი ოფიცრები ღირსებას ულახავდნენ ამაყ მთიელებს, არღვევდნენ კავკასიურ ტრადიციებს, შეურაცხყოფდნენ ოჯახებს, აუპატიურებდნენ ქალებს, ბილწავდნენ ქვევრებს. ამ პერიოდის ერთ–ერთი საარქივო დოკუმენტი მიუთითებს, რომ ანანურის მაზრის რუსმა კაპიტან–ისპრავნიკმა ხელ–ფეხი შეუკრა ადგილობრივ გლეხებს, ძაღლების სალაფავისთვის განკუთვნილ ჭურჭელში შეამზადა ადამიანის გონისათვის წარმოუდგენელი მასა, რომელშიც შედიოდა შრატი, დაკეპილი კატები, ადამიანის განავალი და ეს ძალით შეაჭამა გლეხებს.

ასევე სასტიკად ექცეოდნენ ადგილობრივ ოს მოსახლეობასაც, რომელიც იმჟამად აშკარად მხარში ამოუდგა ბაგრატიონ უფლისწულებს და ქართველებთან ერთად მედგრად იბრძოდა რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ.

პირველი ანტირუსული შეთქმულება სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლებმა უკვე 1802 წელს მოაწყვეს, ვარაუდობდნენ თბილისში განლაგებული რუსული გარნიზონისა და ახალი ხელისუფლების სრულ ლიკვიდაციას. იგეგმებოდა იულონ ერეკლეს ძის გამეფებაც, მაგრამ ეს შეთქმულება ჩაიშალა.

1804 წელს აჯანყდნენ მთიულეთის გლეხები, რომლებმაც ვეღარ აიტანეს რუსი სამხედროების ბარბაროსული თარეში და მათი ოჯახების შეურაცხყოფა. ამ აჯანყებას შეუერთდნენ ბაგრატიონ უფლისწულებიც.

ალექსანდრე ბატონიშვილი

800px-Alexander,_Prince_of_Georgia

ალექსანდრე ბატონიშვილი

რუსეთის წინააღმდეგ უკომპრომისობით გამოირჩეოდა ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი. მან ისევე, როგორც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა, ჩათვალა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უსინდისოდ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებები და მთელი თავისი ენერგია მოახმარა იმას, რომ რუსეთი დაბრუნებოდა ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებების ჩარჩოებს. სამშობლოს გამოხსნისათვის ბრძოლის უმძიმეს გზაზე ის კავშირს ამყარებდა ამიერკავკასიაში არსებულ ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალასთან, ვისაც რეალური დახმარების გაწევა შეეძლო. ჩინებულად არის შემჩნეული ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა “გააშიშვლა დამპყრობელი, ოსტატურად შემოაცალა ცრუ იდეური საბურველი. მოახსენა მას, რომ სამართალი და ღმერთი იქაა, სადაც ხალხია… და რომ ის ებრძვის უსამართლობას, რომლის განსახიერებაც ეს დამპყრობელია”.

ალექსანდრე ბატონიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს. მისი მგზნებარე მოწოდებები უზრუნველყოფდნენ ქართველთა დარაზმულობას, ხოლო რუსებმა თავისი ხანმოკლე ყოფნის განმავლობაში ისე შეაბეზრეს თავი როგორც თავადაზნაურობას, ისე რიგით მოსახლეობას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყება თითქმის საყოველთაო იყო. ამ დროს რუსეთი ნაპოლეონის წინააღმდეგ დიდ ომში იყო ჩაბმული და საქართველოსთვის არ ეცალა. ეს ფრიად ხელსაყრელი იყო საქართველოში ბაგრატიონთა ხელისუფლების აღსადგენად, მაგრამ, როგორც ხშირად ხდებოდა წარსულში, ამჯერადაც საქართველოში არ იყო ერთიანობა. მათი ერთი ნაწილი ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს გმირულად იბრძოდა (პეტრე ბაგრატიონი, ალექსანდრე ჭავჭავაძე და სხვა), საქართველოშიც რუსეთის ინტერესებს იცავდნენ და აჯანყებულებს მხეცურად უსწორდებოდნენ ქართველი თავადები (ერისთავები, ორბელიანებიჩოლოყაშვილები). ამიტომაც კახეთის აჯანყება დამარცხდა. ერთ–ერთი მტარვალი თავის ანგარიშში წერდა: “იმის გამო, რომ შილდამ ორჯერ მიიღო ბატონიშვილი და ორჯერვე მოსახლეობა ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, მე სოფლის საფუძვლიანად ამოგდება გადავწყვიტე. გავანადგურებ არამარტო სახლებს, არამედ ბაღ–ვენახებს. მეორე დღეა, სოფელს ცეცხლი უკიდია და თანდათანობით ნაცარ–ტუტად იქცევა…”

Leave a comment

Your email address will not be published.


*