არმადის საგანძური

XVI საუკუნეში ირლანდიის კლდოვან სანაპიროსთან ესპანური გალეასი ჩაიძირა. ოთხი საუკუნის შემდეგ, ბელგიელმა მყვინთავმა გემის ნარჩენები იპოვა და ფსკერიდან უნიკალური ნივთები ამოიღო.

ჩრდილოეთის ქარი გემს კლდეებისკენ მიაქანებდა. გალეასი ჯიუტად აღმოსავლეთისკენ მიიწევდა. ტალღამ საავარიო შტურვალი დაამსხვრია და მეზღვაურები ღამის წყვდიადში შეუსვენებლად უსვამდნენ ნიჩბებს.

ახალგაზრდა ესპანელი იდალგოს ოცნებები ინგლისის დაპყრობაზე თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. “ქირონის” კილი დაიმსხვრა, გემბანი დასკდა და ზარბაზნები, იარაღი, ტყვიაწამალი, სკივრები და 1300 გატანჯული ადამიანი აბობოქრებულ ზღვაში ჩაიძირა.

ოთხი საუკუნის შემდეგ ევროპულ არქივებში დაცულ დოკუმენტებს რობერტ სტენუი სწავლობდა. მან აღადგინა გემის კატასტროფის ისტორია. მან მალე “ქირონის” ჩაძირვის ადგილიც გაარკვია. ყინულოვან წყალში ღრმა ნაპრალის ფსკერზე მან ოქროს და ვერცხლის მონეტებს შორის საქორწინო ბეჭედი იპოვა. მასზე ამოტვიფრული იყო ხელი გულით და სიტყვები – “No tengo mas que darte” – “სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ”. ეს ბეჭედი არმადის საგანძურიდან ძალიან სათუთი ნივთია, რომელიც ადამიანის ტრაგედიაზე მეტყველებს. მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია ტრაგიკული ისტორიიდან.

1588 წლის 22 ივლისს 130 ხომალდი 2431 ზარბაზნით ესპანეთის პორტ ლა–კორუნადან გავიდა. მათგან 65 გალეონი და სავაჭრო გემი იყო, 25 – სატვირთო – ცხენებით, ჯორებით და პროდუქტით დატვირთული, 32 მცირე ზომის გემი, 4 გალერა და 4 გალეასი. ერთ–ერთი “ქირონი” იყო. გალეასები და გალერები მანევრებისთვის გამოიყენებოდა და ნიჩბებით იყო აღჭურვილი.

ამ ფლოტილიით 27 500 ადამიანი მიცურავდა. ამათგან 16 000 ჯარისკაცი, 8 000 მეზღვაური, 2 000 კატორღელი და მენიჩბე და 1 500 მოხალისე თავგადასავლების მაძიებელი.

კაპიტნებს შორის იყო იმ დროს ერთ–ერთი ყველაზე მამაცი და გამოცდილი დონ ალონსო მარტინეს დე ლეივა. მისი რეპუტაცია იმდენად დიდი იყო, რომ 40 საუკეთესო ესპანური ოჯახიდან შვილები პირადად მას გააყოლეს ინგლისის დასამარცხებლად. მაგრამ გამარჯვება არ მოხდა. კატასტროფა ლა–მანშის სრუტეში განვითარდა. შტორმმა უპირატესობა ინგლისის ფლოტს მისცა და ესპანელების არმადა დაშალა. სამი ათეული გემი ტალღებმა შოტლანდიის და ირლანდიის სანაპიროებთან მიიყვანა. დაზიანებული “ლა–რატა” ერთ–ერთი მათგანი იყო. საშინელი ორი კვირის შემდეგ გემი ირლანდიის დასავლეთით ბლექსოდის ყურისაკენ გაემართა.

“ლა–რატა სანტა–მარია ენკორადა” სწორედ მარტინეს დე ლეივას გემი იყო. ის მეზღვაურებით, იარაღით და საგანძურით ნაპირზე გადავიდა, გემი კი დაწვა.

ამავე ყურეში მეორე გემიც მოხვდა. “ლა–დუკეზა სანტა–ანამ” ბორტზე აიყვანა ხალხი და ისევ ზღვაში გავიდა. მაგრამ მეჩეჩზე შეჯდა და თავდაცვისთვის მზადება დაიწყო ლურგოს მორის ყურესთან.

მზვერავებმა ამბავი მიიტანეს სხვა გემებზეც. მარტინეს დე ლეივა კილიბეგსესკენ გაეშურა, მაგრამ მხოლოდ სამი დაზიანებული გემი იპოვა. მან შეაკეთა ყველაზე კარგად შემორჩენილი გალეასი “ქირონი”. დე ლეივამ გემზე 1300 მეზღვაური და ყველაზე ძვირფასი ნივთები აიტანა. გემი იმდენად გადატვირთული იყო, რომ ესპანეთზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. იმედი შოტლანდიამდე მიღწევა იყო.

შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი კათოლიკე იყო, ამიტომ იმედი იყო, რომ იგი ესპანელებს დაეხმარებოდა. თითქოს მიზანი ახლოს იყო, მაგრამ 26 ოქტომბერს ღამით “ქირონი” კლდეს შეეჯახა და ნაფოტებად დაიშალა.

“ქირონის” ისტორია განსაკუთრებულია. დოკუმენტებში ზუსტად არის აღწერილი, როგორ ჩაიძირა გემი, მაგრამ ადგილმდებარეობაზე არაფერია ნათქვამი. მოხსენიებული არის მხოლოდ ბანბოის კლდეები.

რობერტ სტენუი და ბელგიელი ფოტოგრაფი მარკ ჟასმინსკი ირლანდიაში გაემგზავრნენ 1967 წლის ივნისში.ამ ტერიტორიაზე ბევრი მკვლევარი ყოფილა სწორედ ძველი დოკუმენტების მონაცემებზე დაყრდნობით.

გარშემო სხვა კლდეებიც არის, რომლებიც ძველ რუკაზე აღნიშნული არ არის. აღნიშნული იყო ყურე, რომელსაც ახლაც “ესპანელების ყურეს” – “პორტ ლა ესპანიას” უწოდებენ.

მკვლევარებმა რამდენიმე საათიანი ყვინთვის შემდეგ ქვების გროვასთან რაღაც თეთრი საგანი შენიშნეს. ეს სამფუტიანი ტყვიის ზოდი აღმოჩნდა. მასზე რობერტ სტენუიმ იერუსალიმის 5 ჯვარი შენიშნა. ეს “ქირონის” ადგილმდებარეობის უტყუარი ნიშანი იყო. უფრო ღრმად აღმოჩნდა ჩაძირული ზარბაზანი ესპანური გერბით.

ამ დროისთვის მსოფლიოს არც–ერთ მუზეუმში არ იყო დიდი არმადის არცერთი ზარბაზანი და ჭურვიც კი.ფსკერზე კი ელაგა რამდენიმე ლულა, ტყვიის ზოდები, ჭურვები. მოგვიანებით იპოვეს ღუზა და რამდენიმე ესპანური პესო.

ორი ადამიანი ამდენ ნივთს ვერაფერს მოუხერხებდა, ამიტომ მათ ეს სენსაციური აღმოჩენა საიდუმლოდ შეინახეს. 1968 წლის აპრილში ისინი დაბრუნდნენ “პორტ ლა ესპანიაში” ორ პროფესიონალ ფრანგ მყვინთავთან ერთად. ექსპედიციის სპონსორი ანრი დელოზი იყო მარსელიდან. მყვინთავებმა იპოვეს ოქროს მედალიონები, ვერცხლის ჯვარცმა და მონეტები. როცა ფსკერიდან ზარბაზანი ამოიღეს საიდუმლო ყველასათვის ცნობილი გახდა. აღმოჩენა ყველა გაზეთმა და ტელე–რადიო არხმა გააშუქა. ტერიტორიას უამრავი ოქროს მაძიებელი მოაწყდა, მაგრამ პრობლემა მალე მოგვარდა.

ჩაძირული საგანძური ზღვის ფსკერზე უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გაფანტული. მათ თითოეული სანტიმეტრი შეისწავლეს და 5 თვის განმავლობაში ამოჰქონდათ წყლიდან უნიკალური ნივთები.

მეცნიერებმა დღის შუქი მოჰფინეს საიდუმლოს, რომელსაც ზღვა თითქმის 400 წელი ინახავდა.

12344

22222

3333

4444

5555

6666

7777

8888

Leave a comment

Your email address will not be published.


*