არქეოლოგებმა იპოვეს ალექსანდრე მაკედონელის მამის სამარხი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძვლები, მუხლის სახსრის ტრავმის კვალით. ამან მათ მისცა საშუალება, ზუსტად განესაზღვრათ ფილიპე II–ის დაკრზალვის ადგილი.

როდესაც 1970–იან წლებში ცენტრალურ მაკედონიაში ბერძნულ ქალაქ ვერგინასთან ახლოს მეცნიერებმა საფლავები აღმოაჩინეს, მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს იყო სამეფო აკლდამა. გასარკვევი იყო მხოლოდ ის, თუ რომელი საფლავი ვის ეკუთვნოდა. პირველ სამარხში ნაპოვნი ძვლების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მესამე მიჩნეული იყო ალექსანდრე მაკედონელის ვაჟის საფლავად, ხოლო მეორე – ალექსანდრეს მამის, ფილიპეს და მისი ცოლის კლეოპატრას სამარხად. ამასთან, იყო მეორე მოსაზრებაც: კრემირებული ნაშთები შეიძლება ყოფილიყო ფილიპე III-ის და ევრიდიპესი. დებატები დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ დამტკიცებული საბუთები არც ერთ მხარეს არ ჰქონდა.

თრაკიის დემოკრიტეს სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერმა ანტონის ბარსტიოკასმა პირველი საფლავის შესწავლა გადაწყვიტა. მისი შრომა გამოქვეყნებულია ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.

თავის კოლეგებთან ერთად მან დაადგინა, რომ საფლავში სამი ადამიანია დაკრძალული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც იმ დროისთვის ძალიან მაღალი – 180 სმ–ის სიმაღლის იყო. მასთან ერთად დაკრძალული იყო 18 წლის გოგონა და ახალშობილი ჩვილი. ეს აღწერილობა ემთხვევა ფელიპე II–ის ოჯახის აღწერილობას. მამაკაცის ძვლების ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა მუხლის სახსრის ტრავმა და ჭრილობა ბარძაყში. არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, ფელიპე II-მ ამ ტიპის ჭრილობა მიიღო ბრძოლაში, ძვ. წ. 345 წელს.

ძვლების დაწვრილებითმა შესწავლამ შესაძლებელი გახადა მაკედონელი მეფის საფლავის ზუსტი ადგილის განსაზღვრა.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*