არქტიკაში ნაპოვნია გიგანტური ფრთოსანი ვეგეტარიანელების ნაშთები

კანადის კუნძულ ელსმირზე აღმოაჩინეს უძველესი ფრინველების ორი სახეობის ნამარხი ნაშთები: თანამედროვე ბატების წინაპრის და სამმეტრიანი გიგანტის – გასტორნისის.

cbcf451298a9d545d30e390b05a968f8

პრესბიორნისი

აღმოჩენა XX საუკუნის 70–იან წლებში მოხდა, მაგრამ მათი შესწავლა პალეონტოლოგებმა სულ ახლახანს დაიწყეს. მეცნიერებს სულ რამდენიმე ძვალი ჩაუვარდათ ხელში, თუმცა დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით მათ ამოიცნეს გასტორნისი (Gastornis) და პრესბიორნისი (Presbyornis).

გასტორნისი მსხვილი გადაშენებული არამფრენი ფრინველია. 56–41 მილიონი წლის წინ, პალეოცენის და ეოცენის ხანაში ბინადრობდა. ეს ფრინველები სიმაღლეში 2–3 მეტრს აღწევდნენ და 100 კილოგრამს იწონიდნენ. ისინი არ დაფრინავდნენ, თუმცა კარგად დარბოდნენ. გასტორნისს ჰქონდა დიდი ნისკარტი, რომლითაც ძვლებს ამტვრევდნენ. მეცნიერები მათ ადრე მტაცებლებს ან ლეშისმჭამელებს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ დადგინდა, რომ გასტორნისი მცენარეებით იკვებებოდა, ნისკარტით კი ფესვებს თხრიდა.

პრესბიორნისი – გადაშენებული ბატისმაგვარი ფრინველია. ისინი მცირე ზომის იყვნენ და ტბებთან ახლოს კოლონიებად ცხოვრობდნენ. მათი განიერი და ბრტყელი ნისკარტები წყლის გასაფილტრად, მცენარეებით და პატარა ცხოველებით საკვებად გამოიყენებოდა, ისე, როგორც თანამედროვე მდინარის იხვები აკეთებენ.

ორივე ფრინველი ადრეც ცნობილი იყო მეცნიერებისთვის. მათი ნაშთები ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი იყო, მაგრამ ისინი ასე შორს, ჩრდილოეთით არასდროს უპოვიათ. მილიონი წლების წინ არქტიკაში კლიმატი ასეთი მკაცრი არ იყო, როგორც ეს დღეს არის. აქ ისინი ცხოვრებას კარგად შეძლებდნენ, მაგრამ ერთი რამ არის გაურკვეველი: გასტორნისი და პრესბიორნისი როგორ ეგუებოდნენ პოლარულ ღამეს და გრძელ ნათელ დღეს. შესაძლოა ისინი მიგრირებდნენ, მაგრამ ეს ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*