ასპინძის ბრძოლა

ქართველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როცა რუსეთის ჯარები უკან გაბრუნდნენ, ახალციხის ფაშას უკვე შეეძლო, ერეკლესთვის შეეტია. მეფემ ასპინძის მიმართულებით დაძრა ლაშქარი. ფაშამ მისთვის გზის მოჭრა განიზრახა და აქ მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ერთდროულად გამოჩნდა ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭიც და ქართველი მხედრების ძალა და მამაცობაც. სასტკ ბრძოლაში მტერი ერთიანად განადგურდა, მათი სისხლით მტკვარი წითლად შეიღება.

Catherine_II_by_J.B.Lampi_(1780s,_Kunsthistorisches_Museum)

იმპერატორი ეკატერინე II

ეს ბრძოლა 1770 წლის 20 აპრილს მოხდა. ქართველები გამარჯვებას ზეიმობდნენ, თუმცა ძირითადი ამოცანა – სამცხე–საათაბაგოს დაკავება, მიუღწეველი დარჩა. მაგრამ ქართველთა სირთულეები ამით არ დასრულებულა. ტოტლებენმა, რომელმაც ქართული ჯარის მიმართ არაერთხელ მოღალატური საქციელი ჩაიდინა, ეტყობა, თავისი საქციელის გასამართლებლად, ერეკლეს საწინააღმდეგო მოქმედება დაიწყო და მისი ტახტიდან გადაყენებაც კი დააპირა, ამასთან, მოსახლეობის რუსეთის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ერეკლესადმი ოპოზიციურად განწყობილ თავადებს დაუკავშირდა და მეფის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა შესთავაზა.

ერეკლემ სწრაფი, ენერგიული მოქმედებით აღკვეთა ახირებული გენერლის ავანტიურა, მაგრამ მისთვის ნათელი გახდა რუსეთის ხელისუფლების განწყობა, რომელმაც კი არ დაგმო, თითქმის მოიწონა გენერლის საქციელი.

ტოტლებენის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნილ რუსის ჯარების სარდალს, გენერალ სუხოტინს კი სხვა მითითებებთან ერთად ისიც დაავალეს, რომ გაეგრძელებინა მოსახლეობის რუსეთის ერთგულებაზე დაფიცება.

რუსეთ–თურქეთის ომი კი დასასრულს უახლოვდებოდა. ამ ომის დროს მოკავშირეთაგან კავკასიაში ვერც ერთმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. რუსეთმა კავკასიის ფრონტზე ვერ შეძლო თურქეთისათვის რაიმე ზიანის მიყენება, ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასადაც კი. თურქეთს კი მისი მოსისხლე მტრობის საფუძველი მისცა. სოლომონმა გაათავისუფლა იმერეთის ციხეები, მაგრამ კი არ გაამაგრა ისინი, არამედ დაანგრია, რათა კვლავ თურქებს არ ჩაეგდოთ ხელთ. მან ასე თუ ისე მოაგვარა ურთიერთობა გურიელთან, მაგრამ გადაუჭრელი რჩებოდა დადიანის, სამეგრელოს საკითხი.

ყველაზე დიდი სირთულე მაინც ქართლ–კახეთის მეფეს შეექმნა. ერეკლემ არათუ ახალციხის შემოერთება ვერ შეძლო, არამედ ყველა მეზობელი მოიმდურა: სოლომონისთვის არ შეიძლება ცნობილი არ ყოფილიყო მისი სამეფოს მიმართ ერეკლეს განზრახვები. ერეკლემ ირანიც მოიმდურა, რადგან არაფრად ჩააგდო მისი თხოვნა, არ მიეღო მანაწილეობა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებაში და სხვა. შექმნილ ვითარებაში ერთადერთ იმედად “მფარველი და მოკავშიე” საიმპერატორო კარი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ქართლ–კახეთის მეფეს მასთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა. მან ძალიან კარგად იცოდა რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ, რაც ტოტლებენტან ურთიერთობაში გამოიკვეთა.

ასეთ ვითარებაში ქართლ–კახეთის პოლიტიკოსებმა გადადგეს ნაბიჯი, რომელიც საიმპერატორო კარზე “უცნაურად” და “სრულიად არადროულად” შეაფასეს. 1771 წელს ანტონ კათალიკოსის და ლევან ბატონიშვილის მეთაურობით რუსეთში გაგზავნეს ელჩობა, რომელიც საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლის წინადადებას აყენებდა. ამასთან ისეთი პირობებით, რომ იგი თითქმის ქვეშევრდომობის სტატუსს უტოლდებოდა. რუსეთის დიპლომატიამ ამაზე უარი განაცხადა.

ქართველების ამ საქციელს თუ გავაანალიზებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს იყო მეტად გონივრული და მოხერხებული ნაბიჯი. ერეკლემ თავიდანვე იცოდა, რომ შეთავაზებაზე უარყოფით პასუხს მიიღებდა, რადგან, რუსი დიპლომატიის ენითრომ ვთქვათ, ეს იყო “სრულიად არადროული”.

180px-ბატონიშვილი_იულონი_(1760-1816)

იულონ ბატონიშვილი

რუსეთი, რომელმაც მანამდე რუსეთ–თურქეთის მძიმე ომი გადაიტანა, გახარებული და კმაყოფილი იყო მისი დამთავრებით და შედეგებით. ქართლ–კახეთის ქვეშევრდომობაში მიღება მას თურქეთთან ახალ ომს მოახვევდა თავს, ეს მას არ შეეძლო და, კაცმა რომ თქვას, არც უნდოდა, თუ მის გამჟღავნებულ საბოლოო მიზნებს გავითვალისწინებთ. ამ ელჩობით ერეკლემ ქართლ–კახეთისადმი რუსეთის იმდროინდელი მიზნები და განწყობა გაარკვია და დაადგინა, რომ იმ მომენტში მას ამ მხრიდან არავიტარი საფრთხე არ ემუქრებოდა.

მალე ამის შემდეგ რუსეთ–თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ამბავიც შეიტყვეს. მართალია, ამ ხელშეკრულებაში ერეკლეს ინტერესები უშუალოდ გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ წამხდარ საქმეზე ისიც დიდი შვება იყო, რომ ქუჩუკ–კაინარჯის ზავის XVIII მუხლი მას საშუალებას აძლევდა, თურქეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში ნათქვამი იყო, რომ ,,…ბრწყინვალე პორტა თავის მხრივ ვალდებულებას კისრულობს, პირველი არტიკულის შინაარსის მსგავსად, მისცეს პატიება ყველა იმას, ვინც ამ მხარეში ომის მსვლელობაში იგი შეურაცხყო”. ამგვარ შეურაცხმყოფელთა შორის ერეკლეც იგულისხმებოდა, მაგრამ მოტანილი მუხლის შესაბამისად იგი ამნისტირებული იყო.

ამ ხანებში არც იმერეთის მეფის მდგომარეობა იყო უზრუნველყოფილი: სოლომონისთვის აშკარა გახდა ქართლ–კახეთის მეფის გეგმები იმერეთის მიმართ. ამასთან, დალაგებული მდგომარეობა არც საკუთარ ქვეშევრდომ სამთავროებთან ჰქონდა. ამას ისიც დაემატა, რომ მას საკუთარი ძმები, კათალიკოსი მაქსიმე და არჩილ ბატონიშვილი, აეშალნენ. ყველაფერმა ამან იმერეთის მეფეც დათმობების ხასიათზე დააყენა და მან კაპიტან ლვოვს, რომელიც რუსებმა იმერეთში თავისი პოლიტიკის გამტარებლად დატოვეს, ერეკლესთან შერიგება სთხოვა. 1773 წელს ამგვარი შერიგება მოხდა, რაც ორივე სამეფოს მდგომარეობის დასაწყნარებლად მეტად სასარგებლო იყო.

ერეკლეს არც ირანთან გასჭირვებია ურთიერთობის დალაგება. პოლიტიკური ხელისუფლების სისუსტე და მოსალოდნელი შინააშლილობის შიში ქერიმ ხანს ამიერკავკასიის საქმეებში ლოიალობის გამოჩენას კარნახობდა.

ამრიგად რუსეთ–თურქეთის ომმა არსებითად ვერ შეცვალა ძალთა განლაგება და მონაწილეთა პოლიტიკური და სტრატეგიული მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*