აუღებელი ფორტი ბოურტანგე

ფორტი ბოურტანგე, ჰოლანდიურად Vesting Bourtange, მდებარეობს ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენთან, ამავე სახელწოდების სოფელში. ის 1593 წელს ვილჰელმ ორანელის (ვილჰელმ I ჩუმის) ბრძანებით ააგეს. ფორტის ამოცანა იყო გრონინგენსა და გერმანულ საგრაფოებს შორის არსებული ერთადერთი გზის დაცვა.

ნიდერლანდების რევოლუცია – იგივე ნიდერლანდების დამოუკიდებლობისთვის ომი, ანუ ოთხმოცწლიანი ომი – 1568-1648 წლებში მიმდინარეობდა ესპანეთის სამეფოსა და აჯანყებულ ჩრდილოეთნიდერლანდურ პროვინციებს შორის. ომის დაწყებისას ესპანეთში ფილიპე II ჰაბსბურგი მეფობდა, ხოლო აჯანყებულებს მეთაურობდა ნიდერლანდების შტატჰალტერი (სტადჰაუდერი), ორანის პრინცი და ნასაუს გრაფი – ვილჰელმი.

ესპანელები აკონტროლებდნენ გრონინგენსა და გერმანული მიწებისკენ გასასვლელს ჭაობიან მხარეში. აჯანყების მოთავეს აუცილებლად მიაჩნდა გრონინგენსა და გერმანიას შორის მიმოსვლაზე კონტროლის დამყარება. ამ ამოცანის შესასრულებლად, ვილჰელმ ორანელის ბრძანებით, სოფელ ბოურტანგესთან ფორტი ააგეს. არქიტექტორებმა და მშენებლებმა ადგილზე არსებული ტბები და არხები თხრილებისთვის გამოიყენეს. ფორტს ესპანურმა ჯარებმა მალევე შემოარტყეს ალყა, თუმცა იერიშები უშედეგო აღმოჩნდა.

ნიდერლანდელებმა ესპანელებისგან განთავისუფლებულ მიწებზე ააშენეს მრავალ გარნიზონიანი ფორტი, სიმაგრე და თხრილი. მათ შორის იყო ბოურტანგე, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებდა როგორც ესპანელთა ჯარებისგან, ისე გერმანელთა აგრესიისგან თავდაცვის საქმეში.

1672 წელს ფორტ ბოურტანგეს ალყა შემოარტყეს მიუნსტერის პრინც-ეპისკოპოსის ჯარებმა, რომელიც საფრანგეთის მოკავშირე იყო საფრანგეთ-ჰოლანდიის ომში. ნიდერლანდების ჩრდილოეთში 18 ქალაქის აღების შემდეგ მათ ფორტს დანებება მოსთხოვეს. ფორტის გუბერნატორმა, კაპიტანმა პროტსმა უარი განაცხადა და გერმანელებმა ფორტზე ფრონტალური იერიში მიიტანეს, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ფორტი ბოურტანგე აუღებელი დარჩა. ამის შემდეგ ის გერმანიის საზღვართან მოქმედი თავდაცვითი ქსელის ნაწილს წარმოადგენდა.

1851 წელს ფორტი ჩვეულებრივი სოფელი გახდა და თანდათან დაკნინდა. მისი აღდგენა და ისტორიულ მუზეუმად გადაქცევა მხოლოდ საუკუნის შემდეგ, 1960 წელს გადაწყვიტა ადგილობრივმა მთავრობამ. ბოურტანგე 1740-1750 წლების შესატყვისად აღადგინეს. ამან კვეთრად გაზარდა ტურისტების ინტერესი და ადგილობრივთა შემოსავალი, და ეს ინტერესი დღემდე არ შენელებულა.

1280px-Bourtange_03

800px-Bourtange,_Netherlands

brug bourtange 1

2013-04_vesting_bourtange_16

depositphotos_12726770-stock-photo-canon-at-fortress-bourtange

Leave a comment

Your email address will not be published.


*