აფეთქება, რომელიც 180 წელია გრძელდება: ჰაბლის ახალი ფოტო

ეს კოსმოსური ფეიერვერკი 7500 წლის წინ მოხდა. ჩვენ მას მთელი სილამაზით ახლა ვაკვირდებით.

მნათობი, სახელად ეტა (η Car, η Carinae) – ორი უზარმაზარი ვარსკვლავის წყვილია. ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ ბრუნავენ, ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე. ასეთი კოლოსალური დაშორების მიუხედავად, 1843 წლის მარტში ეს ყველაზე კაშკაშა ობიექტი იყო და ღამის ცაზე მოსჩანდა მთვარისა და სირიუსის შემდეგ. სიკაშკაშის ამ მატებას “დიდი გამონათება” შეარქვეს.

ამის შემდეგ მან ნელ–ნელა გაფერმკრთალება დაიწყო, ხოლო 1870 წლისთვის ის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი გახდა.

ამის შემდგომ – 1998–1999 წლებში ახალი გამონათება დაფიქსირდა.

დაკვირვებამ და გამოთვლებმა აჩვენა, რომ პირველი “აფეთქების” დროს მისი მასა 150–250 მზის მასის ტოლი იყო. შემდგომ მან მასა დაიკლო: მთავარი ვარსკვლავის მასა შეფასებულია, როგორც 100–120 მზის მასა, ხოლო მომცრო ვარსკვლავის – როგორც 30–60 მზის მასა.

სახელგანთქმული “ჰაბლის” გაშვების მომენტიდან, სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან ამ ციურ სხეულს. ცოტა ხნის წინ ორბიტალური ტელესკოპის კამერამ “კოსმოსური ფეიერვერკი” დააფიქსირა. ეს ულამაზესი სანახაობა ულტრაიისფერ დიაპაზონშია გადაღებული: მან მაგნიუმის მკვეთრი ნათება დააფიქსირა, რომელიც ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი გავარვარებული გაზის შემადგენლობაში შედის.

გამოტყორცნილი გაზების დიდი რაოდენობა ორ ვარსკვლავს შორის სივრცეში იფანტება. გაზი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოხვდებოდა კოსმოსში “დიდი გამონათების” დროს. ის გავრცელებას აგრძელებს და ციურ სხეულს უფრო და უფრო შორდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*