აფრიკის ნაკრძალში აღმოჩენილია დაკარგული ქალაქი

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის არქეოლოგები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ სუიკერბოსრანდის ნაკრძალის ტერიტორიას. მათ გათხარეს რამდენიმე უძველესი ნაგებობის ნანგრევები. ძველი დასახლების სრული მასშტაბის დანახვა კი მხოლოდ ახლახანს გახდა შესაძლებელი ლიდარის საშუალებით.

აპარატის მუშაობის პრინციპი რადარისას ჰგავს, მხოლოდ რადიოტალღების ნაცვლად სინათლის სხივებს უშვებს. მათი არეკვლის მიხედვით შესაძლებელია თვალით უხილავი ობიექტების რუკის შედგენა. ლიდარის გამოყენება შედარებით ახლა დაიწყეს და უკვე გაკეთდა დიდი აღმოჩენა გვატემალაში – არქეოლოგებისთვის კარგად ნაცნობ ტერიტორიაზე მიწისქვეშ 60 000 უძველესი ნაგებობა აღმოაჩინეს.

სამხრეთ აფრიკაში თანამედროვე ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე XV საუკუნეში ქალაქი კვენენგი მდებარეობდა, სადაც 20 კვადრატული კილომეტრის ფართობზე დაახლოებით 850 შენობა იყო. ცენტრში მასიური შემოღობილი ადგილი იყო, სავარაუდოდ მსხვილფეხა საქონლისთვის. ასევე ნაპოვნი იქნა რამდენიმე წყვილი პარალელური კედელი. როგორც ჩანს, ამ გზებით ცხოველები გადაჰყავდათ ქალაქიდან.

კვენენგში ტსვანას ხალხი ცხოვრობდა. დღეს ეს ხალხი ბოტსვანაში, ნამიბიაში, ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკის რამდენიმე რაიონში ცხოვრობს.

ძველ დროში თითოეულ ოჯახში არა მარტო ბევრი შვილი, არამედ რამდენიმე ცოლიც ჰყავდათ. რამდენი სახლი იყო საცხოვრებელი ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ გამოთვლების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 10 000 ადამიანს შეადგენდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ კვენენგიც ისევე როგორც ამ რეგიონის სხვა დასახლებული პუნქტებიც, შინაომების შედეგად განადგურდა დაახლოებით 1820–იან წლებში.

ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია აფრიკის სამხრეთის ისტორიაში თეთრი ლაქების შესავსებად, რადგან აქ პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი წერილობითი არტეფაქტები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*