აღა მაჰმად ხანის თავდასხმა საქართველოზე

Mohammad_Khan_Qajar

აღა მაჰმად ხანი

როდესაც ქართლ–კახეთის და იმერეთის გაერთიანებაზე უარის თქმის არგუმენტად ერეკლემ ის მოიყვანა, რომ “მტერი მადგას კარსო”, ის აღა მაჰმად ხანს გულისხმობდა, რომელიც იმ ხანებში ირანის ტახტისკენ მიიწევდა. მისგან მოსალოდნელი საფრთხე ერეკლემ ადრევე განჭვრიტა. როგორც კი საშიშროების მოახლოება იგრძნო, მაშინვე რუსეთს მიმართა, მაგრამ იქ ყურიც არავინ გაიბერტყა.

ამასობაში ქართლ–კახეთის მეფის საშინაო მდგომარეობა დამძიმდა.

1791 წელს ერეკლემ შეადგინა დოკუმენტი, რომელსაც ანდერძის მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ დოკუმენტით მთელი სამეფო საუფლისწულოებად იყოფოდა და ბატონიშვილებზე ნაწილდებოდა.

მეორე მხრივ, ქართლ–კახეთის მეფემ შეცვალა მემკვიდრეობის წესი, რომლის მიხედვითაც მეფობა მამიდან შვილზე კი არ გადადიოდა, არამედ გვარში უფროსზე, ანუ თუ ერეკლეს შემდეგ ტახტს გიორგი დაიკავებდა, იგი მას უფროს ვაჟს კი არ გადასცემდა, არამედ თავის მომდევნო ძმას იულონს და ა. შ.

ქვეყნის საუფლისწულოებად დაყოფამ ბატონიშვილებს შორის ქიშპი რამდენადმე შეასუსტა, მაგრამ ყველა მაინც უკმაყოფილო იყო.

ტახტის მემკვიდრეობის კანონმა მეფეს უფროსი ვაჟი კიდევ უფრო დაუპირისპირა.

იმავე ხანებში (1791 წელს) ერეკლემ ბრძანება გამოსცა მორიგე ჯარის აღდგენის შესახებ, მაგრამ არეულ ქვეყანაში ამ საქმის თავის მომბმელი არავინ იყო.

უკმაყოფილება მარტო ბატონიშვილებში არ იყო. იგი ქვეყნის ყველა ფენებში სუფევდა.

მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით. რუსული ორიენტაციის მომხრეები თანდათან შემცირდნენ. ამდენმა ვერაგობებმა და ცრუ დაპირებებმა შედეგი გამოიღო. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აშკარა იყო ქართულ მმართველ წრეებში. ჩამოყალიბდა ქვეყნის მაღალი ფენების წარმომადგენელთაგან შემდგარი ანტირუსული დასი, რომლის სათავეში დარეჯან დედოფალი მოჩანს. თუმცა ქართლ–კახეთის მეფე და მისი უახლოესი თანამებრძოლები რუსეთის იმედს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ მოსალოდნელი დიდი უბედურების წინ ერეკლე მეფის მდგომარეობა სასურველ სიმტკიცეს მოკლებული იყო.

დღეს თუ ხვალ აღა მაჰმად ხანის თავდასხმა უეჭველად ჩანდა. საქართველოს ოფიციალური მფარველი და დამცველი იმ საშიშროებას თითქოს ვერ ხედავდა, მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდა. ფარულად კიდეც აქეზებდა თავდამსხმელს.

თანამედროვე რუს მკვლევართა შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აშკარად აცხადებენ, რომ რუსეთს აღა მაჰმად ხანის შემოსევისგან საქართველოს დაცვა არ სურდა, რადგან მასზე განაწყენებული იყოო.

Battle_of_Krtsanisi,_1795

კრწანისის ბრძოლა

ქართლ–კახეთის მეფე გარსევან ჭავჭავაძის და მირიან ბატონიშვილის მეშვეობით, რომელნიც პეტერბურგში იმყოფებოდნენ, აღას მოძრაობის თაობაზე სისტემატურად საქმის კურსში აყენებდა საიმპერატორო კარს. დახმარებას და სპარსეთის შაჰზე ზეგავლენის მოხდენას თხოვდა. მირიან ბატონიშვილის ენერგიული მოქმედების და საქართველოსთვის დახმარების არაერთი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კავკასიის ხაზის უფროსმა, გუდოვიჩმა, გააფრთხილა აღა მაჰმად ხანი, რომ საქართველოზე თავდასხმა არ განეხორციელებინა, მაგრამ ეს გაფრთხილება, თვით რუსი ისტორიკოსის, ბუტკოვის სიტყვით, ისეთი ტონით იყო გაკეთებული, რომ მან თავდასხმის აღკვეთა კი არა, მისი პროვოცირება გამოიწვია. ფაქტი ნათელია, ქართველებს სურდათ რუსეთის ძალით თუ დიპლომატიური გზით შეეჩერებინათ სპარსელთა მოსალოდნელი თავდასხმა, რუსეთი კი ამ თვალსაზრისთ არაფერს აკეთებდა, არა იმიტომ, რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ სურდა, არ აწყობდა. ახლა ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთი, რომლის მმართველ წრეებში საქართველოს ინკორპორაციის საკითხი მომწიფებული იყო, დაინტერესებული იქნებოდა აღას შემოსევით, რაც საქართველოს უფრო მეტ დაუძლურებას გამოიწვევდა, რითაც მის ოკუპაციას გააადვილებდა.

ერეკლეს კი არსებული რეალობის შეგუება არფრით არ სურდა და რუსთაგან დახმარების მიღების მცდელობას განაგრძობდა. როცა აქედან ყოველგვარი იმედი გადაეწურა, ქართლ–კახეთის მეფემ თავი დაიმცირა და თურქეთიდან სცადა ძალების მიღება, შემდეგ ავსტრიას მიმართა, მაგრამ აქაც უშედეგოდ.

როცა დახმარების თხოვნაზე ამ გაუთავებელ მიმოწერას ეცნობი, შეიძლება კაცს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ თვითონ ქართველები თავდაცვისათვის არაფერს აკეთებდნენ.

ეს შეხედულება მცდარია.

უკვე 1791 წელს, ანუ როდესაც მტრის თავდასხმა რეალური გახდა, მეფემ გამოსცა ბრძანება მორიგე ჯარის განახლების შესახებ, იმავე დროს, იგი ზრუნავდა არტილერიის პარკის მოწესრიგებაზე. მთელ სამეფოში მიმდინარეობდა სრულწლოვანი მამაკაცების აღრიცხვა, რომელთა გამოყვანა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ჩანდა. ანგარიშით გამოდიოდა, რომ ერეკლეს სხვადასხვა რეგიონებიდან 56 000 მებრძოლის მიღება შეეძლო. ამას ემატებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში დაქირავებული მებრძოლები.

მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა.

როგორც ჩანს, თავდასმის წინა ხანებში საქართველოში დიდი მუშაობა ჩატარდა საფორტიფიკაციო ნაგებობების მოსაწყობად. ამის გამო ომის მსვლელობაში მტერს რამდენიმე ეშელონად მოწყობილი გამაგრების გადალახვა უხდებოდა. ცხადია, ერეკლეს ძალისხმევით თბილისის მისადგომებთან მნიშვნელოვანი სანგრები მოეწყო.

მოხუცი მეფე მუხლჩაუხრელად იღწვოდა თავდაცვის ორგანიზებისათვის, მაგრამ იგი ფაქტობრივად მარტო დარჩა. მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი ჯარით ქიზიყში იდგა და არ იძროდა. ძნელი გასარკვევია მისი მხრიდან ამ საქციელის ახსნა. თვითონ თითქოს იმას იმიზეზებდა, რომ კახეთს დაუცველს ვერ მივატოვებო, რამდენად გულწრფელი იყო მისი არგუმენტი, როცა ქვეყანა იქცეოდა, ძნელი სათქმელია. ის კი ვიცით, რომ მისდამი მეფის დამოკიდებულების გამო, იგი განაწყენებული იყო. უფრო გვიან, როცა ერეკლე ცოცხალი აღარ იყო, რუსეთთან საქართველოს კავშირის თაობაზე მიმოწერაში, იგი აღნიშნავდა, რომ ამ დამოკიდებულებაში იგი უფრო მჭიდრო კავშირს ესწრაფოდა, მაგრამ ვიდრე მამამისი ცოცხალი იყო, ამის საშუალება არ ჰქონდა.

მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მაგრამ გაუტეხელი და შეუპოვარი მოხუცი მეფე იხტიბარს არ იტეხდამტერთან სამკვდრო სასიცოცხლოდ დასახვედრად ემზადებოდა.

საქართველოს მთავარ ქალაქში რომ ათასი ურჯულო მხტოვარი, მოღალატე მტერი თუ გარეწარი დაძრწოდა და მის განადგურებას ესწრაფოდა, ეს გასაგებია, მაგრამ მოღალატეები ხელისუფალთა დაახლოებულ წრეებშიც არაერთი იყო: სოლომონ II-სთან მოწვეულ თათბირზე, სადაც ქართლ–კახეთისათვის ლაშქრით დახმარების საკითხი იხილებოდა, საგანგებოდ წაუკითხავთ ზაქარია ანდრონიკაშვილის წერილი: “მეფე ერეკლეს მოღალატეები გაუჩნდნენ, აქ ხელს უშლიან. გააფრთხილეთ სოლომონ მეფე, ამ პირით ხელი მანდაც არ მიაწვდინონ და საქართველო არ დაიღუპოსო”.

Tbilisi(4)

ერეკლე II-ის ხმალი

ალექსანდრე ორბელიანის ცნობით: “მეფე ერეკლეს მტრები მთელ საქართველოში ჩუმად დაწანწალებდნენ და ხალხს აშინებდნენ: აღა მაჰმად ხანი ორასი ათასი მეომრით მოდის, გაიხიზნეთ, თორემ სუყველას წაგლეკავთო”.

ყოველივე ამის შედეგად აღა მაჰმად ხანის 45 000–იანი ლაშქრის წინააღმდეგ ერეკლემნავარაუდევი 56 000 მებრძოლის ნაცვლად ომის დასაწყისისთვის 5 000 მოლაშქრეს მოუყარა თავი, რომელთაგან 3 000 იმერელი იყო.

აღა მაჰმად ხანმა 1795 წლის ზაფხულში ჯარების შეკრება დაამთავრა. მის მიზანს აზერბაიჯანული სახანოების დამორჩილება და საქართველოს დაპყრობა შეადგენდა.

ერეკლე საპასუხო მზადებაში იყო. ამდენი გაუთვალისწინებელი დაბრკოლების შემდეგ, მას კიდევ ერთი მოულოდნელი დარტყმა ელოდა: მისმა მოხარკემ, განჯის გამგებელმა, ჯავად ხანმა, ერეკლეს უღალატა, აღას ლაშქარს არეზის ნაპირას შეხვდა და ყარაბაღში მიაცილა. ეს თითქოს პასუხი იყო ერეკლესა და შუშის ჯავად ხანის კავშირზე. ეს კავშირი თავისთავად მერყევად განწყობილ ყარაბაღელ მელიქებსა და აზერბაიჯანელ სომხებსაც უძლიერებდნენ ერეკლეს საწინააღმდეგო განწყობას. ეს განწყობა თბილისელ სომხებსაც გადაედო და მათი ნაწილის რენეგატული სულისკვეთება გააძლიერა. მეხუთე კოლონის საკითხი რეალური გახდა.

ერთი სიტყვით, მრავალჭირნახულ პატარა კახს ყოველმხრივ მოეჭრა გზა. ერთადერთი ნათელი სხივი, რომელიც იმედის ნაპერწკალს უღვივებდა, მისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II იყო, თუმცა შეფერხება აქაც ვერ იქნა აცილებული, როგორც აღინიშნა, შიდა გართულებების გამო, მან თავის პაპას ნავარაუდევი 8–10 ათასის ნაცვლად 5 000–იანი ლაშქარი მიაშველა, რომლის ნაწილი ქართლში დარჩა, ქალაქში მხოლოდ 3 000 შემოიყვანეს.

თბილისში შუშის ერევნის დასამორჩილებლად გამოგზავნილ სპარსელთა 8 ათასიან ლაშქარს ვიწროებში ალექსანდრე ბადონიშვილის და დუშელთა გაერთიანებული რაზმი დახვდა და სასტიკად დაამარცხა.

4 აგვისტოს არამ არაქსი გადმოლახა და სამი მიმართულებით წამოვიდა (ბაქო–ყუბის, ერევნის და შუშის). შუშის მიუვალ ციხესთან საჭურისი ერთ თვეს დაყოვნდა, აქედან ერეკლესთან მოლაპარაკება სცადა და მორჩილების შემთხვევაში ყველა ძველი პრივილეგიის აღდგენას შეჰპირდა. ერეკლემ ერთხანს პასუხი დააყოვნა (რუსეთიდან დაპირებული რაზმის მოსწრების იმედი ჰქონდა), ბოლოს უარი შეუთვალა. აქვე ავღნიშნავთ, რომ კავკასიის ხაზიდან რაზმის გამოგზავნის დაპირება მორიგი რუსული ბლეფი აღმოჩნდა. იგი მაშინ შემოვიდა, როდესაც სპარსელთა ლაშქარს თავისი ბოროტი საქმე დასრულებული ჰქონდა და უკან გაბრუნებული იყო.

300-aragveli-gr

300 არაგველი

იმისთვის, რომ მტრის მოძრაობა შეეფერხებინა, ერეკლემ გადაწყვიტა, ყაზახისთვის შეეტია. მის გეგმაში შედიოდა აგრეთვე ელების საქართველოში ჩამოსახლება, რომლებიც ყოჩაღი მეომრები იყვნენ. მან განზრახვა განახორციელა, ელები ოჯახებით აყარა, რათა სამეფოში გადმოეყვანა. მაგრამ აქ მოხდა კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მოღალატური ფაქტი: 9 სექტემბერს ყაზახიდან მომავალ ელებს რევაზ ანდრონიკაშვილის მეთაურობით თავს დაესხნენ ქიზიყელი მეომრები, მთლიანად გაძარცვეს, საქონელი მოსტაცეს და ქიზიყში გაბრუნდნენ. ამ მუხანათური ღალატის შემდეგ  ერეკლემ ყაზახში შესვლა ვეღარ გაბედა.

ერთი თვის ალყის შემდეგ აღამ შუშის ციხე დატოვა და 35 000–იანი მსუბუქად შეიარაღებული ლაშქრით (თოფები, ზამბურაკები) საქართველოსკენ წამოვიდა. ეს ცნობა ერეკლემ 4 სექტემბერს გაიგო, ყაზახი მიატოვა და 6 სექტემბერს სოღანლუღში შემოვიდა. მტრის მოწინავე ლაშქარი ფეხდაფეხ მოსდევდა. გატეხილ ხიდთან მდევრებს ქართველთა რაზმმა გადაუღობა გზა და ძირითადი ნაწილის მოსვლამდე შეაჩერა. უთანასწორო ბრძოლაში 50 გმირი ქართველი დაიღუპა.

როცა მტერი თითქმის ქალაქთან იყო მოსული, ერეკლემ ომის სტრატეგიის შესამუშავებლად სამხედრო თათბირი მოიწვია. შეუძლებელია, ისეთ გამოცდილ მეომარს, როგორიც ერეკლე იყო, სტრატეგია აქმდე არ ჰქონოდა შემუშავებული. ჩანს, მის გარკვეულ კორექტირებაზეა საუბარი. მაშასადამე მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც მსგავსი ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოიწვია. ისტორიული ცნობებით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ამ ხანებში მოხდა, ის იყო, რომ 4 სექტემბერს ქართველთა დასახმარებლად რუსეთმა 2 ბატალიონი მხედრობა გამოუშვა. რუსული რაზმის საქმეში ჩარევას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და შეეძლო, რადიკალურად შეეცვალა ომის მსვლელობა (როგორც ავღნიშნეთ, ეს სვლა მოჩვენებითი იყო).

თათბირზე კამათი იმის შესახებ გაიმართა, თუ სად დახვედროდნენ მტერს – ქალაქში თუ მის მისადგომებთან, ღია ადგილზე. დიდი სტრატეგობა არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ როცა შენი ძალები მტრისაზე გაცილებით ნაკლებია, ჯობს, ციხეში გამაგრებულმა აწარმოო ბრძოლა. თათბირმა ეს ჭეშმარიტება არ გაითვალისწინა და ბრძოლის გამართვა ქალაქის მისადგომებთან გადაწყვიტა.

მაშასადამე იყო რაღაც გარემოება, რომელმაც ქართლ–კახეთის მეფე აიძულა, ასეთი “არალოგიკური” გადაწყვეტილება მიეღო. არ არის გამორიცხული, რომ ჩაკეტილ და ალყაშემორტყმულ ქალაქში ერეკლეს ღალატის და”მეხუთე კოლონის” ამოქმედების შიში ჰქონდა. უკვე აღინიშნა, რომ ჭრელი ეთნიკური შემადგენლობის ქალაქში ამგვარი საშიშროება დიდი იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალაქის გმირულ დაცვაში არაერთმა არაქართველმა მიიღო თავგანწირული მონაწილეობა და ტავიც კი შესწირა მას. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილის დელეგაცია ირანის შაჰს საჩუქრებით შეეგება და ერთგულება დაუდასტურა; მტრის ლაშქარში არაერთი სომეხი ჯარისკაცი და ოფიცერი იბრძოდა, მსტოვრებზე და პროვოკატორებზე რომ არაფერი ვთქვათ. მომხდურებს გზის მაჩვენებლად სომხები მოუძღოდნენ. მათ შორის, ყარაბაღელი მელიქები. ასე რომ, შიდა ღალატის საშიშროება გამორიცხული არ ყოფილა.

სპარსელთა ჯარი მდინარე ხრამიდან ორი მიმართულებით გამოემართა; მთავარი 20 000–იანი ნაწილი პირდაპირი გზით სოღანლუღისკენ წამოვიდა, მეორე, შედარებით მცირე და ქვეითი მებრძოლებით დაკომპლექტებული, კუმისზე გავლით შავნაბადას მთის დასავლეთისკენ, საიდანაც ისინი აბანოების მხრიდან პირდაპირ თბილისს წამოადგებოდნენ თავზე. აქ ქართველებს არავითარი საწინააღმდეგო ძალა არ ჰქონდათ გათვალისწინებული და არტილერიის ერთ–ერთი მეთაურის, გაბრიელ მაიორის დაჟინებული მოთხოვნით, 4 (სხვა ცნობით 6) ზარბაზნისგან შემდგარი არტილერია და მის დასაცავად 400 კაციანი რაზმის გამწესება მოხერხდა დავით ბატონიშვილის მეთაურობით.

მტრის შენაერთები, მსუბუქად შეიარაღებულები, სწრაფად მოძრაობდნენ და 9 სექტემბერს სოღანლუღს მოადგნენ და დაბანაკდნენ.

კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი პატარა კახი ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჯარის შემატებას. რაკი გიორგისგან კახეთის ლაშქრის მიღების ყოველგვარი იმედი გადაეწურა, ერეკლემ ცალკეული ფეოდალებისადმი (რეგიონის ხელმძღვანელებისადმი) დაიწყო ბრძანების გაგზავნა ლაშქრის მოშველების თაობაზე. თუ იმერელ მებრძოლებს არ ჩავთვლით, ლაშქარი ფაქტობრივად გაორმაგდა. თუმცა ამას ძალთა შეფარდებაზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ფაქტობრივი ვითარების გასაგებად მაინც მნიშვნელოვანია. ბოლო შეტევისას აღას ჯარი 40 000 კაცისგან შედგებოდა (არსებობს ცნობა, რომ მათი რაოდენობა 80 000 უდრიდა, მაგრამ იგი გადაჭარბებულია), ამაში არ შედიოდნენ ყარაბაღელი მენჯუმ მელიქის და განჯის ჯავად ხანის 2–2 ათასი მებრძოლიც.

ორშაბათს, 10 სექტემბერს, სპარსულმა მოწინავე რაზმებმა ქართველთა ერთ–ერთ გამაგრებულ რაზმა შემოუტიეს. ცხარე ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. მოღალატე მენჯუმ მელიქი პირადად დავით ბატონიშვილმა გამოასალმა სიცოცხლეს.

11 სექტემბერს სპარსელებმა უთენია დაიწყეს მთელი ძალებით შეტევა. მაგრამ რამდენჯერმე უკუიქცნენ დამარცხებულნი.

აბანოს კართან ჩამოსულ მეფეს, რომელსაც მცირე რაზმი ახლდა, მტერი წამოეწია. გაჩაღდა სასტიკი ხელჩართული ომი. მეფის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამ დროს უებრო გმირობა გამოიჩინეს იოანე ბატონიშვილმა და სხვა ვაჟკაცებმა და მეფე ბრძოლის ველს გააშორეს.

ეს უკვე მარცხი იყო.

ულმობელ ბრძოლაში კრწანისის ველზე ზედიზედ ეცემოდნენ სამშობლოს თავშეწირული გმირები: ბრძოლის ველზე დაეცა 300 არაგველი, მთლიანად გაწყდა მემუსიკეთა რაზმი მაჩაბელის ხელმძღვანელობით, სახელოვანი მეზარბაზნეები დავით გურამიშვილი, გაბრიელ არეშიშვილი (მაიორი) და ბევრი სხვა.

72

ერეკლე II-ის საფლავი

მტერი მარტო თბილისით არ დაკმაყოფილებულა, 5 000 მძარცველი შეესია ახლო–მახლო სოფლებს, მაგრამ იქ მოსავერაგებელი ნაკლები იყო, მოსახლეობამ რაღაცის დამალვა მაინც მოახერხა.

მეფემ 300 კაციანი გუნდით მთიულეთისკენ აიღო გეზი. საჭურისმა 4 000 კაციანი რაზმი დაადევნა. ჟინვალთან მათ ერეკლეს დასახმარებლად წამოსული 300 ხევსური გადაეყარა, რომელთაც იქვე საზღვარზე მყოფი შამშადილელი მწყემსები შეუერთდნენ და, სიმცირის მიუხედავად, ისე მამაცურად შეუტიეს დამპყრობლებს, რომ მათ გაქცევით გადაირჩინეს თავი.

1795 წლის 20–21 სექტემბერს მტრის ლაშქრის გადარჩენილმა ნაწილმა უამრავი ნადავლით და 15 000–მდე ტყვით საქართველო დატოვა.

1797 წლის ივლისში ქართველი ხალხის უსაყვარლესი წინამძღოლი, რკინისებური ჯანმრთელობით და უშრეტი ენერგიით 54 წლის განმავლობაში არწივივით რომ დასტრიალებდა თავის სამშობლოს, ლოგინად ჩავარდა.

1798 წელს ასპინძის გმირმა, დიდმა მეფემ, ქართველთა საფიცარმა პატარა კახმა უკანასკნელად მოავლო თვალი თელავის სამეფო სასახლის პატარა ოთახს, სადაც 78 წლის წინ ქვეყანას მოევლინა.

დიდებული მეფის ცხედარი ცხვარიჭამიის გავლით მცხეთაში გადაასვენეს და სვეტიცხოველში მიუჩინეს უკანასკნელი განსასვენებელი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*