აღმოაჩინეს გალილეო გალილეის დაკარგული წერილი

1613 წლის 21 დეკემბერს გალილეო გალილეიმ დაწერა წერილი, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: მან ინკვიზიციის ყურადღება მიიპყრო. ორიგინალური ტექსტი ბოლო დრომდე უცნობი იყო.

იტალიელმა გალილეო გალილეიმ სახელი გაითქვა, როგორც დიდმა მექანიკოსმა, ფილოსოფოსმა და ასტრონომმა – კერძოდ, მან პირველმა გამოიყენა ტელესკოპი ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის. მეცნიერი ასევე ცნობილია, როგორც ჰელიოცენტრული სისტემის აქტიური მომხრე. სწორედ ამან მიიყვანა იგი ერეტიკოსობაში ბრალდებამდე და პატიმრობამდე.

თვითონ დედამიწის მოძრაობის იდეა, ჩვენს ერამდე პითაგორას სკოლის მიმდევრებში წარმოიშვა. ეს იდეა განავითარა პოლონელმა ასტრონომმა ნიკოლო კოპერნიკმა და 1543 წელს მან შექმნა მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობის თეორია.

გალილეიმაც ამ თეორიას რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. პირველი დოკუმენტი, რომელშიც ის ჰელიოცენტრულ სისტემას ემხრობა, 1613 წელს განეკუთვნება. ეს 7 გვერდიანი წერილია, რომელიც მეცნიერმა თავის მეგობარს, მათემატიკოსს ბენედეტო კასტელის გაუგზავნა. წერილში არის თამამი მოსაზრება: “წმინდა წერილის არც ერთ ფრაზას არ აქვს ისეთი დიდი ძალა, როგორიც ნებისმიერ ბუნების მოვლენას აქვს”.

ეს წერილის ერთ–ერთი კოპიო დომინიკანელ ბერს, ნიკოლო ლორინის ჩაუვარდა ხელში. მან კი ის ინკვიზიციას გაუგზავნა. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი მეცნიერსა და ეკლესიას შორის. თუმცა, წერილის ტექსტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დღემდე გრძელდებოდა – საქმე იმაშია, რომ ტექსტის შინაარსი თვითონ გალილეომ გადააკეთა და პაპის გარემოცვას გაუგზავნა. ის იტყობინებოდა, რომ პირველი ვერსია დომინიკანელმა ბერმა დაამახინჯა. ვატიკანის არქივში სწორედ ლორინის ვერსია ინახება, ორიგინალი კი დაკარგულად მიიჩნეოდა.

გამოცანის პასუხი ახლახანს მოიძებნა: იტალიელი ისტორიკოსი სალვატორე რიკარდო ლონდონის ბიბლიოთეკაში გელილეო გალილეის შრომებს სწავლობდა და შემთხვევით დაკარგული წერილი აღმოაჩინა.

სამი დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობდა იმავე პერიოდის სხვა დოკუმენტების შედარებაზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წერილი ნამდვილია. მასში არის ჩანიშვნები და შესწორებები (ავტორის ხელით შესრულებული), მაგრამ თვითონ ტექსტი ვატიკანის დოკუმენტისას ემთხვევა.

შესწორებები გვიჩვენებს, როგორ ცდილობდა გალილეო კომპრომისის მონახვას: ორიგინალური სიტყვა “მცდარი” შემდგომ ვერსიაში მან შეცვალა სიტყვით “ჭეშმარიტებისგან განსხვავებულით” და ა. შ.

ამის მიუხედავად, შესწორებებმა მის ცხოვრებაში დიდი როლი ვერ შეასრულეს: 1616 წელს ჰელიოცენტრიზმი საშიშ ერესად მიიჩნიეს. გალილეო რომში სასამართლოში დაიბარეს, რომლის შედეგად მას პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით ის შინაპატიმრობით შეეცვალა, ფაქტიურად კი – გადასახლებით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*