აღმოსავლეთ რომის იმპერია ვულკანებმა დაასუსტეს

ისტორიკოსები, მათ შორის პროკოფი კესარიელი წერდნენ, რომ მზე გაფერმკრთალდა, ისე სუსტად ანათებდა, როგორც მთვარე, რასაც ყინვიანი ზაფხული და თოვლი მოჰყვა. ხალხმა მოსავალი ვეღარ მოიყვანა. იგივე განმეორდა 3 წლის შემდეგ. მტვრის სქელი, შავი ღრუბელი ევროპის ცაზე ისევ გამოჩნდა და მზის შუქს რამდენიმე თვის განმავლობაში აფერხებდა. ბუნებრივ კატაკლიზმებს მასობრივი შიმშილი და შავი ჭირის გავრცელება მოჰყვა, რომელსაც ისტორიკოსები რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: “პირველი პანდემია”, “დიდი ჭირი” ან “იუსტინიანეს ჭირი”. პანდემიამ ევროპის მოსახლეობის ერთი მესამედი გაანადგურა და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა რომის იმპერიას, რასაც მის ტერიტორიაზე ხალიფატის სწრაფი ექსპანსია მოჰყვა.

გიგანტური მტვრის ღრუბლის წარმოშობის მიზეზი ჩრდილოეთ ამერიკაში ვულკანების ამოფრქვევა იყო. შედეგი კი, – ევროპის კონტინენტზე კლიმატის შეცვლა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისტორიკოსებისა და კლიმატოლოგების საერთაშორისო გუნდის წევრები. მათ უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში ვულკანების ამოფრქვევის ზუსტი ქრონოლოგია აღადგინეს და აღნიშნეს დეტალური ეპიზოდები, რომელთაც კაცობრიობის განვითარებაზე მოახდინეს გავლენა. ამას გარდა, ისტორიკოსებმა შეისწავლეს არაერთი ჩინური, ბაბილონური და ევროპული დოკუმენტი, სადაც უჩვეულო ატმოსფერული მოვლენები იყო აღწერილი ძვ. წ. 254 წლიდან მოყოლებული.

სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ თექვსმეტიდან თხუთმეტი ცივი ზაფხული, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 500–დან 1000 წლამდე პერიოდში დადგა, სწორედ ვულკანების ამოფრქვევის პერიოდს ემთხვევა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*