აღმოჩენილია 43 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა ირმის ნახტომი დატოვონ

ეს კოსმოსური სხეულები მაღალი სიჩქარის ვარსკვლავებს მიეკუთვნებიან.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნაციონალური ასტრონომიური ობსერვატორიის მკვლევარებმა (NAOC) 591 მაღალი სიჩქარის ვარსკვლავი აღმოაჩინეს. მონაცემები აღებულია LAMOST-ის და ევროპის კოსმოსური სააგენტოს Gaia-ს ტელესკოპების მონაცემებიდან. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, 43-მა ვარსკვლავმა შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკა დატოვოს.

მაღალი სიჩქარის ვარსკვლავებს უწოდებენ უზარმაზარი სივრცული სიჩქარის მქონე ვარსკვლავებს, რომლებსაც რაღაც მომენტში საკუთარი გალაქტიკის დატოვება შეუძლიათ. პირველად ასეთი ვარსკვლავი 2005 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ ასეთი 550-ზე მეტი ვარსკვლავი იქნა დაფიქსირებული. ახალი აღმოჩენის შემდეგ კი მათი რიცხვი გაორმაგდა.

მეცნიერების თქმით, ასეთი უნიკალური კინემატიკის მქონე მაღალი სიჩქარის ვარსკვლავები ძალიან იშვიათია ირმის ნახტომში, მათ მაინც შეუძლიათ სხვა გალაქტიკების ობიექტების შესახებ ჩვენი ცოდნა გააფართოვონ. მათ შორის, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელებიდან, უშორესი გალაქტიკების გალოს ჩათვლით.

ასტრონომებმა 591 ვარსკვლავის ქიმიური და კინემატიკური თვისებები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი ჩვენი გალაქტიკის შიდა გალოს ვარსკვლავებს წარმოადგენენ. მათი დაბალი ლითონშემცველობა იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავური გალოს ძირითადი ნაწილი ჯუჯა გალაქტიკების შერწყმის და დაშლის შედეგად წარმოიშვა.

LAMOST ჩინეთის ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია. მას მონაცემების შეგროვების ყველაზე დიდი სიჩქარე აქვს მსოფლიოში და ერთდროულად 4000-მდე ციურ სხეულზე დაკვირვება შეუძლია. იგი მუშაობას 2012 წელს შეუდგა და უკვე შექმნა სპექტრულ მონაცემთა ყველაზე დიდი ბაზა მსოფლიოში.

Gaia – ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსური მისიაა. ის 2013 წელს გაუშვეს. მან უკვე 1,3 მილიარდზე მეტი წყაროს ასტრონომიული პარამეტრები წარადგინა. ეს შესაბამისად, ასტრონომიული პარამეტრების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა მსოფლიოში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*