აცტეკები სალმონელამ გაანადგურა?

ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც აცტეკების იმპერიაში XVI საუკუნეში იფეთქა და აბორიგენთა დიდი უმრავლესობა გაანადგურა, როგორც ჩანს, სალმონელას ბაქტერიამ გამოიწვია. ამერიკის კონტინენტზე ის ესპანელებმა შეიტანეს.

1519 წელს ესპანელები, ერნანდო კორტესის მეთაურობით, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, სადაც აცტეკების იმპერია დახვდათ. მისი მოსახლეობა 25 მილიონს აღწევდა. საუკუნის შემდეგ აბორიგენი მოსახლეობიდან მხოლოდ მილიონიღა დარჩა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი მზოლოდ კონკისტადორთა დაპყრობითი ომები არ ყოფილა, არამედ რამდენიმე მასშტაბური ეპიდემია, რომელმაც რამდენჯერმე გადაუარა აცტეკების იმპერიას.

ამ ეპიდემიებიდან ორი ყველაზე ძლიერი ტალღა 1545 და 1576 წლებში დაიწყო და რამდენიმე წელიწადს გასტანა. შედეგად, 7–დან 18 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. თუმცა, დაუდგენელი იყო, რა ტიპის ეპიდემია გავრცელდა. ვარაუდობდნენ ტიფს, წითელას, ყვავილს. 2002 წელს კი მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს სტატია ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში და დაწერეს, რომ ეს ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდემია იყო.

თუმცა, უკვე უახლესი კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ ეპიდემიის მიზეზი სალმონელას ბაქტერია იყო. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი და მექსიკელი სპეციალისტები ერთობლივი მუშაობის და 29 ნეშტის კბილიდან აღებული დნმ–ის ნიმუშების კვლევის შემდეგ მივიდნენ.

მართალია, დნმ–ის ნიმუშები დაზიანებული იყო, მაგრამ მეცნიერებმა მაინც მოახერხეს Salmonella enterica–ს შტამის (პარატიფის) აღმოჩენა, რომელიც ცნობილ დაავადებას იწვევს. ერთი შეხედვით, ის მუცლის ტიფს ჰგავს. დღეს პარატიფის შემთხვევები მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში გვხვდება და მკურნალობის გარეშე მათი 10–15% ლეტალურად სრულდება.

სპეციალისტთა აზრით, იმ შემთხვევაშიც, თუ პარატიფი ერთადერთი მიზეზი არ იყო, 1545 წელს და შემდეგაც მან დიდი როლი ითამაშა აცტეკების იმპერიის მოსახლეობის მასობრივ განადგურებაში.

ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს იორკის უნივერსიტეტის პროფესორების კვლევის შედეგებიც. 1200 წელს ტრონდჰეიმის სასაფლაოზე დაკრზალული ახალგაზრდა ქალის დნმ–ის ნიმუშების შესწავლისას მათაც პარატიფის კვალი აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერია გავრცელებული იყო ევროპაში 300 წლით ადრე, ვიდრე მექსიკაში შეაღწევდა.

ბუნებრივია, ეს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არის, მაგრამ ნამდვილად იძლევა იმ ჰიპოთეზის არსებობის შესაძლებლობას, რომ სალმონელას ბაქტერია სწორედ კონკისტადორებმა ჩაიტანეს ამერიკაში. ბაქტერია ჯერ ესპანელებში, მოგვიანებით კი ინდიელებში გავრცელდა. აბორიგენების იმუნიტეტი კი, რომელსაც მანამდე არ ჰქონია შეხება სალმონელასთან, მასთან ბრძოლაში მეტად სუსტი იყო.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*