ახალი მეთოდები მინოსური ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრის შანსებს ზრდიან

ამ დამწერლობას ხაზოვანი A დამწერლობა ჰქვია.

დაახლოებით 3500 წლის წინ კუნძულ კრეტაზე ძველმა მინოსელებმა მათემატიკური წილადების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც დღემდე არ არის გაშიფრული.

ბოლონიის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორ, სილვია ფერარას ახალ კვლევებში ხაზოვანი A დამწერლობის ამოხსნის მეთოდს წარმოგვიდგენს. მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრებზე, რომლებიც ეგეოსის რეგიონში ვაჭრობასთან არიან დაკავშირებულები. სწორედ ამ რეგიონში იყო გავრცელებული მინოსელების იდუმალი შრიფტი.

XIX საუკუნის ბოლოს არტურ ევანსის მიერ აღმოჩენილი ხაზოვანი A შრიფტი იმ დამწერლობების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ეგვიპტურის და მესოპოტამიური დამწერლობებისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ ძვ. წ. 1625-1450 წლებში.

ძველი მინოსური დამწერლობა შედგება ნიშნების ერთობლიობისგან, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა ძვირფასეულობის გასაფორმებლად და რელიგიურ საკურთხევლებთან მირთმეული რიტუალური ძღვენის აღსანიშნავად. მაგრამ, პირველ რიგში შრიფტი გამოიყენებოდა მინოსური ეპოქის ადმინისტრაციულ ცენტრებში საბუღალტრო აღრიცხვისთვის.

პრობლემა, რომლის გამოც ხაზოვანი A დამწერლობის გაშიფვრა შეუძლებელი იყო – ეს არის დაზიანებული ჯამები და შედეგები, რომელთა “წაკითხვა” არ ხერხდება. გარდა ამისა, აღრიცხვის ამ უძველეს სისტემაში, დროთა განმავლობაში ნიშნების მნიშვნელობები შეიცვალა. შედეგად, ხაზოვანი A დამწერლობა გაუშიფრავი დარჩა – სისტემის “მთელი რიცხვები” გაიშიფრა, მაგრამ წილადი ნიშნების მნიშვნელობა მათემატიკის ისტორიკოსებისთვის ამოუხსნელი დარჩა.

ფერარამ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს თიხის ფირფიტები და მინოსური ხაზოვანი A დამწერლობის ამოსახსნელად “სტატისტიკური, გამოთვლითი და ტიპოლოგიური სტრატეგიები” გამოიყენეს.

თავდაპირველად ხაზოვანი A დამწერლობის თითოეულ წილად ნიშანს მათემატიკური მნიშვნელობა მიანიჭეს. გუნდმა კვლევების სხვადასხვა მიმართულებები გააერთიანა და “ნიშნების” პალეოგრაფიული ანალიზი და გამოთვლითი მეთოდები შეასრულა. ეს სრულიად ახალი მეთოდია, რომელიც ამ უძველეს პრობლემაში “გამორიცხავს შეუძლებელ შედეგებს”.

გამოყენებული იქნა მინოსური წილადების თარგმნის 4 მილიონი მეთოდი. მათ შეუსაბამეს თანამედროვე ჩვეულებრივი წილადები. შედეგად მიიღეს სისტემა, რომლის უმცირესი წილი არის 1/60. ეს ნიშნავს, რომ ნიშნების უმრავლესობის მნიშვნელობა წარმოდგენილი იქნება ფორმულით – n/60.

მინოსური ცივილიზაცია ეგეოსის რეგიონს 1500 წელი მართავდა. ის ნეოლითური დასახლებისგან წარმოიშვა, რომელიც მიგრირებული იყო ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან. 9000 წლის წინ კუნძულ კრეტაზე მინოსელები პირველი მიწათმოქმედები გახდნენ. მინოსელების ცივილიზაცია ეგეოსის რეგიონში ბრინჯაოს ხანაში ძვ.წ. 3000-1450 წლებში ყვაოდა. კნოსის არქიტექტურული საოცრებები ამ ცივილიზაციის პიკშია შექმნილი. ძვ.წ. 1100 წელს მინოსელები გაქრნენ. ისინი ბრინჯაოს ხანის მიკენურმა ბერძნულმა კულტურამ შეცვალა.

f898f9612f0846f1b6708ecd02b2c24b.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*