ბაზალეთი

გიორგი სააკაძის ავტორიტეტის ზრდა თეიმურაზს აღიზიანებდა და მას მოღალატეობას აბრალებდა. თავის მხრივ, ჭკვიანი აბასიც მიხვდა, მისი ინტერესებისათვის სად იყო გამოსავალი და თეიმურაზს დაუტკბა. თეიმურაზის პოლიტიკით უკმაყოფილო სააკაძემ კი ქართლში ქაიხოსრო მუხრან ბატონის გამეფება განიზრახა.

1280px-Bazaleti_Lake,_Georgia_(F)

ბაზალეთის ტბა

ყოველივე ამის ფონზე აშკარად ჩანდა, რომ თეიმურაზსა და სააკაძეს შორის ომი გარდაუვალი იყო. სააკაძის მოწინააღმდეგე თავადებს არ გასჭირვებიათ თეიმურაზსა და დიდ მოურავს შორის წინააღმდეგობის გაღვივება. დიდი მოურავიც აშკარად ხედავდა, რომ ეჭვიანი, ეგოისტი, ბაქია და უპრინციპო თეიმურაზი საქართველოს ერთიანობის ბურჯად ვერ გამოდგებოდა. ამის გამო მან თეიმურაზისადმი ინტერესი საბოლოოდ დაკარგა და შეეცადა, საქართველოს გაერთიანების გეგმა იმერეთის მეფის მემკვიდრე, ალექსანდრე ბატონიშვილთან დაეკავშირებინა. ეს უბრალოდ ბრძოლის მოგების საშუალება არ ყოფილა, ეს დიდი პოლიტიკოსის და პატრიოტის მიერ ქვეყნის გაერთიანების კარგად დამუშავებული პროექტის ნაწილი იყო: თუ ალექსანდრეს ქართლ–კახეთის ტახტზე აიყვანდა, იმერეთის ტახტს იგი, როგორც მემკვიდრე, ისე მიიღებდა და ფაქტობრივად საქართველო გაერთიანდებოდა.

ორი წამყვანი პიროვნების დაპირისპირებაში ქართველი დიდებულების ინტერესები გაიყო – ნაწილი თეიმურაზს უჭერდა მხარს, ნაწილი – გიორგის. უკანასკნელმა დახმარებისთვის ოსმალეთს მიმართა და დაიმედებაც მიიღო (ოსმალები სააკაძეს დიდად აფასებდნენ, როგორც ძლიერ პიროვნებას, ბრწყინვალე სტრატეგს და ერანელთა მტერს). სულთანმა სააკაძისადმი დახმარება საფარ ფაშას (ბექა III ქაიხოსროსძე, პირველი მაჰმადიანი ათაბაგი) დაავალა, მაგრამ ამას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

1626 წლის გვიან შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის ომი გაიმართა. გიორგი სააკაძეს გაუჭირდა ქართველების წინააღმდეგ იარაღის აღმართვა. იგი ამ ომს უხალისოდ მოეკიდა და მასში ფაქტობრივად პირადად მონაწილეობა არც მიუღია. სასტიკი შეტაკება სააკაძის ბანაკის მარცხით დამთავრდა.

ეს მარტო სააკაძის მარცხი არ ყოფილა. ეს მთელი ქვეყნის უდიდესი მარცხი იყო, რადგან ჩაიშალა დიდი მოურავის მიერ დაწყებული და ნალოლიავები გეგმა საქართველოს გაერთიანებისა. ფეოდალთა ინტერესებმა გაიმარჯვა. საქართველო კვლავ დაშლილი, მყიფე, დასუსტებული რჩებოდა.

მოურავი და მისი უახლოესი თანამებრძოლები დახმარების იმედით ოსმალეთს გადაიხვეწნენ. მაგრამ ეს იმედი გააქარწყლა ერანსა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ახალმა ზავმა. ქართველი ემიგრანტები სტამბოლში დარჩნენ, რათა ორი დიდი სახელმწიფოს ურთიერთობის ახალ გართულებას დალოდებოდნენ.

სულთანმა სააკაძე ღირსეულად მიიღო და მაღალი თანამდებობაც მისცა, რითაც მნიშვნელოვნად გააღიზიანა დიდი ოსმალო მოხელეები. ამ გაღიზიანების შედეგი უნდა იყოს, რომ 1629 წელს მოურავს და მის 40 თანამებრძოლს დიდი ვეზირის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს.

ასე დამთავრდა საქართველოსთვის შეწირული დიდი სიცოცხლე. ამ რთულმა და ნათელმა პიროვნებამ თავის დროს გაუსწრო. იგი საქართველოს ფეოდალთა პარტიკულარულ მისწრაფებებს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ამ მარცხის გამოსწორება საქართველოსთვის მრავალწლიანი ბრძოლის საფუძველი გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*