ბაიოს გობელენს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიტანენ

950 წლის განმავლობაში პირველად, ბაიოს უნიკალური გობელენი საფრანგეთს დატოვებს. XI საუკუნის შედევრს ბრიტანულ მუზეუმებში გამოფენენ. შეთანხმებას პარიზისა და ლონდონის კულტურის დეპარტამენტებმა ათთვიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს.

როგორც ფრანგი ექსპერტები აცხადებენ, ტრანსპორტირებისთვის შედევრის მომზადება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რასაც შესაძლოა წლები დასჭირდეს. მეცნიერთა ვარაუდით, გობელენის ტრანსპორტირება 2022 წლამდე ვერ მოხერხდება.

ენტონი ვარნიე, პროექტის კურატორი: “გობელენს რესტავრაცია XIX საუკუნის შემდეგ აღარ ჩატარებია. ამიტომ, ნებისმიერ ტრანსპორტირებამდე მან ექსპერტიზა უნდა გაიაროს, რათა შესაძლო დაზიანებები თავიდან ავიცილოთ”.

ბაიოს გობელენის სიგრძე 68,38 მეტრია, რომელზეც ნორმანდიელების მიერ ინგლისის დაპყრობაა ასახული. 1066 წელს, ჰერცოგმა უილიამ ნორმანდიელმა ჰასტინგზის ბრძოლაში ინგლისის მეფე ჰაროლდ გოდვინსონი დაამარცხა. ბაიოს გობელენი ამ მოვლენების ძირითად მხატვრულ წყაროდ მიიჩნევა, იმის მიუხედავად, რომ მისი წარმომავლობა კვლავ ცხარე დისკუსიის თემაა.

ერთ–ერთი ვერსიით, ის დედოფალმა მატილდამ დაუკვეთა, სხვა ვერსიით კი შედევრი მეფე უილიამის, უკვე დამპყრობლად წოდებულის ნახევარძმამ, ბაიოს ეპისკოპოსმა ოდომ დაამზადებინა XI საუკუნის 70–იან წლებში. ხელოვნების ნიმუში ამჟამად ნორმანდიულ ქალაქ ბაიოს მუზეუმშია დაცული.

გობელენის დიდ ბრიტანეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ლონდონი პარიზთან მოლაპარაკებებს XX საუკუნეშიც მართავდა. პირველად – 1953 წელს, დედოფალ ელისაბედის კორონაციის პერიოდში, მეორედ კი 1966 წელს, ჰასტინგზის ბრძოლის 900 წლის იუბილეზე, თუმცა მაშინ პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ზუსტად როდის დატოვებს გობელენი ბაიოს დეპარტამენტს და რამდენი ხნით, ჯერ უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*