ბახტრიონის აჯანყება

ერანის გეგმები კახეთის მიმართ

1280px-ალავერდი1

ალავერდი

ერანმა კახეთი წელში ვერ გატეხა, ქვეყანამ თვითმყოფადობა შეინარჩუნა და დამოუკიდებლობაზე ხელის აღებას არ აპირებდა. ამასობაში გააქტიურდა რუსეთის პოლიტიკა კავკასიის მიმართ, რამაც ფაქტობრივად უსამფლობელოდ (იმერეთში თავშეფარებული) დარჩენილ თეიმურაზ I-ს საშუალება მისცა, თავისი მომავალი ბედი ახალგაზრდა, შემტევი, ქრისტიანული სახელმწიფოსთვის დაეკავშირებინა: შვილიშვილი რუსეთის სახელმწიფოს კარზე გააგზავნა, თვითონაც არაერთხელ ეწვია მოსკოვს. რუსეთისკენ იშვერდა ხელს და დაახლოებას ცდილობდა ალექსანდრე იმერთა მეფეც. რუსეთში ელჩობას აგზავნიდნენ თუშ–ფშავ–ხევსურები და სხვა. ასეთ ვითარებაში ერანში გაიღვიძა შაჰ აბას I–ის პოლიტიკამ, რომლის მიხედვით კახეთის საკითხი მხოლოდ კახელების გაქრობის შემდეგ თუ გადაწყდებოდა. ამ პოლიტიკის განხორციელების გზაზე 1656 წელს კახეთი როსტომს ჩამოართვეს და კვლავ განჯის ხან სელიმს დაუქვემდებარეს.

ერანის ახალი მფლობელი შაჰ აბას II ამ საქმეს დიდი გულისყურით მოეკიდა და მისი განხორციელებისთვის სახსრებიც არ დაუშურებია (ციხეების მშენებლობა, თურქმანელების ჩამოსახლებისა და მიწაზე დამაგრების ორგანიზებისა და სხვა.). გატარებული მეტად ფართო ღონისძიებების შედეგად კახეთში 80 000–მდე სული თურქმანი ახალმოსახლე ჩამოიყვანეს, მათ საუკეთესო მიწები დაურიგეს და ყოველგვარი პირობები შეუქმნეს. გარდა იმისა, რომ ყველაფერი ეს კახელი მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა და მათი მატერიალურ გაჩანაგებას იწვევდა, ამაყი კახელებისთვის განსაკუთრებულად მიუღებელი ჩამოსახლებულ თურქმანთა საქციელი იყო. ისინი თავს კახელებზე მაღლა აყენებდნენ, მათდამი ბატონკაცურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ და ყოველგვარ უმსგავსო და უპატივცემულო (შეურაცხმყოფელ) დამოკიდებულებას ავლენდნენ.

ეს მომენტი შეუმჩნეველი სპარსელ ისტორიკოსსაც არ დარჩენია: “ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომ ქართველებზე ებატონათ, – ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი ატყდა.”

მომთაბარე ელები მესაქონლეობას მისდევდნენ, ამიტომ კახეთის ინტენსიური კულტურული მეურნეობა მათთვის უცხო და მიუღებელი იყო. დაწყებულ პროცესს მეტად მახვილგონივრულად ასახავს ერთი ხალხური ლექსი, რომელსაც მისი საწყისი ეტაპი აქვს ნაგულისხმევი:

ბახტრიონს სხედან თათრები,

სიტყვას ამბობენ ძნელსაო:

ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,

შიგ დავასახლებთ ელსაო.

გაუსაძლისი ვითარება, რაც ბარის კახეთში შეიქმნა, ირიბად კახეთის მთიან მხარესაც ისევ აწუხებდა, რადგან კახეთის მთა და ბარი ერთმანეთთან იყო გადაჭდობილი და ურთიერთკავშირით ცხოვრობდა. როგორც ავღნიშნეთ, ცამოსახლებული თურქები ადგილობრივ კახელებს ზევიდან უყურებდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს.

wm-bidzina-shalva-da-elizbari-xix-s-mxatvroba

კახეთის გმირები ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები

ელების წინააღმდეგ სახალხო მოძრაობა მათი ჩამოსახლებიდანვე გაჩნდა. თუშები და კახეთის სხვა მთიელები პარტიზანულ ჯგუფებს ქმნიდნენ, თავს ესხმოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ ელებს თუ ყიზილბაშებს. როგორც ქართული ფოლკლორიდან ირკვევა, ეს მოძრაობა დაბალ ფენებში დაიწყო და მისი ბელადი სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული ყოფილა. ამ ფენებში გაჩენილ შეთქმულების და აჯანყების იდეას ჩქარა ფეოდალებმაც დაუჭირეს მხარი და მას მეტი ორგანიზებულობა შესძინეს.

აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ზაალ ერისთავმა იკისრა. აჯანყების უშუალო ორგანიზატორები და ხელმძღვანელენი იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი, შალვა და ელიზბარ ერისთავები. ზეზვა გაფრინდაულთან ერთად მოძრაობას ასაზრდოებდნენ სახალხო გმირები, ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშაველი გოგოლაური და სხვა. წამოწყებას ქართლმაც დაუჭირა მხარი. ახმეტაში ჩავიდნენ და ბახტრიონის სანახებში შეიკრიბნენ არაგვისა და ქსნის საერისთავოს ლაშქრები.

აჯანყებულთა რაზმებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონს და ალავერდს. ბახტრიონში გამაგრებულმა მტერმა ქართველთა შემოტევას რომ ვერ გაუძლო, ალავერდისკენ გაეშურა, მაგრამ ალავერდშიც იგივე მდგომარეობა იყო. ალავერდის დამარცხებულმა გარნიზონმა ბახტრიონში თავშესაფრის ძიებით დააპირა გადარჩენა. ორივე ციხიდან გაქცეული ელები და ყიზილბაშები ერთმანეთს ალვანის მინდორზე შეეფეთნენ. სწორედ აქ მოუსწრეს აჯანყებულმა ქართველებმა და მუსრი გაავლეს. ამის შემდეგ დაიწყო სხვა ადგილების გაწმენდა თურქმანებისაგან. ეს იყო უმაგალითო, დაუნდობელი ბრძოლა. როგორც წყარო აღნიშნავს, აჯანყებულებმა მტერი “დედა წულიანად ამოწყვიტეს”. კახელები გადაშენების საფრთხეს გადაურჩნენ.

შაჰი ისე იყო გაოგნებული, რომ კახეთში დამსჯელი ექსპედიციის გამოგზავნაც არ ისურვა. ეს ფაქტობრივად ერანის უკანდახევა იყო. მაგრამ, ცხადია ერანი პოზიციების სრულად დათმობას არ აპირებდა. მისმა მოხელეებმა აჯანყების მონაწილე ფეოდალთა გათიშვა მოახერხეს. ნაკლებად აქტიურები ყიზილბაშებს შეურიგდნენ.

1858 წელს ქართლში როსტომ მეფე გარდაიცვალა. ტახტი ვახტანგ მუხრანბატონმა დაიკავა, რომელსაც აჯანყების მეთაურ ზაალ ერისთავთან ძველი უკმაყოფილება ჰქონდა. შაჰმა აჯანყების ერთ–ერთი მეთაურის დასჯა სწორედ მას დაავალა. 1661 წელს ზაალ ერისთავი ვახტანგის მითითებით ძმისწულებმა მოკლეს. ამის შემდეგ მისი დანამებრძოლები შალვა ქსნის ერისთავი, მისი ძმა ელიზბარ და ბიძინა ჩოლოყაშვილი შაჰს ეახლნენ. ეს თავდადება იყო. არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შაჰი მათ სასტიკად დასჯიდა, ასეც მოხდა. აჯანყების ბელადები თურქმანთა ტომებს გადასცეს, რომელთაც თანამოძმეები ამ ბელადების იქნენ გაწყვეტილნი. თურქმანებმა თავგანწირული გმირები სასტიკი წამებით დახოცეს.

1659 წელს სახალხო აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადაურჩა სრულ მოსპობას. მაგრამ ერანელთა ბატონობა მაინც გრძელდებოდა, გრძელდებოდა თავისუფლებისათვის ქართველთა ბრძოლაც.

კახეთი 1656 წლის აჯანყების მომდევნო ხანაში

XVII საუკუნის 60–70–იან წლებში კახეთში გარკვეული სიმშვიდე იყო, რამაც დაუყოვნებლად იმოქმედა მის სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ქვეყნის მმართველებმა შეძლეს ლეკთა თავდასხმების ალაგმვა და ფეოდალთა შორის დაპირისპირებებისა და შინაომების აღკვეთა. ქვეყანა მოშენდა. ხიზან–ბოგანო გლეხები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდნენ და მეურნეობის აღდგენაზე ზრუნავდნენ.

ამ ხანებში ერანის ხელისუფლები კახეთი მმართველობას განჯის ბეგლარ ბეგებს, ან სხვა ყიზილბაშ ხანებს აძლევდნენ, რომლებიც მტრულად უყურებდნენ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის თავის ნაფუძარზე დაბრუნებისა და ტრადიციული მეურნეობის აღდგენისკენ სწრაფვას. ამასთან ქვეყანაში თურქმანების გამრავლების პროცესის გაგრძელებაზე ხელს არ იღებდნენ.

ამის გამო ამ მმართველებმა ქვეყნის ვერც ერთ კლასსა თუ ფენასთან ვერ დაამყარეს კავშირი და ვერ გაიჩინეს სოციალური დასაყრდენი. მათი ერთადერთი იმედი ყიზილბაშურუ შეიარაღებული ძალები იყვნენ.

ამ დროს აქტუალური ხდება კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჭარში, ლეკური მოსახლეობის გაძლიერება. თავდაპირველად ამ რეგიონში აღნიშნული ელემენტი XVI საუკუნიდან გაჩნდა ქართველი მეფეების სურვილითა და ნებართვით, რადგან ისინი მათ ყმობას კისრულობდნენ. XVII საუკუნეში, როდესაც კახელი მოსახლეობის ერანში იძულებით გადასახლების პროცესი მიმდინარეობდა, სამეფოში ბევრი თავისუფალი, დასამუშავებელი ადგილი რჩებოდა. რაც დაუყოვნებლად ივსებოდა მთიდან ჩამოწოლილი მოსახლეობით. ყიზილბაშთა ჩუმი თანხმობით და ხელშეწყობით ეს პროცესი გაძლიერდა… თანდათან ჩამოყალიბდა ჭარის, ბელაქნის და თალას “უბატონო თემები”, რომლებშიც მაჰმადიანური სარწმუნოება ადვილად იკაფავდა გზას: ეს თემები საქართველოზე ლეკთა თავდასხმის ფორპოსტი ხდებოდნენ და XVIII საუკუნეში ქართლ–კახეთისთვის ძლიერ გამანადგურებელ ძალად იქცნენ. ამ დროს ლეკთა საქმიანობას ერანის ხელისუფლებაც არ იწონებდა, მაგრამ მათთან ბრძოლაში წარმატებას ვერ აღწევდა. ფეოდალური შინააშლილობისა და ურთიერთბრძოლის პროცესში ლეკები დაქირავებულ რაზმებს ქმნიდნენ და თავის მატერიალურ და უფლებრივ მდგომარეობას თანდათან იმტკიცებდნენ. ამას ემატებოდა ფეოდალთა მიერ გლეხობის ექსპლუატაციის ზრდა და კლასობრივი ბრძოლის პროცესში გლეხთა გაქცევის პრაქტიკა, რომლის დროსაც “თავისუფალი თემები” მათი საუკეთესო თავშესაფარი და კლასობრივი ბრძოლების დასაყრდენი გახდნენ.

XVIII საუკუნეში ლეკებმა განუწყვეტელი თავდასხმების მეშვეობით მათი მეზობელი (მთის წინა) ქართული სოფლების დაუფლებაც კი შეძლეს და ისინი თავის ყაჩაღური თავდასხმების დასაყრდენად გაიხადეს.

ამ საუკუნეში “თავისუფალი თემების საკითხი” ქართველი ხელისუფლებისათვის ერთ–ერთი ყველაზე ძნელად გადასაწყვეტი პრობლემა გახდა, რომელიც გარკვეულწილად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებასაც კი ამჩნევდა კვალს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*