ბეთლემში უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს

მთავარანგელოზის გამოსახულებას, რომლის სიმაღლეც 5 მეტრს აღემატება, სანთლის ჭვარტლი და მტვერი, თაბაშირთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში ფარავდა. იტალიელმა რესტავრატორებმა ის პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში, შობის ტაძრის კედელზე სამუშაოებისას შენიშნეს და ფრთხილად გაასუფთავეს თაბაშირისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ჭვარტლისგან.

მთავარანგელოზის მოზაიკა ოქროს, ვერცხლისა და ფერადი მინისგან არის შექმნილი. ის ტაძრის ყველაზე ძველ ნაწილშია შემორჩენილი, რომლის რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს. სპეციალისტები ცდილობენ, მოზაიკას ძველი ბრწყინვალება დაუბრუნონ.

სამუშაოები გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ტაძარში მორიგეობით აღავლენენ ღვთისმსახურებას, სამუშაოებზე ვერ შეთანხმდნენ. საბოლოოდ, რესტავრაცია 2013 წელს დაიწყო.

ქრისტეს შობის ეკლესია ბეთლემში, რომელიც მაცხოვრის შობის ადგილას არის აგებული, წმინდა მიწის ერთ–ერთ უმთავრეს ტაძარს წარმოადგენს, ქრისტეს საფლავის ეკლესიასთან ერთად.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*