ბიბლიური სოდომი ნაპოვნია?!

მეცნიერები ნიუ–მექსიკოდან ირწმუნებიან, რომ ბიბლიური ქალაქი სოდომი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა განცხადება იორდანიაში ექსპედიციის ათწლიანი მუშაობის შემდეგ გააკეთეს. ჯგუფმა, რომელსაც სტივენ კოლინზი ხელმძღვანელობს, უძველესი ქალაქის ნანგრევები მდინარე იორდანეს ნაპირას, ტალ–ელ–ჰამამის რეგიონში აღმოაჩინა. კვლევებისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალაქი ძვ. წ. 3500–1450 წლებში, ანუ ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა.

კოლინზის თქმით, დიდი ალბათობით, აღმოჩენილია ლეგენდარული ქალაქი სოდომი. ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ის ქალაქ გომორთან ერთად გაანადგურა. ექსპედიციის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ შევადარებთ სხვა ძველ ახლომდებარე ქალაქებს, გავითვალისწინებთ მდებარეობასა და მასშტაბს, 10 წლის წინ მიკვლეული ქალაქი სწორედ ათასწლეულების წინ დაკარგული სოდომი უნდა იყოს.

მასალების ანალიზმა ისიც აჩვენა, რომ მოსახლეობა ძირითადად ვაჭრობას მისდევდა. ქალაქში უხვად ჰქონდათ საკვები და წყალი. არქეოლოგები გააოგნა შენობების მასშტაბებმაც. მაგალითად, კედლის სიმაღლე, რომელიც ქალაქს გარს ერტყმის, 10 მეტრია, ხოლო სიგანე – 7 მეტრი და ის გიგანტური ქვებით არის აგებული.

სტივენ კოლინზი: “თუ ვივარაუდებთ, რომ სოდომი რეალურად არსებობდა, მაშინ ჩვენ ის აღმოვაჩინეთ. ზოგადად, ბრინჯაოს ხანის ამ რეგიონის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. არქეოლოგიური რუკის დიდი ნაწილი, ჯერჯერობით თეთრი ლაქებით არის დაფარული”.

მეცნიერთა თქმით, მრავალსაუკუნოვანი კეთილდღეობის მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მიზეზით დატოვეს ქალაქი მოულოდნელად მისმა მცხოვრებლებმა.

კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ჟურნალ Popular Archaeology–ში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კრიტიკულიც. საქმე ის არის, რომ მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდნენ ქალაქების – სოდომისა და გომორის არსებობას და მათ გამოგონილს უწოდებდნენ. ბევრი დღესაც ასე ფიქრობს.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*