ბიზანტიური იერიქონი – ბიბლიური დროის შემდეგ

იერიქონი – მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი – იუდეის უდაბნოს ჩრდილოეთში, ოაზისის გარშემო გაშენდა. აქ ადამიანები ჯერ კიდევ მეზოლითის დროს დასახლდნენ და მას შემდეგ ცხოვრება არ შეწყვეტილა. არც ჰასმონელთა დინასტიის, არც რომის, ბიზანტიის იმპერიის თუ არაბთა ზეობის პერიოდში. 

1873 წელს იერიქონის ოაზისში ნაკვეთი შეიძინა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა ანტონინმა. 1886 წელს კიდევ ერთი ნაკვეთი იყიდა მღვდელმონაზონმა იოასაფმა. მალე მიწები პალესტინის მართლმადიდებელ საიმპერატორო საზოგადოებას გადაეცა. ხუთი წლის შემდეგ დაიწყო პირველი გათხრებიც. XIX საუკუნის დასასრულის ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი აღმოჩენა გახლდათ ბიზანტიური მოზაიკა, მაგრამ მისი სათანადოდ შესწავლა მაშინ ვერ მოხერხდა.

2008 წელს პალესტინის ავტონომიამ იოასიფისეული ნაკვეთი რუსეთს დაუბრუნა და აქ სამუზეუმო კომპლექსის აგება გადაწყდა. შედეგები გათხრებისას, რომელიც 2010–2013 წლებში, მშენებლობის პროცესში და მას შემდეგაც მიმდინარეობდა, ცალკე წიგნად გამოიცა, სახელწოდებით – “ბიზანტიური იერიქონი”.

იერიქონი ცნობილია ბიბლიური პერიოდის შენობა–ნაგებობებით, რომელთაც უფრო გვიანდელი არქეოლოგიური მასალები დაჩრდილეს. არადა, ბიზანტიურ პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სასულიერო ცენტრი იყო. ამიტომაც აქ შესაბამისი “ინფრასტრუქტურა” ვითარდებოდა. აიგო უამრავი ეკლესია და მონასტერი, აშენდა თავშესაფრები და სასტუმროები. რუსული არქეოლოგიური ექსპედიცია სწორედ ბიზანტიური ხანის ქალაქის კვლევით შემოიფარგლა.

61702af3ac6dd0b8aa90916c172d51a1__1440x2010–2013 წლების გათხრებისას ექსპედიციის წევრებმა ბიზანტიური პერიოდის ნაგებობების კვალი აღმოაჩინეს. გატხრებისას მიაკვლიეს ბრინჯაოს საეკლესიო ნივთებს და ჰასმონელტა ზეობის (მართავდნენ იუდეას ძვ. წ. 166–37 წწ.), რომის, ბიზანტიისა და ჯვაროსანთა ეპოქის ასობით მონეტას. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შუა საუკუნეების წყალმომარაგების სისტემაა – რამდენიმე ავზი და მათი შემაერთებელი ბეტონის წყალსადინარები. ერთ–ერთ წყალსადინარში ბაზალტის ფილტრიც კი აღმოჩნდა, რომელიც წყალს ნაგვისგან წმენდდა.

ექსპედიციამ საწარმოო შენობების ნაშთებსაც მიაკვლია: სამეთუნეო სახელოსნოსა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოს. სახელოსნოში რამდენიმე ღუმელი იყო შემორჩენილი. მეორე შენობაში კი ფერადი მოზაიკა აღმოჩნდა, რომელიც VII საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება. მოზაიკის შემაკავშირებელი ხსნარის ანალიზით დადგინდა, რომ ამ შენობაში შაქრის ბადაგს ამზადებდნენ – იერიქონი ისტორიულ წყაროებში ყოველთვის განთქმული იყო თავისი შაქრითა და ბალზამით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*