ბოვეს ტაძრის ნავი ყველაზე მაღალია მსოფლიოში

საფრანგეთში, პარიზის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ბოვეში წმინდა პეტრეს დაუმთავრებელი ტაძარია – სენ-პიერ დე ბოვე (Saint-Pierre de Beauvais). მისი ნავი ყველაზე მაღალია მსოფლიოს ტაძრებს შორის! მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დასრულებული არ არის, მას გამორჩეული ადგილი უჭირავს გოტიკური არქიტექტურის ისტორიაში. ამას გარდა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაძარი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობაც იყო ოთხი წლის განმავლობაში – 1569-დან 1573 წლამდე.

სატაძრო კომპლექსში შედის XIII საუკუნის ქორო აფსიდითა და შვიდნავიანი კაპელით, აგრეთვე XVI საუკუნის ტრანსეპტი და ნავი, რომლის საფუძველი 997-998 წლებში აგებული ძველი რომანული ბაზილიკაა.

1225 წელს ბაზილიკის ხის სახურავის მორიგი ხანძრის შემდეგ, ბოვეს ეპისკოპოსმა 1218-1234 წლებში, ჯვაროსანმა გრაფმა მილონ ნანტეიოლმა ახალი ტაძრის აგება დაიწყო გოტიკურ სტილში. 1272 წლისთვის ტაძრის ქორო დასრულდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეპისკოპოს გიიომ დე გრეს თაოსნობით ნაგებობას სიმაღლე დაამატეს, რათა მისი თაღები ყველაზე მაღალი ყოფილიყო ევროპაში. შედეგად, ახალი ნავის სიმაღლემ (48 მ) გაასწრო პარალელურად მშენებარე ამიენის ტაძრის ნავს (42 მ). ბრწყინვალე ნაგებობას თანამედროვეებმა “ფრანგული გოტიკის პართენონი” უწოდეს. დღეს ნავის სიმაღლით ტაძრებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილზე ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაა (46 მ).

1284 წელს რამდენიმე თაღისა და არკბუტანის ჩამონგრევის გამო მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი ის იყო, რომ მაღალ ნაგებობაში შუქის მაქსიმალურად შესაშვებად კონტრფორსები ჩვეულებრივზე ნაკლები სისქისა გააკეთეს. მომხდარი პროექტის ხარვეზად ჩაითვალა (დღევანდელი გათვლებით, ძლიერი ქარის გამო კონსტრუქციაში რეზონანსული რხევები მოხდა). ამან გოტიკური სტილის ფრანგ არქიტექტორებში ისეთი დეპრესია გამოიწვია, რომ მომდევნო წლებში თანდათან დამკვიდრდა უფრო მცირე არქიტექტურული ფორმები. თუმცა, ბოვეში მასშტაბური მშენებლობა გაგრძელდა. აღდგენილ ქოროს სვეტები აუმატეს, 1500-1548 წლებში კი აიგო ტრანსეპტიც – ადრეული ფრანგული რენესანსის პერიოდისთვის დამახასიათებელი ე.წ. აალებული გოტიკის სტილში (flamboyant). 1569 წელს კი დასრულდა 153 მეტრი სიმაღლის ცენტრალური კოშკი შპილით.

აქ აუცილებლად უნდა ითქვას – სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ იმ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა ტალინის წმინდა ოლაფის ტაძარი იყო 158,4-მეტრიანი შპილით (რომელიც 1625 წელს მეხის დაცემამ შეიწირა). თუმცა სხვა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოლაფის შპილი არ იყო ასეთი სიმაღლისა. შესაბამისად, როცა 1549 წელს ლინკოლნის ტაძრის 160-მეტრიანი შპილი ჩამოიქცა, ყველაზე მაღალი გახდა არა ტალინის ეკლესია, არამედ 151 მეტრი სიმაღლის შტარლზუნდის ტაძარი. ამ ანგარიშით, კი ბუნებრივია, რომ 1569 წელს დასრულებული ბოვეს ტაძარი, თავისი 153-მეტრიანი შპილით, მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახდა. მაგრამ სენ-პიერ დე ბოვეს ზეობა მხოლოდ 4 წელიწადს გაგრძელდა – 1573 წელს ცენტრალური კოშკი ჩამოიქცა… სამუშაოები კვლავ შეჩერდა, ხოლო პირველობა შტარლზუნდის ტაძარს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ბოვეს ტაძარს, მცირე ნაგებობის გარდა, აღარაფერი დამატებია და არც პროექტის მიხედვით დაუსრულებიათ.

ტაძრის ფასადები, განსაკუთრებით სამხრეთის, კარგად აჩვენებს გვიანი გოტიკის თვალისმომჭრელ სიმდიდრესა და სილამაზეს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის პორტალები, მათი ხის კარები გოტიკისა და რენესანსის ნამდვილი შედევრებია. შესანიშნავია XV და XVII საუკუნეების გობელენები, მაგრამ ტაძრის უძვირფასეს განძად მიიჩნევა XIII, XIV და XVI საუკუნეების ვიტრაჟები. მათგან ყველაზე ლამაზი, რომელშიც კარგად ჩანს რომანული სტილიდან გოტიკურში გადასვლა, რენესანსის ეპოქის მხატვრის, ინგრანდ ლე პრინსის ნამუშევარია. ტაძარს აქვს აგრეთვე 1866 წლის რთული ასტრონომიული საათი. ბოვეში შუა საუკუნეებში 14 იანვარს ყოველწლიურად აღინიშნებოდა სახეების დღესასწაული, რითაც წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევას აღნიშნავდნენ.

ტაძრის ყველაზე გრძელი მკლავის აუშენებლობა ნაგებობის კონსტრუქციულ სისუსტეს განაპირობებს. ამიტომ სხვადასხვა დროებითი საშუალებით არის გამაგრებული სვეტები, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღები უჭირავთ. მიმდინარეობს კვლევები მუდმივი გამაგრების შესამუშავებლად. მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტი მუშაობს ლაზერული სკანერით მიღებულ სამგანზომილებიან მოდელზე, კონსტრუქციის კრიტიკული წერტილების გამოსავლენად.

Leave a comment

Your email address will not be published.


*