ბოთლში ნაპოვნი წერილი შესაძლოა “ტიტანიკის” მგზავრს ეკუთვნოდეს

კვებეკის უნივერსიტეტის მეცნიერები 2017 წელს ნიუ-ბრანსუიკის სანაპიროზე ბოთლში ნაპოვნ წერილს იკვლევენ. წერილის ავტორი, შესაძლოა, “ტიტანიკის” 12 წლის მგზავრი მატილდა ლეფევრი იყოს. თუ წერილი ნამდვილი აღმოჩნდება, მაშინ ის ხმელეთზე ნაპოვნი პირველი არტეფაქტი იქნება ლეგენდარული ლაინერიდან.

პირველი შედეგები წერილის ნამდვილობას ადასტურებს: ასაკი და მინის, საცობის, ქაღალდის და მელნის ქიმიური შემადგენლობა მითითებულ თარიღს შეესაბამება. გოგონამ, რომელიც დედასთან და და-ძმასთან ერთად მოგზაურობდა, წერილი ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე დაწერა – 1912 წლის 13 აპრილს.

“ტიტანიკზე” ნამდვილად იმყოფებოდა მგზავრი, სახელად მატილდა ლეფევრი. მისი მამა ფრანგი მაღაროელი, ფრენკ ლაფევრი იყო ჩრდილოეთ საფრანგეთიდან. ის ოჯახთან ერთად ამერიკაში იღბლის საძებნელად გაემგზავრა. მან სამუშაო აიოვას მაღაროში მიიღო. ის იქ დაფუძნდა და შეძლო ცოლ-შვილის ამერიკაში წაყვანა.

“ტიტანიკის” კატასტროფის შემდეგ ლეფევრის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს: მას ცოლი და ოთხი შვილი დაეღუპა და ფრენკმა დახმარებისთვის წითელი ჯვრის კომიტეტს მიმართა. იქ გაირკვა, რომ ლეფევრი ამერიკაში არალეგალურად იმყოფებოდა და 1912 წლის აგვისტოში ის საფრანგეთში დააბრუნეს. ფრენკი 1948 წელს 77 ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ერთ-ერთმა შთამომავალმა, ჟაკ ლეფევრმა წერილის შესახებ შეიტყო. მას დიდი იმედი აქვს, რომ ის ნამდვილი აღმოჩნდება. თუმცა, მეცნიერებს მაინც ეჭვები აქვთ. “ტიტანიკის” დაღუპვის შემდეგ უამრავი ყალბი არტეფაქტი გამოჩნდა. წერილიც შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი იყოს. გოგონას ხელწერა განსხვავებულია იმ სტილისგან, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის სკოლებში ასწავლიდნენ. თუმცა, შესაძლოა გოგონამ სხვას სთხოვა წერილის დაწერა.

კიდევ ერთი მიზეზი რაც აეჭვებთ მეცნიერებს – გოლფსტრიმის დინებაა. “ტიტანიკის” მარშრუტის გათვალისწინებით, თბილ დინებას ბოთლი უფრო ევროპის ნაპირებისკენ უნდა გამოერიყა. კანადის სანაპიროზე მისი მოხვედრის შანსი მინიმალურია.

ახალ კვლევებს ნორვეგიელი მეცნიერებიც შეუერთდნენ. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ წერილის სიყალბე ან ნამდვილობის დადგენა მათ ვერასდროს შეძლონ.

da81bd505659461fa0d52942f3668634.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*