ბრაზილიაში აღწერილმა ახალი სახეობის დინოზავრმა, ძველი გამოცანის ამოხსნას შეუწყო ხელი

მეცნიერებმა ტეროპოდის ახალი სახეობა აღწერეს, რომლის წარმომადგენლებს ორი გამოშვერილი მსხვილი ბრჭყალი ჰქონდათ უკანა ფეხებზე და ბალანსირებას ცენტრალურ თითზე ახდენდნენ.

ახალ სახეობას Vespersaurus paranaensis–ი უწოდეს. სიმაღლეში დაახლოებით 80 სანტიმეტრს აღწევდა, სიგრძეში კი 1,6 მეტრი იყო. იწონიდა დაახლოებით 15 კილოგრამს. ხერხემლის მალები, ფრინველების მსგავსად, ჰაერით იყო შევსებული. ამის გამო ისინი მსუბუქები და სავარაუდოდ , სწრაფები იყვნენ.

Vespersaurus paranaensis-ს ბასრი კბილები და უკანა ფეხებზე ბრჭყალები ჰქონდა. ის თითო გრძელ თითზე ახდენდა წონასწორობის დაცვას. ცენტრალური თითის გვერდებზე კი მხოლოდ ბრჭყალები იყო გამოწეული.

Vespersaurus paranaensis ტეროპოდებს მიეკუთვნება – ხვლიკისებრი დინოზავრების ქვერიგს, რომელსაც სხვადასხვა ზომის დინოზავრები მიეკუთვნებიან. მათ შორის, მცირე ზომის ველოცირაპტორი და უზარმაზარი ტირანოზავრი.

Vespersaurus paranaensis ნადირობდა მცირე ზომის დინოზავრებზე და სხვა ცხოველებზე, რომლებიც 85 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.

ამ სახეობის ნაშთები ბრზილიის შტატ პარანაში აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ ერთი ძველი გამოცანა ამოხსნა: 1970–იან წლებში პალეონტოლოგებმა ამავე რეგიონში უცნაური ნაკვალევი აღმოაჩინეს. ის მიეკუთვნებოდა ცხოველს, რომელსაც ფეხზე მხოლოდ ერთი თითი ჰქონდა. ახლა ცნობილი გახდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნაკვალევი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*