ბრიტანულ კუნძულზე მტაცებელი დინოზავრების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მათ შორის არის “ნიანგის თავიანი ჯოჯოხეთური ყანჩა”.

ბრიტანელმა პალეონტოლოგებმა კუნძულ უაიტზე აღმოაჩინეს ძვლები, რომლებიც, მათი აზრით, დინოზავრების ორ ახალ სახეობას ეკუთვნის.

2013-2017 წლებში მკვლევარებმა 50-ზე მეტი ძვალი აღმოაჩინეს. უმეტესობა ნაპოვნია სოფელ ბრაისტოუნთან, სანაპიროს სიახლოვეს. ეს ადგილი მდიდარია ნამარხებით. სწორედ აქ მდებარეობს უესექსის ფორმაცია, რომელიც ადრეული ცარცული პერიოდის გეოლოგიური ობიექტია.

ძვლებს შორის, მეცნიერებმა გამოყვეს ნამარხები, რომლებიც ორ მტაცებელ დინოზავრს ეკუთვნით. ისინი სპინოზავრიდების ოჯახს მიეკუთვნებიან. ამ ოჯახში შემავალი სპინოზავრები და ბარიონიქსები იურული პერიოდის ბოლოს და ადრეულ ცარცულ პერიოდში ბინადრობდნენ.

ინგლისში ბარიონიქსების ნაშთები პირველად სურეიში, 1983 წელს აღმოაჩინეს. ახლადაღმოჩენილი დინოზავრების თავის ქალები იმდენად განსხვავდებიან ბარიონიქსებისგან და ერთმანეთისგანაც, რომ ისინი აშკარად ახალ სახეობებს მიეკუთვნებიან. ეს დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ბრიტანელი მეცნიერებისთვის.

სპინოზავრიდები განთქმული არიან თავიანთი ნიანგისებრი თავის ქალებით. მეცნიერები თვლიან, რომ მათი ფიზიოლოგია მტაცებლებს ნადავლის მოპოვებაში ეხმარებოდა როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. უნივერსალური და მრავალფეროვანი დიეტა მტაცებლის ზომაზე და ცხოვრების არეალზე იყო დამოკიდებული. ევოლუციის განმავლობაში სპინოზავრიდები სულ უფრო წყლის ბინადრები ხდებოდნენ.

ორიდან ერთ-ერთ დინოზავრს Ceratosuchops inferodios დაარქვეს, რაც ნიშნავს – “ჯოჯოხეთური ყანჩა ნიანგის თავით”. ეს სახელწოდება ყანჩების ნადირობის სტილთან არის დაკავშირებული. ისინი საკვებს ძირითადად წყალში ეძებენ, მაგრამ არც ხმელეთზე ნადირობაზე ამბობენ უარს – ისინი მღრღნელებსაც ჭამენ.

მეორეს Riparovenator milnerae დაარქვეს, რაც ნიშნავს – “მდინარე მილნერის ნაპირზე მონადირე”. ანჟელა მილნერი ცნობილი ბრიტანელი პალეონტოლოგი იყო. სწორედ მან აღმოაჩინა და სახელი დაარქვა ბარიონიქსს.

აღმოჩენილი ძვლების მიხედვით დადგინდა, რომ დინოზავრების სიგრძე 9 მეტრს აღწევდა. დიდი მდინარეები და სხვა წყალსატევები დიდ მტაცებელ დინოზავრებს იზიდავდნენ. იქ მობინადრე თევზები, ზვიგენები და ნიანგები მათთვის კარგი ნადავლი იყო.

ანალიზი და კვლევა ადასტურებს, რომ სპინოზავრიდები თავიდან ევროპაში ბინადრობდნენ და შემდეგ მოხდა მათი მიგრაცია აფრიკაში.

f0739b79c335432ca5793dccba7e1d41.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*