განძის მაძიებელთა ოჯახმა ერთი მილიონი დოლარის არტეფაქტებს მიაკვლია

ამერიკელ განძის მაძიებელთა ოჯახმა ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირული ესპანური გემიდან ოქროს სამკაულები და ფული ამოიტანა, რომელთა შორის უიშვიათესი ესპანური მონეტაცაა – “სამასწლოვანი სამეფო”. განძის საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება. მათ შორის არის 12 მეტრიანი ოქროს ჯაჭვიც.

635736866325769382-schmitt-gold2

შმიდტების ოჯახი

განძი ზღვის ფსკერზე დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში “ინახებოდა”. შმიდტების ოჯახი ბოლო 20 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ეძებდა განძს იმ რაიონში, სადაც 1715 წელს კუბიდან ესპანეთში მიმავალი თორმეტი გემიდან, ქარიშხლის დროს, თერთმეტი ფლორიდის სანაპიროსთან ჩაიძირა. დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი. ჩაძირული გემებიდან ჯერ მხოლოდ ხუთია ნაპოვნი.

სწორედ ამ დროს ჩაიძირა Nuestra Senora de Atocha – ესპანური გალეონი, რომელსაც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა გადაჰქონდა. ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ვერცხლის მონეტები, ძვირფასი ქვები, სპილენძი და იარაღი, რომელთა საერთო ღირებულება 450 მილიონი დოლარით შეფასდა. გალეონი ჩაძირული ხომალდების იმ ათეულშია, რომლებზეც ყველაზე დიდი განძი იყო.

ჰილარი შმიდტი ყვება, რომ საგანძურს მისმა ძმამ ერიკმა ქალაქ ფორტ–პირსიდან სულ რაღაც 300 მეტრის დაშორებით, 3,7 მეტრის სიღრმეზე მიაკვლია. მან ოქროს მონეტა პირველივე ჩაყვინთვისას ამოიტანა. შემდეგი ჩაყვინთვაც შედეგიანი აღმოჩნდა და განძმა დღის სინათლე სრულად 17 ივნისს იხილა. თუმცა აღმოჩენა მოგვიანებით გახმაურდა.

მიკვლეულ არტეფაქტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ოქროს იშვიათი მონეტაა, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე V–ის დროს არის მოჭრილი. ექსპერტების შეფასებით, მონეტის ფასი, სულ მცირე ნახევარი მილიონი დოლარია.

goldcoin

ესპანური მონეტა “სამასწლოვანი სამეფო”

კანონის თანახმად, განძის 20% ფლორიდის შტატის ბიუჯეტს ეკუთვნის, დანარჩენი კი თანაბრად განაწილდება შმიდტების ოჯახსა და ბრენტ ბრისბერნის კომპანიას შორის, რომელსაც ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირულ ესპანურ გემებზე კვლევის ექსკლუზიური უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ შმიდტების ოჯახი პირველად არ პოულობს განძს. 2013 წელს მაძიებლებმა წყლის ზედაპირზე 300 ათასი დოლარის ღირებულების 15–მეტრიანი ოქროს ჯაჭვი, მონეტები და სამშვენისები ამოიტანეს.

ბრისბერნის აზრით, ფლორიდის ნაპირებთან განძის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მისი აზრით, ფსკერზეა 440 მილიონი დოლარის მონეტები და ძვირფასეულობა. ზღვის ფსკერზე რჩება ჯერჯერობით იზაბელა ფარნეზეს, ფილიპ V-ის მეუღლის მზითვიც.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*