განძის მაძიებელმა III საუკუნის ოქროს მონეტა იპოვა

მონეტა მოჭრილია რომის უზურპატორი იმპერატორის ალექტეს დროს.

30 წლის ოქროს მაძიებელმა მეტალოდეტექტორის საშუალებით კენტის საგრაფოში, ქალაქ დუვრთან მინდორი გამოიკვლია. ძველად აქ რომაული გზა გადიოდა. მამაკაცმა ბრჭყვიალა საგანი შენიშნა. ნივთი იმდენად ბრწყინავდა, რომ ის მის ფასეულობაში დაეჭვდა. მაგრამ აწონვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მონეტა ნამდვილად ოქროსი იყო. მასა 4,3 გრამს შეადგენდა.

ბრიტანეთის მუზეუმის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მონეტა მოჭრილია III საუკუნეში, იმპერატორ ალექტეს დროს. მის ავერსზე გამოსახულია ორი ტყვე, რომლებიც აპოლონის წინაშე დაჩოქილები არიან, ხოლო რევერსზე ალექტეს პროფილია ამოტვიფრული.

286 წელს ალექტე თვითგამოცხადებული იმპერატორის კარაუზიას მეხაზინე იყო. 7 წლის შემდეგ ალექტემ იგი მოკლა და თავისი თავი გამოაცხადა იმპერატორად. 296 წელს ალექტე ბრძოლაში დაიღუპა. მისი სამწლიანი მმართველობა სასტიკი ტირანიით არის ცნობილი. ამას გარდა, მან შეძლო ბრიტანეთის გამოყოფა რომის იმპერიისგან. დღევანდელ დღეს, როცა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა ეს ისტორიული პარალელი ძალიან აქტუალურია. ბრიტანეთის მუზეუმმა გამოფენაც კი მოაწყო, რომელიც “პირველ ბრექსიტერს” მიეძღვნა.

დუვრის მონაპოვარი უნიკალურია. ალექტეს დროინდელი მონეტის ასევე კარგად შემონახული ერთადერთი ნიმუში ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

ოქროს მაძიებელი მონეტის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. სპეციალისტები მის ღირებულებას 100 000 ფუნტად აფასებენ. თანხის ნახევარს მიიღებს მიწის მფლობელი, სადაც აღმოჩენა მოხდა. სახელმწიფოს კი იგი არაფერს გადაუხდის. დიდი ბრიტანეთის კანონის მიხედვით, ერთეული მონეტის პოვნა განძად არ ითვლება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*