განძი რომაული “ტიტანიკიდან”

მყვინთავთა და არქეოლოგთა ერთობლივმა ექსპედიციამ ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ანტიკითერასთან ძვ. წ. 70–60–იან წლებში ჩაძირულ რომაულ ხომალდზე განძს მიაკვლია. სპეციალისტები არტეფაქტების სიმრავლემ და მდიდრულობამ გააკვირვა.

განძის მისაკვლევად სპეციალისტებს ორწლიანი მუშაობა დასჭირდათ. ხომალდის შესასწავლად ავტონომიურ წყალქვეშა აპარატზე საგანგებო ფოტოკამერები დაამონტაჟეს. წყალქვეშა კვლევებისას გაირკვა, რომ 2014 წელს აღმოჩენილი ხომალდი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

ბრენდან ფოლი, ექსპედიციის ხელმძღვანელი: “ანტიკურ ეპოქაში ჩაძირული ხომალდებიდან, რომლის ნარჩენებიც მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ეს ყველაზე დიდია. ეს ანტიკური ეპოქის ნამდვილი “ტიტანიკი” იყო”.

ხომალდზე იპოვეს მდიდრული, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი, ქოთნები, მარმარილოსგან დამზადებული ცხენის ოთხი ქანდაკება და, რაც მთავარია, ბრინჯაოს შუბი, რომლის სიგრძეც ორი მეტრია. ბრენდან ფოლი ამბობს, რომ შუბი მძიმეა და ადამიანს მისი მოხმარება გაუჭირდებოდა. ამიტომ, მკვლევარი ფიქრობს, რომ ის სავარაუდოდ, საბრძოლო ეტლზე ამხედრებული მებრძოლის ქანდაკების ნაწილი უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც მარმარილოს ცხენები.

როგორც ირკვევა, რომაელებს ჩაძირული ხომალდით მცირე აზიაში ნაძარცვი საგანძური გადაჰქონდათ რომში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გემი ქარიშხალმა კუნძულ ანტიკითერას კლდოვან ნაპირებს შეანარცხა და მისი დაღუპვის მიზეზიც ეს გახდა. ახლა ნამსხვრევები 55 მეტრის სიღრმეზე, ეგეოსის ზღვის ფსკერზეა და მყვინთავებს რისკიანი მუშაობა უწევთ.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*