გერმანიაში აღმოაჩინეს 47 მილიონი წლის წინანდელი უძველესი პითონის ნამარხი

მილიონობით წლის წინ მახრჩობელები და პითონები ევროპაში ბინადრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით მათ უფრო ცხელ კონტინენტებზე გადასვლა მოუწიათ.

პალეონტოლოგმა კრისტერ სმიტმა და მისმა კოლეგამ სან-პაულუს უნივერსიტეტიდან, ჰუსამ ზაჰერმა უძველესი პითონის ნამარხი აღწერეს. თითქმის მთლიანად შემონახული ნამარხი გერმანიის ქალაქ დარმშტადთან ახლოს მდებარე მესელის კარიერში აღმოაჩინეს.

მესელის კარიერში 47 მილიონი წლის ასაკის ეოცენის ხანის დანალექი ქანები მოიპოვება. აქ უძველესი ცხოველების უამრავი ნამარხია აღმოჩენილი, მათ შორის – ძუძუმწოვრების. 1995 წელს კარიერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში შეიტანეს.

პითონები დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველებია (ზოგიერთის სიგრძე 9 მეტრს აჭარბებს). დღეს ამ ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობები უმეტესად აფრიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში გვხვდება. მაგრამ პითონების გეოგრაფიული წარმოშობა დღემდე გამოცანად რჩება. სმიტის სიტყვებით, ახალი სახეობის აღმოჩენა ამ არსებების ევოლუციის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

პითონების ახალ სახეობას Messelopython freyi უწოდეს. ყველა ნიშნით, ეს ნაშთები პითონის ყველაზე ძველი ნამარხია მსოფლიოში. ეს სახეობა ევროპაში ეოცენის დროს, 47 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მაგრამ შემდეგ დიდი გველები ევროპის კონტინენტიდან გაქრნენ. მათი ნამარხები აღმოჩენილია მიოცენის ხანის დანალექ ქანებში – 23-დან 5 მილიონ წლამდე პერიოდში. როცა მიოცენის შემდეგ გლობალური გამყინვარება დაიწყო, პითონები ევროპიდან გაქრნენ.

თანამედროვე პითონები თავიანთი ანატომიურად მსგავსი ნათესავებისგან, მახრჩობელებისგან, სრულიად განცალკევებულად ცხოვრობენ. თუმცა, ეოცენის ხანაში ისინი მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთ ეკო ნიშას იკავებდნენ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის კონკურენტი იყო და მათ არ შეიძლებოდა ერთი და იგივე საარსებო არეალი ჰქონდათ.

ერთ-ერთი საინტერესო ეკზემპლარია მახრჩობელა ეოკონსტრიქტორის ნამარხიც: ის ცნობილია მხედველობის ინფრაწითელი დიაპაზონით. აღმოჩნდა, რომ ეოკონსტრიქტორს თერმორეცეპტორული ღრმულები ჰქონდა, რომლებიც თანამედროვე მახრჩობელებს და პითონებს გააჩნიათ.

ee3d121c485c40e998edd5cbc7db75c8.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*