გერმანულ ციხესიმაგრეში ბერნინის მიერ შექმნილი თავის ქალა აღმოაჩინეს

ძვირფასი ექსპონატი ყველას თვალწინ იდო და არავინ დაინტერესებულა.

მდინარე ელბას ნაპირზე, თანამედროვე დრეზდენის მიდამოებში, მდებარეობს პილნიცის ციხე-კოშკი. წარსულში ეს საქსონიის მეფეების ქალაქგარე რეზიდენცია იყო. ახლა კი, აქ მუზეუმი ფუნქციონირებს. ერთხელ, კარავაჯოს ნამუშევრების ექსპოზიციის მომზადების პროცესში, მუზეუმის სპეციალისტებმა ერთ საგანს მიაქციეს ყურადღება: კარარის თეთრი მარმარილოსგან გაკეთებულ თავის ქალას. ის იმდენად რეალისტურად იყო შესრულებული, რომ ნამდვილს ჰგავდა. კურატორებმა ის რომაულ ხელოვნებას შეადარეს. ვიღაცამ ხუმრობით თქვა, რომ ეს ჯოვანი ბერნინის ნამუშევარია, მაგრამ ამის მართლა დაჯერება ძალიან რთული იყო: XVII საუკუნის დიდი მოქანდაკის, ბერნინის ნამუშევრები ძალიან დაფასებულია ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან. ყოველი მათგანი აღწერილია, აღნიშნულია და კატალოგებშია შეტანილი. დაკარგულ ქანდაკებებზე აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

თავის ქალა სარესტავრაციო სახელოსნოში გადაიტანეს და შემდგომმა კვლევებმა აჩვენა – რეალისტური თავის ქალა მართლაც ბერნინის ნამუშევარია. ისტორიულ დოკუმენტებშიც მოიძიეს ინფორმაცია: ავგუსტ ძლიერის მრჩეველი ხელოვნების განხრით, რაიმონ ლე პლატი ყვება, თუ, როგორ აღმოჩნდა “მკვდარი თავი” პოლონეთის მეფის გვირგვინის საკუთრება.

1728 წელს მეფემ სხვა, 164 ანტიკურ ქანდაკებასა და 4 ბაროკოს სტილის ნამუშევართან ერთად თავის ქალა იყიდა. წინა მფლობელი კარდინალი და სიძველეების კოლექციონერი, ფლავიო კიჯი იყო. კიჯი პაპ ალექსანდრე VII-ეს ძმისშვილი იყო და მისი სიკვდილის შემდეგ, თავის ქალა მემკვიდრეობით მიიღო.

ალექსანდრე VII რომის პაპი 1655-1667 წლებში იყო და სწორედ მან შეუკვეთა კარარის თეთრი მარმარილოსგან დამზადებული თავის ქალა. ის ადამიანური ყოფის სიმყიფის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ მხატვრები ხშირად ქმნიდნენ საშიშ სახეებს და შთაგონების წყარო სიტყვები “memento mori” – “გახსოვდეს სიკვდილი” იყო.

თუ თანამედროვე მნახველს შესაძლოა ისინი უსიამოვნოდ მოეჩვენონ, ძველი ფილოსოფოსებისთვის და ხელოვანებისთვის ეს “ოპტიმისტური და ძალიან აზრიანი მინიშნება იყო” – ადამიანს მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა სიცოცხლეში მისთვის განკუთვნილი დრო.

ალექსანდრე VII-თვის არტეფაქტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: მალე, რომს შავი ჭირის ეპიდემია დაატყდა თავს და რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია მასთან ბრძოლაში ჩაება.

მას შემდეგ, რაც საქსონიის მეფეების რეზიდენცია მუზეუმად იქცა, თავის ქალა არქეოლოგიის განყოფილებაში, მინის ქვეშ ინახებოდა, მაგრამ მისი წარმოშობა და ისტორია დაკარგული იყო და მის შესწავლას არც არავინ აპირებდა.

ახლა ექსპონატი დრეზდენშია გამოფენილი გვიდო უბალდო აბატინის ნახატთან ერთად, რომელზეც ალექსანდრე VII-ს ხელი თავის ქალაზე უდევს.

გამოფენა სახელწოდებით “ბერნინი, პაპი და სიკვდილი” 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

8374b6280d5144adb0bf4d34e0450e1e.max-2000x1000

75a0acd4aa834081a06f758f52b5c44c.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*