გიბრალტარის მღვიმეში საიდუმლო კამერა აღმოაჩინეს

იქ, სულ მცირე, 40 000 წელი არავინ შესულა.

გიბრალტარის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა უძველესი კამერა აღმოაჩინეს, რომელიც 40 000-ზე მეტი წლის წინ დაბეჭდეს. ის “ჰორამის მღვიმეების კომპლექსში” შემავალი ვანგარდის მღვიმეში მდებარეობს.

1907 წელს ბრიტანელმა სამხედრომ, ა. ჰორამმა გამოქვაბული აღმოაჩინა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. გათხრების დროს აქ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა: იპოვეს ნეანდერტალელების უძველესი სადგომი ევროპაში. ჰორამის კომპლექსში კიდევ სამი მღვიმე შედის. 1997 წელს აღმოჩენილი ვანგარდის მღვიმე მათ რიცხვში შედის.

მისი სიმაღლე 35 მეტრია. ქვედა ნაწილის 1,7 მეტრი სისქის შრე ისტორიამდელ დროზე მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს: ეს არის ქვის იარაღების ნაწილები, კოცონის ნარჩენები, თევზების და ზღვის ცხოველების ძვლები, მოლუსკების ნიჟარები. ამ ნარჩენების დახმარებით დაადგინეს ნეანდერტალელების დიეტა 55 000-28 000 წლის წინანდელ პერიოდში. ზღვის პროდუქტებით კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად მღვიმე ზღვიდან 4,5 კილომეტრით არის დაშორებული.

2012 წელს მღვიმეში ახალი სამუშაოები დაიწყო. არქეოლოგებმა მრავალი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს – კედლებზე გავლებული ხაზები, რომლებიც შესაძლოა უძველესი ადამიანების ნახატები იყოს. ცოტა ხნის წინ კი დამალული კამერა იპოვეს, რომელიც 40 000-ზე მეტი წლის წინ არის ჩახერგილი.

“დარბაზის” ზომა 13 მეტრია. იატაკზე იპოვეს ფოცხვერის, აფთრის, თეთრთავა სვავის და რვაფეხას ნარჩენები. კედლებზე აღინიშნება ნაკაწრები. კამერაში მიწისძვრების კვალი ჩანს, რომელმაც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ჩახერგეს შესასვლელი.

კამერა რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს. მეცნიერები ახალი კვლევების და ამ ტერიტორიაზე მეტი ცოდნის მოლოდინში არიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*