გიგანტური სამხედრო ნაგებობა პორტუგალიაში

პატარა პორტუგალიური ქალაქი ელვაში, რომელიც პორტუგალია–ესპანეთის საზღვართან მდებარეობს და ამჟამად სულ რაღაც 15 500 მცხოვრებს ითვლის, იმით არის გამორჩეული, რომ აქაური გიგანტური ფორტიფიკაცია მსოფლიოში ყველაზე დიდია ე. წ. მსრალი თხრილების გამოყენებით შექმნით ანალოგიურ ნაგებობებს შორის. ელვაში და მისი საგარნიზონო ფორტიფიკაცია 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ქალაქი 1229 წელს დააფუძნეს, თუმცა აქ არის X საუკუნის ნანგრევებიც. ფორტი კი XVII საუკუნეში დააპროექტა და ააგო ფლამანდიელმა იეზუიტმა, პადრე ჟოაო პისკასიო კოსმანდერმა. ჰოლანდიურ სიმაგრეთა სკოლის ეს ნაგებობა, ამასთანავე, მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული ჰოლანდიური ფორტიფიკაციაა. აქ, მრავალრიცხოვანი ყაზარმებისა და სხვა სამხედრო ნაგებობების გარდა, არის ეკლესია–მონასტრებიც. ელვაშის მიდამოები განსაკუთრებით იყო გამაგრებული პორტუგალიასა და ესპანეთს შორის დაპირისპირების პირობებში. ფორტმა დიდი როლი ითამაშა ელვაშის 1659 წლის ბრძოლაში, სადაც პორტუგალიის არმიამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ესპანელებზე, პორტუგალიის დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში.

ხანგრძლივი ალყების დროს გარნიზონისა და ქალაქის წყლით მომარაგებისთვის ელვაში 1537–1622 წლებში ააგეს გრანდიოზული აკვედუკი ამორეირა. მისი სიგრძე დაახლოებით 7,5 კილომეტრია. ზოგიერთ ადგილას კონსტრუქცია ოთხიარუსიანია, სადაც აკვედუკის სიმაღლე 40 მეტრსაც აღწევს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*