გილიოტინის ისტორიიდან

200–წლიანი არსებობის განმავლობაში გილიოტინაზე თავი ათეულათასობით ადამიანს მოკვეთეს. მათ შორის დამნაშავეებს, რევოლუციონერებს, არისტოკრატებს, მეფეებს და თვით დედოფლებსაც კი. ის მხოლოდ სიკვდილის ეფექტური მანქანა არ ყოფილა, “წმინდა გილიოტინა”საფრანგეთის დიად რევოლუციის სიმბოლოდ და სამარცხვინო ლაქად იქცა XVIII, XIX-XX საუკუნეებში. 

გილიოტინის ისტორია სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. თავად სახელწოდება გილიოტინა კი 1790–იან წლებში, საფრანგეთის რევოლუციის დროს ახსენეს. ამ ტიპის მოწყობილობებს კი მანამდე, რამდენიმე ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ.

The_Halifax_Gibbet_-_geograph.org.uk_-_350422

გილიოტინის ერთ–ერთი წინამორბედის, ჰალიფაქსის სახრჩობელის ასლი ახლაც დგას თავდაპირველ ადგილას – ინგლისის ქალაქ ჰალიფაქსში, დასავლეთ იორკშირში. უკან მოჩანს წმინდა მარიამის კათოლიკური ეკლესია.

თავის მოსაკვეთი მოწყობილობა, სახელწოდებით პლანკა, გამოიყენებოდა შუა საუკუნეების გერმანიასა და ფინეთში. ბრიტანეთში ამისთვის ნაჯახს იყენებდნენ, სახელად ჰალიფაქსის სახრჩობელა, რომლის საშუალებითაც თავს ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში კვეთდნენ. ასევე არსებობს ფაქტები, რომ გილიოტინის პრიმიტიულ ფორმას საფრანგეთში ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყენებდნენ.

სინამდვილეში გილიოტინა შექმნეს, როგორც სიკვდილით დასჯის შედარებით ჰუმანური საშუალება. ფრანგული გილიოტინის გამოგონება 1789 წლით თარიღდება, როცა დოქტორმა ჟოზე–იგნას გილიოტენმა ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის “შედარებით ჰუმანური მეთოდი”შესთავაზა. დოქტორი ფიქრობდა, რომ ელვის სისწრაფით მოქმედი მანქანით სიკვდილმისჯილები ნაკლებად დაიტანჯებოდნენ, ვიდრე ცულით ან ხმლით თავის მოკვეთისას.

პირველი მსხვერპლი გილიოტინაზე 1792 წელს დასაჯეს. გამომგონებლის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც ჰუმანური მოსაზრებები ამოძრავებდა, სიკვდილის მანქანისთვის საკუთარი სახელის ჩამოცილება გილიოტენმა ვერ შეძლო. ეს ბრძოლა მისმა შთამომავლებმაც განაგრძეს და XIX საუკუნეში პეტიციაც კი შეიტანეს მთავრობის სახელზე, მაგრამ უშედეგოდ.

გილიოტინით სიკვდილით დასჯა მასებისთვის სანახაობად იქცა.

რევოლუციური ტერორის დროს, XVIII საუკუნის 90–იან წლებში, საფრანგეთის რევოლუციის მტრებს თავებს სწორედ გილიოტინით აყრევინებდნენ. თავდაპირველად საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო იყო, რომ სიკვდილის მანქანა მეტად სწრაფად მოქმედებდა. მოგვიანებით კი სიკვდილით დასჯა გილიოტინით ნამდვილ გასართობად იქცა.

ხალხი რევოლუციის მოედანზე ჯგუფ–ჯგუფად მოდიოდა სიკვდილის მანქანის საზარელ სამუშაოს სანახავად. მოსეირეებს შეეძლო გასცნობოდნენ პროგრამას, სადაც სიკვდილმისჯილთა სია იყო მითითებული, წაეხემსათ რესტორანში, სახელად “კაბარე გილიოტინასთან” და ეყიდათ სუვენირები. ზოგიერთები სიკვდილის დასჯას ყოველდღე ესწრებოდნენ. გამოირჩეოდა ფანატიკოს ქალთა ჯგუფი, რომელსაც “მქსოველები” შეარქვეს. ისინი ეშაფოტთან წინა რიგებში სხდებოდნენ და სიკვდილით დასჯიდან დასჯამდე შუალედებში ქსოვდნენ.

მწუხარე–თეატრალური განწყობა მსჯავრდებულებსაც გადაედებოდათ. ნაწილი სარკასტულ შენიშვნებს გამოთქვამდა, ზოგი ეშაფოტზე ასვლისას უკანასკნელ ნაბიჯებს ცეკვა–ცეკვით დგამდა. გილიოტინით აღფრთოვანება მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს განელდა, თუმცა სიკვდილით სახალხოდ დასჯა საფრანგეთში 1939 წლამდე გრძელდებოდა.

გილიოტინა პოპულარული სათამაშო იყო ბავშვებისთვისაც. ბევრი სიკვდილით დასჯას ესწრებოდა და სახლშიც თამაშობდა გილიოტინის მინიატურული მოდელით. მისი ზუსტი, ნახევარმეტრიანი ასლი იმჟამინდელ საფრანგეთში პოპულარული გასართობი იყო, რომლითაც თავს დოჯინებსა და მღრღნელებს კვეთდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ეს “გართობა” ბავშვების ფსიქიკაზე ცუდ გავლენას ახდენდა, ბევრ ქალაქში სათამაშო გილიოტინები აკრძალეს. უცნაურია, მაგრამ გილიოტინის მინიმოდელის გამოყენება შეძლებულ ოჯახებში მალე პურისა და ბოსტნეულის დასაჭრელად დაიწყეს.

გილიოტინის ჯალათები ყველაზე ცნობილი სახეები ხდებოდნენ. მათი პოპულარობა და რეპუტაცია გილიოტინის პოპულარობისა და რეპუტაციის მხარდამხარ იზრდებოდა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში.ჯალათი იმით ფასდებოდა, რამდენად სწრაფად და ზუსტად შეძლებდა თავის მოკვეთას. ეს საქმე ხშირად მემკვიდრეობითაც გადაეცემოდათ. ერთ–ერთი სენსონების ოჯახი იყო. ისინი 1792–დან 1847 წლამდე სახელმწიფოს მთავარი ჯალათები იყვნენ. სენსონებმა 6 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათ შორის მეფე ლუი XVI და დედოფალი მარია ანტუანეტა.

ANATOLE

ანატოლ დებლერი 40 წელიწადს იყო მთავარი ჯალათი. 54 წლიანი კარიერის განმავლობაში კი სულ 395 დასჯაში მიიღო მონაწილეობა და აქედან 299–ჯერ – მთავარ აღმასრულებლად.

XIX-XX საუკუნეებში კი მთავარი ჯალათის ტიტული დებლერების ოჯახს ერგო. მამა–შვილმა ამ პოსტზე მემკვიდრეობით 1879–დან 1939 წლამდე დაჰყვეს. ხალხი ხშირად აქებდა სენსონებს და დებლერებს. ეშაფოტზე გასვლის წინ მათი ჩაცმულობა ქვეყანაში მოდის ტენდენციას განსაზღვრავდა. ჯალათებით აღფრთოვანებას ვერც დამნაშავეთა სამყარო მალავდა. ზოგიერთი მონაცემით, განგსტერები და ბანდიტები ტატუსაც კი იკეთებდნენ, სადაც ეწერა მაგალითად: “ჩემი თავი ერგება დებლერს”.

სიკვდილით დასჯის სემდეგ დაღუპულთა თავებს სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. აინტერესებდათ, მოკვეთილი თავი ინარჩუნებდა თუ არა გონებას. ამ თემაზე დებატებმა პიკს 1793 წელს მიაღწია, როდესაც ჯალათის თანაშემწემ, მსხვერპლის მოჭრილ თავს სახეში ჩაარტყა და მაყურებლების მტკიცებით, სახე სიბრაზისგან გაწითლდა.

მოგვიანებით მეცნიერები მსჯავრდებულებს სთხოვდნენ, თავის მოკვეთის შემდეგ ცალი თვალი გაეხილათ იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერ კიდევ შეეძლოთ მოქმედება. ზოგიერთი სიკვდილით დასჯილს სახელს უყვიროდა, ან მის სახეს ალით ან ამიაკით წვავდა რეაქციის სანახავად. 1880 წელს ექიმი დესი დე ლინერი მოკვეთილი თავის ძარღვებში სისხლის ცასხმასაც კი ცდილობდა იმის გასარკვევად, დაუბრუნდებოდა თუ არა მას სიცოცხლე და შეძლებდა თუ არა ლაპარაკს.

4cb6a06bda95d342aa6151377063bad0

საფრანგეთში გილიოტინაზე თავი საჯაროდ უკანასკნელად 1939 წლის 16 ივნისს მოჰკვეთეს.

საშინელი ექსპერიმენტები მხოლოდ XX საუკუნეში შეწყდა, თუმცა ვირთხებზე ჩატარებული ცდები აჩვენებს, რომ ტვინის მოქმედება თავის მოკვეთიდან, 4 წამის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

გილიოტინას იყენებდნენ ნაცისტურ გერმანიაშიც და იმის მიუხედავად, რომ სიკვდილის ეს მანქანა საფრანგეთთან ასოცირდება, მესამე რაიხის პერიოდშიც არანაკლები სიცოცხლე იმსხვერპლა. XX საუკუნის 30–იან წლებში ადოლფ ჰიტლერმა ის სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯის განაჩენით სისრულეში მოყვანის ძირითად ინსტრუმენტად გამოაცხადა და 20 ცალი შეუკვეთა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში დასადგმელად. ნაცისტების ჩანაწერების თანახმად, გილიოტინაზე 17 ათასამდე ადამიანი დასაჯეს. მათი უმრავლესობა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი და დისიდენტი იყო.

გილიოტინა უკანასკნელად XX საუკუნის 70–იან წლებში გამოიყენეს. ჰამიდა ჯანდოუბი, რომელსაც მისი მეგობარი 21 წლის გოგონას წამება და მკვლელობა ედებოდა ბრალად, სიკვდილით 1977 წლის 10 ოქტომბერს, მარსელის ციხეში დასაჯეს. თუმცა ოფიციალურად სიკვდილის მანქანის 189–წლიანი ბატონობა მხოლოდ 1981 წელს დასრულდა, როცა ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობისას საფრანგეთმა სიკვდილით დასჯის ნორმა გააუქმა.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*