გიორგი სააკაძის როლი ქართველთა განმათავისუფლებელ ბრძოლაში

გიორგი სააკაძე თბილისში იმყოფებოდა. პირად მტერთაგან მიყენებული ბოროტება “დავიწყებოდა” და მათთან შერიგებას ცდილობდა, რათა ერთიანი ძალებით ქვეყნის დასახსნელად ებრძოლათ. მისი მტრები კონტაქტზე წამოსვლას არ ფიქრობდნენ და შაჰ აბასთან მლიქვნელობით და სამსახურით აპირებდნენ თავისი მდგომარეობის განმტკიცებას.

ერთი რამ, რაც დიდმა მოურავმა მოახერხა, ის იყო, რომ მთელი თავისი ავტორიტეტი გამოიყენა, რათა ქართლის დარბევა შაჰს გადაეფიქრებინა და ქართლელთა (კახელების მსგავსად) ერანში გადასახლების გადაწყვეტილება შეეჩერებინა.

ამასობაში, 1619 წელს, ბაგრატ ხანმა თავისი უფერული მეფობა და სიცოცხლე დაასრულა. იმავე წელს აბასმა ქართლის მმართველად მისი მცირეწლოვანი შვილი, გამაჰმადიანებული სიმონი დანიშნა, რეგენტად კი მოურავ–ბეგი დაუნიშნა. ამდენად, გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი გამგებელი გახდა.

ქართლის გამგებლის მთავარი ამოცანა ქართველების გაერთიანება, ერთსულოვნების მიღწევა იყო, ამიტომ მან თავზე დატეხილი უბედურება თავის მოსისხლე მტრებს აპატია და საქართველოს ერთიანობისთვის შეკავშირებისკენ მოუწოდა, ის შეურიგდა ქაიხოსრო ჯავახიშვილს და ფარსადან ციციშვილს.

მოურავი იმერეთის მეფესაც დაუკავშირდა და აჯანყებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა. ეს კი საქართველოს გაერთიანების დასაწყისი იქნებოდა.

იმ დროს კახეთს ყიზილბაში ფეიქარ ხანი მართავდა. იგი კახეთში დიდი მონდომებით ასახლებდა მომთაბარე მუსულმანებს, მაგრამ დაცარიელებულ სამეფოს ეს ვერაფერს შველოდა. რაკი შედარებით სიწყნარე დამყარდა, ტანდათან მთებში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში შეხიზნულმა კახელებმაც იწყეს დაბრუნება. მათ საკმაოდ დიდი რიცხვი შეადგინეს. ამან ფეიქარ ხანი შეაშფოთა და სასწრაფოდ შაჰს ცნობა გაუგზავნა: კახელები იმდენი მოგროვდნენ, რომ აჯანყების შემთხვევაში 10 000 ხმლიანი მებრძოლი შეუძლიათ გამოიყვანონო.

qetevan2

ქეთევან დედოფალი

1618 წელს ოსმალეთმა ერანის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო, რომლის მიზნებს შორის ერთ–ერთი საქართველოდან ყიზილბაშთა განდევნა, კახეთის ტახტზე თეიმურაზის აღდგენა იყო. ოსმალეთის არმიის მოწინავე რიგებში კახელები იბრძოდნენ თეიმურაზის მეთაურობით. მაგრამ მათ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოიპოვეს და ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ოსმალტა სარდალმა ხალილ ფაშამ ერანთან ზავი დადო, რომლითაც 1612 წლის ზავის პირობები იქნა აღდგენილი.

თეიმურაზის გეგმები ჩაიშალა, მაშინ მან რუსეთისგან სცადა დახმარების მიღება: 1618 და 1623 წელს რუსეთმა მას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა, თუმცა დიპლომატიური გზით კი ვითომ შეეცადა მისი პრობლემების მოგვარებას და შაჰს მოუწოდა, ლუარსაბი და თეიმურაზი თავ–თავის სამეფოში დაებრუნებინა, მაგრამ ამ ცდებმა შაჰი კიდევ უფრო გააცოფა და ეს განწყობა თეიმურაზის ოჯახის ამოწყვეტით დააკმაყოფილა: 1620 წელს თეიმურაზის ვაჟები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისეს, რასაც ერთის სიკვდილი, მეორესი კი ჭკუიდან შეშლა მოჰყვა. 1624 წელს კი საშინელი წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს თეიმურაზის დედა, ქრისტიანობისთვის წამებული, ქეთევან დედოფალი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 1622 წელს შაჰ აბასმა სიკვდილით დასაჯა ლუარსაბ მეფეც.

1624 წელს ფეიქარ ხანმა განმეორებით აცნობა შაჰს კახელების აჯანყებისთვის მზადების შესახებ. აბასი საქართველოში გამოლაშქრებისთვის მზადებას შეუდგა. გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი ერანში გაიწვიეს.

შაჰ აბასის საქართველოსთან დამოკიდებულება კიდევ უფრო გაბოროტებული და უკიდურესად გაავებული გახდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კახელები, როგორც თეიმურაზის მომხრე და დასაყრდენი ძალა, ერთიანად ამოეწყვიტა, მათ ადგილას ყიზილბაშები და თურქმენები ჩამოესახლებინა, ხოლო ლუარსაბის და თეიმურაზის მომხრე თავადები ერანს წაეყვანა.

შაჰ აბასისადმი ქართველთა დამოკიდებულება თვით ერანშივე უარყოფითად შეიცვალა. ეს ცვლილება აშკარა შეიქნა ერანში ჩაყვანილ იმ ქართველებს შორისაც, რომლებიც მის მეგობარ მოლაშქრეებად იყვნენ დაწერილნი. შაჰის “მეგობრები”, ანუ “შაჰის სევანები” თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ ვერაგმა აბასმა ისინი სასტიკად მოატყუა. ერანის შინაურ თუ საგარეო ომებში თავგანწირვით იბრძოდნენ და მათი დიდი ნაწილი სიცოცხლესაც კი სწირავდა, რის სამაგიეროდ შაჰის დაპირებული წყალობა არსად ჩანდა. შაჰისგან წყალობის მოიმედე ეს თავდადებული მეომრები თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ თავისი ქვეყნის დიდი მტრის სასარგებლოდ იწირებოდნენ და სამშობლოში დაბრუნების შანსი თანდათან ეკარგებოდათ. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ერანში მოტყუებით ჩაყვანილ ქართველებს შაჰის წყალობის გარანტიად გამაჰმადიანება მოსთხოვეს.

მათზე ადრე შაჰის ვერაგობას და უპირობას გიორგი სააკაძე მიხვდა. მისი და შაჰის გეგმები საქართველოს მიმართ სრულიად საპირისპირო იყო. ძლიერი და ერთიანი საქართველო, რაც დიდი მოურავის მთავარ გეგმას და ამოცანას შეადგენდა, შაჰისთვის სრულიად მიუღებელი ჩანდა. მას საქართველოს გადაგვარების სურვილი სააკაძის ხელით სურდა განეხორციელებინა.

საქართველოში ჩამოსულმა მოურავმა ისიც შესანიშნავად დაინახა, რომ შაჰის ვერაგული გეგმები მარტო კახეთის მოთხრით არ მთავრდებოდა, ახლა მას ასეთივე გეგმა ჰქონდა შემუშავებული ქართლის მიმართაც. ეს იყო ქართლის მაჰმადიანურ სახანოდ გადაქცევა, ქვეყნის დახარკვა, ქართველ აზნაურ–მოლაშქრეთა “ყულის” ჯარში გაწვევა, ქრისტიანების შეურაცხყოფა, თავადთა გაუთავებელი რბევა–დამდაბლება და მაჰმადიანობის გავრცელება.

ქართველთა უმრავლესობა ყველაფერ ამას ხვდებოდა, რაც მას ყიზილბაშობის წინააღმდეგ განწყობილებას უძლიერებდა.

სააკაძისთვის აშკარა გახდა, რომ ქართლში აჯანყება მწიფდებოდა და თვითონაც ამისთვის მზადებას შეუდგა.

საქართველოში ერანული ჯარის მეთაური ყარჩიხა–ხანი შაჰ აბასის ვერაგული ჩანაფიქრის განხორციელებას ადრევე შეუდგა. 1623 წელს (სხვა ცნობით, ეს მოხდა 1625 წელს – მ. ს.) კახეთის თავადაზნაურობა და მოლაშქრენი მუხრანს მოიწვია, აღაიანის მინდორზე მათი ერთიანად გაწყვეტა ჰქონდა განზრახული.

800px-KingLuarsab

ლუარსაბ II

ოპერაცია სპარსელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. მართალია მრავალი მოსული დაიღუპა, მაგრამ უმეტესმა ნაწილმა ხმლით გზა გაიკაფა და კახეთს მიაშურა. კახეთი აჯანყებამ მოიცვა. ამ მუხანათობამ ქართლიც შეაშფოთა. ყარჩიხა–ხანმა და სხვა ყიზილბაშებმა მარცხი გიორგი სააკაძეს დააბრალეს. რაც ჭეშმარიტებისგან სორს არ უნდა იყოს.

გიორგი არაფერს არ იმჩნევდა და ერანელთა ერთგული მსახურის შესაბამისად ყარჩიხა–ხანის ბანაკში იმყოფებოდა. შაჰ აბასმა ყარჩიხა–ხანს წერილით შეატყობინა რომ ქართველები და, პირველ რიგში, გიორგი სააკაძე მოესპო. ამავდროულად, ქართლსა და კახეთში აჯანყებისთვის ინტენსიური მზადება მიდიოდა. შაჰის წერილი, სააკაძის ერთგული ადამიანების მონდომებით, დიდ მოურავს ცაუვარდა ხელში. ამ ცნობამ საქმე დააჩქარა.

1625 წლის 25 მარტი, ხარება დღე თენდებოდა. მარტყოფის ველზე დაბანაკებულ სპარსელთა ლაშქარს ქართველთა რაზმი მიუახლოვდა. ატეხილ განგაშზე ერანელთა სარდლობა ყარჩიხა–ხანთან შეიკრიბა. მათ სააკაძესაც უხმეს. გიორგი ამ მომენტს ელოდა. მასთან მისი ერთგული თანამებრძოლები: გიორგის ვაჟი ავთანდილი, თავადები – ილია დიასამიძე, პაატა ხერხეულიძრ და გიორგის განუყრელი მხლებელი – მსახური, პაპუნა ვაშაყაშვილი, იშვიათი ძალის, სიმამაცისა და მოხერხების მეომრები იყვნენ. მათ დაძახებისთანავე ხმლები იშიშვლეს და ერანელთა მხედრობის მეთაურები იქვე გაჟლიტეს. უმეთაუროდ დარჩენილ ლაშქარს ქართველებმა მუსრი გაავლეს. 30 000 ყიზილბაშიდან, რომელიც იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა მხოლოდ 3000–მა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი იარაღი და ქონება ჩაუვარდათ ხელთ.

სააკაძე ელვისებურად მოქმედებდა. პირველ რიგში, თბილისს დაეცა. სიმონ ხანმა გაქცევა მოასწრო და აღჯაყალის ციხეში გამაგრდა. სააკაძე და ზურაბ ერისთავი გაქცეულ ფეიქარ ხანს დაედევნენ, მაგრამ უკანასკნელმა გაასწრო. ყიზილბაშთა მთელი ლაშქარი ქართველებს ტყვედ ჩაუვარდა.

აჯანყებულებმა ფეიქარ–ხანის რეზიდენცია ხორნაბუჯის ციხე აიღეს, შემდეგ სააკაძე განჯა–ყარაბაღს მიადგა, იქ თავმოყრილი ყიზილბაშები გაანადგურა და ქართველთა ჯარი, ალაფითა და ტყვეებით, ქართლში დაბრუნდა.

გიორგისთვის ნათელი იყო, რომ მარტო ქართლ–კახეთის იმედით სპარსელებს ვერ აჯობებდა. იგი მოკავშირეებს ეძებდა და პირველ რიგში ასეთი ოსმალეთი ესახებოდა, რომლის დიდი ვეზირი, მთავარსარდალი ჰაფიზ ფაშა, დიარბაქირში, ერანის საზღვრის ახლოს იდგა. მას მოურავმა თავისი გამარჯვება ამცნო, მტრის დროშები და სხვა მნიშვნელოვანი ალაფი გაუგზავნა, დახმარება სთხოვა და ერანის იმპერიაში შეჭრა და მისი დამხობა შესთავაზა. მოურავი საქართველოს მეზობელი, ერანის ძალადობით გაბეზრებული ხალხების მიმხრობასაც ცდილობდა, მაგრამ ამ მიმართულებით მან წარმატებას ვერ მიაღწია. მოკავშირეები ვერ შეაგროვა.

ამასობაში შაჰ აბასი დროს არ ჰკარგავდა. მან უამრავ არმიას მოუყარა თავი, თავისი სიძე ისახან ყორჩიბაში უსარდლა და საქართველოში გამოისტუმრა სააკაძის აჯანყების ჩასაქრობად და, საერთოდ, ქართლ–კახეთის მოსასპობად. საქართველოზე ლაშქრობა ებრზანათ კავკასიაში ერანის ვასალურ სახანოებსაც. მთელი ეს არმადა 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე დადგა.

800px-TeimurazIBagrationi_new

თეიმურაზ I

ქართველებისთვის ერანის ლაშქრობა მოულოდნელი არ ყოფილა. მათ დიდი სამზადისი ცაატარეს და 20 000–იანი არმიით კოჯორ–ტაბახმელის მიდამოებში გაჩერდნენ. აქ თავი მოიყარა ქართლ–კახეთის ყველა გამოჩენილმა სარდალმა, გიორგი სააკაძის გარდა, აქ იყვნენ თეიმურაზ მეფე, ახალციხიდან ლტოლვილი მანუჩარ ათაბაგი 300 მეომრით და სხვა.

ერანელები ძალების შემატებას ელოდნენ და შეტევას არ ჩქარობდნენ, ქართველების განწყობა სხვაგვარი იყო. ვრცელ სამხედრო თათბირზე ქართველების შემდგომი მოქმედების გეგმა განიხილეს, სადაც სრულიად განსხვავებული განწყობა გამომჟღავნდა: გიორგი სააკაძე მიიჩნევდა, რომ, რადგან ქართველები კოჯორ–ტაბახმელას ვიწრო ხეობებით დასერილ მიდამოებში იყვნენ გამაგრებულნი, მრავალრიცხოვანი მტერი ასპარეზის სიმცირის გამო მათ წინააღმდეგ თავის შესაძლებლობას ვერ გამოიყენებდა. რაც შეეხება ქართველების დაუყოვნებლივ თავდასხმას, სააკაძის აზრით, მარაბდის დაბლობ ველზე სიცხეს ნაკლებად შეჩვეულ ქართველებს, განსაკუთრებით ქვეითებს, მოქმედება გაუძნელდებოდათ, რასაც სიცხესთან შეგუებულ სპარსელებს მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემდა. ქართველებისთვის გრილ გარემოში მოთმინებით ცდა, როდის წამოვიდოდა მტერი შეტევაზე, რომ თამამად დახვედროდნენ, მომგებიანი იქნებოდა. სამწუხაროდ, თათბირმა, გარდა ბაადურ ციციშვილისა, სააკაძის გეგმა არ მიიღო და დაუყოვნებელი შეტევა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლის ასპარეზის მიტოვებით იმუქრებოდნენ.

გადაწყდა, ომი მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს დაეწყოთ. მთავარსარდლობა თეიმურაზ მეფემ იკისრა, რაც მტრის ხელში კიდევ ერთი კოზირი იყო. ქართველთა ყველაზე ნიჭიერი სარდალი, გიორგი სააკაძე ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს; ამით ქართველ ფეოდალთა ინტერესთა შეზღუდულობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა მათი აზროვნების რეგრესულობა. ქართველებმა ყველაფერი ისე გადაწყვიტეს, როგორც ყიზილბაშებს აწყობდათ. მათ ქართველების დასახვედრად სანგრები მოაწყვეს, რომელთა უკან ზარბაზნები განალაგეს, ხოლო ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები დააყენეს. ცენტრის სარდლობა ისახან ყორჩიბაშმა იკისრა. აშკარა იყო, რომ ყიზილბაშები ქართველებს მარტო რაოდენობით კი არ აჭარბებდნენ, არამედ შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ და მათ სამხედრო წყობაშიც სჯობდნენ.

ქართველებმა სამკვდრო–სასიცოცხლო ომის წინა ღამეს ზიარება მიიღეს. რიჟრაჟზე კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველზე დაეშვნენ. მიუხედავად თოფ–ზარბაზნების შეუნელებელი გრიალისა და აურაცხელი მსხვერპლისა, მტრის რიგებში შეჭრა მოახერხეს, საშინელი დაბნეულობა დათესეს და ფიზიკური ზარალი მიაყენეს, რამაც მტრის რიგები არივ–დარია და ქართველებს გამარჯვების გარკვეული პერსპექტივა შეუქმნა.

Abbas-Persia

დარბაზობა შაჰის სასახლეში

მაგრამ მიუხედავად მწვავე ბრძოლისა, ისახანი პოზიციებს არ თმობდა და თანამებრძოლებსაც სიმტკიცის მაგალითს აძლევდა. ყიზილბაშები გამხნევდნენ. ვითარება თანდათან იცვლებოდა. ქართველთა ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, იგი მიატოვა და ნადავლის მოგროვებაზე გადავიდა. ცხენოსანთა ჯარის ერთი დიდი რაზმი ავთანდილ სააკაძის და დავით ერისთავის მეთაურობით გაქცეულ მტერს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყორჩიბაშის მდგომარეობა შეამსუბუქა. ასეთ ვითარებაში ერანელებს ახალი ძალები შეემატათ აზერბაიჯანის ბეგლარ ბეგის, შაჰ ბენდის ხანის მეთაურობით. გამხნევებულმა ყიზილბაშებმა ახალი შემართებით შეუტიეს დაღლილ და დასიცხულ, განსაკუთრებით ცხენოსან ჯარს მოწყვეტილ, ქართველ ქვეითებს. ცხენოსანმა ჯარმა პირველმა მიატოვა ბრძოლის ველი. ქვეითები, რომლებიც გლეხობისგან შედგებოდა, უკანასკნელ ძალას იკრებდნენ, ბრძოლის ველს არ ტოვებდნენ და იარაღს არ ყრიდნენ, გუნდ–გუნდად შეკრებილი წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობდნენ და მტერს დიდ ზიანსაც აყენებდნენ, ვისაც მიწვდებოდნენ, ყველას ხოცავდნენ, ბოლოს თვითონაც დაიხოცნენ. გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა.

ყიზილბაშებმა გაიმარჯვეს. თუმცა, ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ. ბრძოლის ველზე მათ 14 000 ცხედარი დატოვეს. არც ქართველებს დადგომიათ კარგი დღე, მათი დანაკლისი 9 000 –ს უდრიდა. სამშობლოს თავისუფლებას თავი შესწირეს ქართველთა საამაყო გმირებმა: დავით ჯანდიერმა, თეიმურაზ მუხრან ბატონმა, აღათანგ ხერხეულიძემ, ბაადურ ციციშვილმა, რუსთველმა და ხარჭაშნელმა ეპისკოპოსებმა, ცხრა ძმა ხერხეულიძემ, ცხრა მაჩაბელმა, შვიდმა ჩოლოყაშვილმა და ბევრმა სხვამ, განსაკუთრებით მრავალი იყო დახოცილი გლეხები. “თავადთა პოლიტიკური სიბეცე–შეზღუდულობა, ფეოდალთა ლაშქრის უდისციპლინობა და შეიარაღებაში ჩამორჩენილობა იყო მარაბდის ქართველთა დამარცხების უმთავრესი მიზეზი”.

დამარცხებული ქართველები ბრძოლას არ წყვეტდნენ. ისინი კოჯრის მიდამოებში აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. მაგრამ, რაც მთავარია, ყველა ზომას იღებდნენ რომ მტერი ქვეყნის გულში არ შეჭრილიყო და ხალხის გახიზვნა მოესწროთ. ამ საქმეს გიორგი სააკაძე ცაუდგა სათავეში. მან მცირერიცხოვანი პარტიზანული რაზმები ჩამოაყალიბა და მტერს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

eba6b456dbf3

გიორგი სააკაძე

1626 წელს თბილისის მოურავი კვლავ ქართლშია და თეიმურაზთან ერთად ქართლ–კახეთის ციხეებიდან ყიზილბაშთა განდევნას ხელმძღვანელობს (თუმცა თუმცა თბილისის დაბრუნება ამჯერად ვერ მოხერხდა).

ქართლ–კახეთის ძირითადად განთავისუფლების შემდეგ სააკაძემ შამხალისა და დაღესტნის ფეოდალებზე გაილაშქრა, რომლებიც საქართველოს კუთხეებს თავდასხმებით აწიოკებდნენ. სასტიკად დაამარცხა ისინი და დიდი ალაფიც წამოიღო. შემდეგ აჯანყებული დვალეთი დაიმოჩილა. შინაური საქმეებიდან რომ მოიცალა, ლორის მელიქს მიუხტა, რომელიც თავადებს გიორგის წინააღმდეგ ამხედრებდა და აიძულა, ქვეყნიდან გადახვეწილიყო. დიდ პრობლემებს ქმნიდა ბირთვისის ციხის პატრონი, მოღალატე ქაიხოსრო ბარათაშვილი. ციხეში 500 ყიზილბაში იდგა და მისი შეტევით აღება თითქმის შეუძლებელი იყო. სააკაძე ქაიხოსრო ბარათაშვილის სასახლეს დაეცა, თავადი დაატყვევა და აიძულა, ციხიდან ყიზილბაშები გამოეტყუებია და სასტიკად დასაჯა. იმავე წელს განჯას გაილაშქრა, აიღო და დაარბია.

სააკაძის ავტორიტეტი მთელ ქვეყანასა და მის მახლობელ პროვინციებშიც მაღალი იყო. თუმცა ქართლ–კახეთის მეფედ თეიმურაზი ითვლებოდა, ქართლს ფაქტობრივად სააკაძე მართავდა, რის გამოც მას “ქართლის მოურავადაც” კი მოიხსენიებდნენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*