გიორგი V ბრწყინვალის მეფობა. ქვეყნის მონღოლთა უღლისაგან განთავისუფლება. გაერთიანება.

Featured image

გიორგი v ბრწყინვალე

XIII საუკუნის ბოლოს 1299 წელს აჯანყებული დავით VIII–ის საპირისპიროდ მონღოლებმა ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძმა გიორგი აიყვანეს. შემდეგ, ჩანს, დავითის წინააღმდეგ ეს ღონისძიება საკმარისად არ ჩათვალეს და ახლა ტახტი მეორე ძმას, ვახტანგ III–ს მისცეს, რომელიც გიორგიზე უფროსი იყო; უკანასკნელის გარდაცვალების (1308 წ.) შემდეგ საქართველოს მეფობა დავით VIII–ის შვილს გიორგის დაუმტკიცეს, დამხმარედ კი მისი ბიძა ერთხელ უკვე მეფედ ყოფილა გიორგი დემეტრეს ძე დაუნიშნეს. განმდგარი დავით VIII კი მეფობას არ თმობდა და მონღოლთა წინააღმდეგ თავდადებულ ბრძოლას განაგრძობდა, ვიდრე 1311 წელს უცნობი სენით არ დაავადდა, რომელმაც სამშობლოსთვის თავგანწირული მებრძოლი სიცოცხლეს გამოასალმა. ახალგაზრდა მეფის, გიორგი დავითის ძის გარდაცვალების შემდეგ, ახლა უკვე მეორედ, გიორგი V ბრწყინვალედ წოდებული, გაამეფეს (1314–1346 წწ.).

იმ დროს საქართველოს მდგომარეობა სავალალო იყო და გიორგი V–ს არაერთი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი, რასაც იგი ენერგიულად შეეჭიდა. თავისი მახვლიგონიერებით, წინდახედოლობით და თავდადებით გიორგი ბრწყინვალემ მონღოლთა მმართველ წრეებში დიდი პატივისცემა და თანადგომა დაიმსახურა. ჟამთააღმწერელი გიორგისადმი მონღოლთა დამოკიდებულების შესახებ შთამბეჭდავად აღნიშნავს, რომ ჩობან ყაენმა მისცა მას “ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანნი და მესხნი, შვილნი ბექასნი”. ეს კი ნიშნავს, რომ მას უბოძეს ყველაფერი რაც იმ დროს საქართველოს შეადგენდა. მეფეს შეეძლო ფაქტობრივად გაეუქმებინა სამცხის სამთავროს ხასობა, თავის ხელში აეღო ხარკის აკრეფა და სხვა.

ამ დროს მონღოლთა მდგომარეობაც მძიმე იყო, მაგრამ გონიერმა მეფემ მათ წინააღმდეგ ბრძოლა ხელსაყრელად არ ჩათვალა, პირიქით, თავის გავლენით ისარგებლა და ქვეყნის მდგომარეობის აღდგენას მონღოლთავე მხარდაჭერით შეუდგა. მონღოლთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართულმა ჯარმა. მაღალი სამხედრო თვისებების გამო იგი ერანის გამგებლის დასაყრდენი გახდა. ამგვარი ურთიერთობა გიორგის საშუალებას აძლევდა, თავის ქვეყანაში თავისუფლად და დამოუკიდებლად ემოქმედა. საქართველოში მოსული ილხანთა ბრძანებები, ფაქტობრივად, ძალდაკარგული ხდებოდა და საქართველოს მეფეს შეეძლო მათი გათვალისწინების გარეშე ემოქმედა; მით უმეტეს, რომ მონღოლთა ლაშქარი საქართველოში ერთობ შემცირებული იყო და 10 000 მებრძოლს არ არემატებოდა.

Featured image

საქართველო გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს

ამასობაში ერანში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ოლჯათუ ყაენის ძე აბუსაიდ ყაენი სრულწლოვანი გახდა და პირველი ვეზირის და გიორგის მეგობრის ჩობანის კარნახით ქვეყნის მართვა აღარ ისურვა. 1327 წელს, მისი ბრძანებით, პირველი ვეზირი და მისი ოჯახი ერთიანად ამოწყვიტეს. ქვეყანაში დიდი არეულობა დაიწყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ილხანთა ბატონობის დღეები დათვლილი იყო.

ყოველივე ამას გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. მან მანამდე მოიპოვა მონღოლთა ხელისუფლების დასტური საქართველოს გაერთიანებაზე. მის ხელქვეით ექცეოდა ამერი და იმერი. მას უნდა დამორჩილებოდა ყველა მთავარი, მათ შორის, სამცხის მთავარიც, რაც მის ხასობის გაუქმებას ნიშნავდა. ხასად ან ინჯუდ მონღოლებში ისეთი სამფლობელო იწოდებოდა, რომელიც ყაენის ან მისი ოჯახის საკუთრება იყო და სესაბამისად ამორიცხული იყო “დომენების” ანუ სახელმწიფო მიწების სიიდან. მთავრების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ამის მიღწევა მონღოლთა ანტიცენტრისტული პოლიტიკით იყო გამაგრებული. ახლა, როცა მონღოლთა ბატონობა დაღმავალი ხაზით წავიდა, მეფემ საყაენოდ მთავრების დამორჩილების დასტური მიიღო, ენერგიულად შეუდგა მის განხორციელებას, რისთვისაც რადიკალური ზომების გატარებასაც არ მოერიდა: კახეთის, ჰერეთის და სომხითის ერისთავები ცივის მთაზე სათათბიროდ მიიწვია და ერთიანად ამოაწყვეტინა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ იგი პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ იყო.

დასავლეთ საქართველოს მიმართ მეფე დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ნარინ დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე კონსტანტინე ავიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეფობა მისმა მოქიშპე ძმამ მიქელმა მოიპოვა, მაგრამ მას დიდი ხნით ბატონობა არ ეწერა. ორი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. ამ ვითარებაში გიორგი იმერეთში გადავიდა და მიქელის მცირეწლოვანი მემკვიდრე ბაგრატი თან წამოიყვანა, რითაც იმერეთის შემოერთების საკითხი გადაწყვიტა.

1334 წელს სამცხის მთავრის ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მეფემ მისი მემკვიდრე, ყვარყვარე, სამცხის მმართველად დაამტკიცა, რითაც ფაქტობრივად სამცხეც დაიმორჩილა. ამრიგად, ქვეყნის მთლიანობა აღდგენილ იქნა.

ქართველებისათვის დიდი პრობლემა იყო ქვეყანაში ჩამოწოლილ ოსთა თარეშისა და ძალადობის აღკვეთა. ამ ავაზაკურმა ჯგუფებმა გორის ხელში ჩაგდება მოახერხეს, იგის თავის ცენტრად გაიხადეს და აქედან ახორციელებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას და აწიოკებას. გიორგი ბრწყინვალემ სამწლიანი ალყის შემდეგ შეძლო ქვეყნის გულში გაჩენილი ძალადობის ამ ბუდის აღება და აქ გამაგრებულ ოსთა განადგურებით მათ თარეშს საფუძველი გამოაცალა.

მემატიანის სიტყვით: “მეფეთა შორის ბრწყინვალემან”, დიდმა სახელგანთქმულმა გიორგიმ “განასხნა და აღფხურნა” ისინი. ვახუსტი ბაგრატიონის მითითებით, “გიორგი მეფემ მთლიანად დაიკავა ჩრდილო კავკასიიდან გადმომავალი გზები და ასე დაამშვიდა ქართლი ოსთაგან”.

ქვეყნის ერთიანობის აღდგენამ, დამპყრობთა ბატონობის მოსპობამ, წესრიგისა და სამართლიანობის დამყარებამ განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება. გამოცოცხლდა ვაჭრობა–ხელოსნობა; ქართველ ვაჭართა საქმიანობის არეალი საგრძნობლად გაფართოვდა. ვაჭრობის განვითარების ნიშანია ზარაფხანათა მოქმედების გააქტიურება, მონღოლურ ფულთან ერთად მოიჭრა ვერცხლის მონეტა, რომელიც “გეორგაული თეთრის” სახელითაა ცნობილი.

Featured image

უფლის საფლავი (იერუსალიმი)

საერთაშორისო ავტორიტეტის აღდგენა ქვეყნის წინამძღოლმა იერუსალიმში ქრისტიანთა შევიწროვებული მდგომარეობის გამოსწორებით დაიწყო. ქართველთა ჯვრის მონასტერი მამლუქებს ეჭირათ და დავით VIII–ის დროს უკვე დაბრუნებული იყო, მაგრამ აქ ბევრი რამ გამოსასწორებელი რჩებოდა. გიორგი ბრწყინვალის ძალისხმევით, ქართველებს დიდი პატივი მიაგეს: მათ ეგვიპტის სულთნებმა დაუბრუნეს ქრისტეს საფლავის კლიტენი. გიორგი მეფემ ითხოვა აგრეთვე ქართველთა ყველა დამამცირებელი წესების აკრძალვა: მათ შორის მლოცველი ქართველების ნორმალურად ცხენზე ჯდომის უფლება მანამდე იერუსალიმში შესვლისას ქართველები ცხენზე ისე უნდა მჯდარიყვნენ, რომ ორივე ფეხი ერთ მხარეს ჰქონოდათ), გარდა ამისა, მათ მიეცათ უფლება, გაშლილი დროშებით შესულიყვნენ წმინდა ქალაქში და სულთანისთვის ხარკი არ გადაეხადათ.

რომის პაპთან გიორგის კეთილმა ურთიერთობამ განსაზღვრა თბილისში კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსება. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუასთან და სხვა.

უცხოელტა შეხედულებით, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს, იმ დროს საქართველო ვრცელი, წარმატებული სახელმწიფოა. მისი წინამძღოლი კი დახასიათებულია როგორც მსოფლიო ავტორიტეტის მქონე პიროვნება.

მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრწყინვალე მეფის დიდ საკანონმდებლო საქმიანობას. საქართველოს მთიანეთში დიდი საზოგადოებრივი უთანხმოება სუფევდა და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას აფერხებდა. ეს პრობლემა მეფემ საგანგებო კრების მოწვევით, მთიელთათვის საკანონმდებლო წიგნის “ძეგლის დადების” შექმნით და მისი ცხოვრებაში გატარებით გადაწყვიტა.

გიორგი ბრწყინვალის სახელთანაა დაკავშირებული ისეთი შესანიშნავი საკანონმდებლო ძეგლები, როგორებიცაა “სახელმწიფოს კარის გარიგება”, რომელიც საერთო სახელმწიფოს გამგებლობას აწესრიგებდა და ე. წ. “ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნი”, რომელიც სოციალურ კლასთა და წოდებათა შორის ურთიერთობებს არეგულირებდა.

XIV საუკუნის 30–იან წლებში საქართველომ თავიდან მოიშორა მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა, რაც არსებითად აგრეთვე გიორგი ბრწყინვალის სახელს უკავშირდება. თუმცა საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ფორმალურ დასასრულად შეიძლება 1357 წელი მივიჩნიოთ, როდესაც შეწყდა ილხანურ მუსულმანური მონეტის მოჭრა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*