გიორგი XII–ის მეფობა

George_XII_of_Georgia

გიორგი XII

ერეკლეს შემდეგ ტახტი გიორგი ბატონიშვილს უნდა დაეკავებინა. მაგრამ მან იცოდა, რომ ერეკლეს დადგენილი წესის შესრულების გარეშე ძმები მას ტახტის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, წერილობითი პირობა დაედო აღნიშნული წესის შესრულების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოქიშპე ბატონიშვილებმა მისი საწინააღმდეგო კამპანია გააჩაღეს და გავლენიანი თავადების მომხრობა დაიწყეს.

ახალი მეფე თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და დაქირავებული ლეკების იმედზე იყო. მით უმეტეს, რომ რუსეთიდან, რომელიც ევროპის საქმეებში იყო ჩაფლული, ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. ასეთ ვითარებაში მას თითქოს შველად მოევლინა ირანის ახალი შაჰი, ბაბა ხანის (ფათ–ალი–შაჰის) ელჩის მოსვლა, რომელიც მას ირანის და ქართლ–კახეთის სამეფოს ძველი ურთიერთობის აღდგენას თავაზობდა. გიორგი სწრაფად დაეთანხმა ირანელთა წინადადებას, მაგრამ მოულოდნელად ბაბა ხანს ქვეყანაში ვითარება გაურთულდა და იძულებული გახდა, მოლაპარაკება შეეწყვიტა.

 

გიორგიმ ახალი სხვა გამოსავლის ძიება დაიწყო, მაგრამ ამასობაში რუსეთიდან ჩამოუვიდა ელჩობა, რომელიც თავის სიჩუმეს ევროპის საქმეებში გაბლანდვით ხსნიდა და ძველი ურთიერთობის გაახლებას თავაზობდა. მეფემ რუსეთში თავის წარმომადგენლად გარსევან ჭავჭავაძე გააგზავნა. რუსეთი საქართველოს დაჩიხული მდგომარეობის გამო მიიჩნევდა, რომ დადგა დრო საქართველოს საბოლოო გადაყლაპვისა, თუმცა ნაყოფის შედარებით მომწიფებას ელოდა. ერეკლე II–ის სიკვდილმა ეს საქმე რამდენადმე გაამარტივა. ახალი მეფე ერეკლეს ლანდიც არ იყო და, რაც მთავარია, იგი არ იზიარებდა ერეკლეს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებების პოლიტიკას. რუსეთში გაგებული ჰქონდათ, რომ ვიდრე რუსეთიდან ხმა არ ისმოდა, ერეკლემ კინაღამ ირანის მფარველობა მიიღო, ამიტომ საიმპერატორო კარი ახლა საქმის გადადებას არ აპირებდა. მისი კარნახით, გიორგიმ პეტერბურგში მეორე ელჩი, გიორგი ავალიშვილი გააგზავნა და იქაც სასწრაფოდ გადაწყვიტეს მფარველობაში საქართველოს მეორედ მიღება. რუსეთი ახლა გიორგისგან ოფიციალურ თხოვნას ელოდა. თხოვნაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დავით გიორგის ძის ტახტის მემკვიდრედ აღიარება და საქართველოში 3 000 კაციანი რაზმის გამოგზავნა, რომელსაც რაიმე გართულების შემთხვევაში 7 000–იანი კორპუსი უნდა დამატებოდა.

1798 წლის 16 დეკემბერს გარსევან ჭავჭავაძემ საიმპერატორო კარს წარუდგინა თხოვნა არა მფარველობის, არამედ პროტექტორატის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ ამაზე დაუყონებლივ დადებითი პასუხი გასცა. საქართველოში 3 000 კაციანი რაზმი გამოგზავნეს, არტილერიით, ხოლო სრულუფლებიან წარმომადგენლად ა. ი. კოვალენსკი დაინიშნა.

1799 წლის 18 აპრილს პავლე I–მა სიგელით აღიარა რუსეთ–საქართველოს ხელშეკრულება, გიორგი დამტკიცებულ იქნა მეფედ, დავით გიორგის ძე კი – ტახტის მემკვიდრედ.

საიმპერატორო კარის ასეთი უჩვეულო ხელგაშლილობა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს უკვე საკუთარ შემადგენლობაში განიხილავდნენ.

800px-Paul_i_russia

პავლე I

ერეკლეს ანდერძის გიორგის მიერ თვითნებურმა შეცვლამ, ბატონიშვილებთან ერთად მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა გააღიზიანა. ბატონიშვილები ერთხმად გიორგის უპირისპირდებოდნენ, მაგრამ არც ერთმანეთში ჰქონდათ სიამტკბილობა. მათი ურთიერთწინააღმდეგობა ძირითადად საუფლისწულოების არათანაბარი განაწილებით იყო გამოწვეული. ამ მიზეზით ყველაზე მეტად ალექსანდრე ბატონიშვილი დაზარალდა, რაც ერთ–ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ სამშობლო მიატოვა და სპარსეთს შეაფარა თავი. მან მოახერხა დაერწმუნებინა ირანული ელიტა ქვეყანაში ანტირუსული და ანტიგიორგული განწყობილების გაძლიერებაში. აგრეთვე იმაში, რომ მას სამშობლოში მომხრეთა დიდი პარტია ჰყავს, რომელიც მზად არის, ქვეყნიდან რუსების გასაყრელად თავგამოდებით იბრძოლოს. ალექსანდრემ თითქმის ბაბა ხანიც დაითანხმა და უკანასკნელმა 12 000–იანი ლაშქარი მდინარე არაქსთან განალაგა. თუმცა მიიჩნევდა, რომ ბატონიშვილი, თუნდაც მისი დამარცხებით, საქართველოდან რუსებს ვერ განდევნიდა. ამიტომ ირანელთა შემოჭრა არ შედგა, სამაგიეროდ, რუსები შეაშფოთა და მოსალოდნელი მსგავსი ვითარებისთვის მოსამზადებლად განაწყო.

ალექსანდრეს მეთაურობით დაგეგმილი ირანელთა და ქართველ ოპოზიციონერთა გეგმა, საქართველოდან რუსების გაყრის შესახებ, მოიხსნა, მაგრამ რუსები განსაკუთრებით ფრთხილობდნენ, არავინ იცოდა, როდის განმეორდებოდა მსგავსი მცდელობა.

როგორც ითქვა, გიორგი XII თავისივე რწმუნებით, ერეკლეს სიცოცხლეშივე უკმაყოფილო იყო 1783 წლის ტრაქტატის პირობებით, და საჭიროდ მიიჩნევდა რუსეთისადმი მეტ მორჩილებას და მეტ დამოკიდებულებითი ურთიერთობის დამყარებას.

ახლა, როცა მეფე გახდა, საშუალება მიეცა მისი გეგმის განხორციელებისა; რაც მთავარია, ქართლ–კახეთში არ ჩანდა ძლიერი პიროვნება, რომელიც ამ განწყობილებას დაუპირისპირდებოდა.

ასეთ იმედებს იმერეთის მეფე დავით არჩილის ძე იძლეოდა (სოლომონ II). იგი საამისოდ ნიადაგსაც ამზადებდა (დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ცდა, აღმოსავლეთ საქართველოში პოზიციების გამაგრება), მაგრამ ერეკლეს სიკვდილის შემდეგ მას ძლიერი დასაყრდენი არ ჰყავდა. მართალია, დედოფალი დარეჯანი, მისი ბებია და მისი ინტერესების დამცველიც იყო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და გიორგის შეცვლის საკითხი რეალურად დასმულიყო, არავინ იცოდა, ვის მხარეს დადგებოდა იგი: თავისი საყვარელი შვილის, იულონის, რომელსაც რიგით ერგებოდა მეფობა თუ შვილიშვილისა, რომელსაც იგი შეეფერებოდა და ორი დიდი მეფის (ერეკლეს და სოლომონის) ხელდასმით საამისოდა განწყობილიც იყო.

როგორ ავღნიშნეთ, საფიქრებელია, რომ ტახტის მემკვიდრეობის კანონიც, ისევე როგორც კანონი საუფლისწულოების შესახებ, ერეკლემ იმისთვის შემოიღო, რომ შვილიშვილს – დავით არჩილის ძეს ორი სამეფოს გაერთიანება გაადვილებოდა.

1799 წლის 7 სექტემბერს, ქართველმა ელჩებმა რუსეთის ხელისუფლებას წარუდგინეს წინადადება ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის დამყარების შესახებ, რომლის ძალითაც, ქართლ–კახეთის სამეფო მთლიანად რუსეთის იმპერატორს უნდა გადასცემოდა, საქართველო კი მასში გუბერნიის უფლებით შესულიყო ერთადერთი მოთხოვნით, რომ პავლე I–ს მიეცა წერილობითი გარანტია გიორგის და მისი შთამომავლობისათვის მეფობის ტიტულის შენაჩუნებისა. არის ვარაუდი, რომ ეს ნაბიჯიც საქართველოს მეფემ რუსეთის კარნახით გადადგა. საქმე ის არის, რომ 7 ნოემბერს დაწერილ ნოტის საფუძველზე, იმავე წლის 23 ნოემბერს უკვე შემუშავებული იყო ახალი ტრაქტატი პავლე I–სა და გიორგი XII–ს შორის. თუ მანძილის სიშორეს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ეს დოკუმენტი ადრევე იყო შემუშავებული.

David_Bagrationi

დავით ბატონიშვილი

ახალი შეთანხმებით, რუსეთის იმპერატორი იმატებდა საქართველოს მეფის ტიტულს. სამეფოს მმართველად ინიშნებოდა გიორგის სახლის ერთ–ერთი წევრი – იმპერატორის მოადგილის ტიტულით და ეს სტატუსი გვარში სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო. მეფესთან მიმაგრებული იქნებოდა რუსი მოხელე, რომლის კარნახით ყველაფერი წყდებოდა. მეფეს ენიშნებოდა ჯამაგირი, ხოლო რუსეთში მიეცემოდა სოფლები. სამეფოს მთელი შემოსავალი კი რუსეთის ხაზინაში გადადიოდა და ა. შ.

აშკარაა, რომ ამ ტრაქტატით საქართველო ყველა თავის სახელმწიფოებრივ პერსპექტივას ჰკარგავდა.

ნოტაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთთან ამგვარი სიახლოვის მსურველია ქვეყნის როგორც საერო, ისე სასულიერო ნაწილი. ეს აშკარა სიცრუეა. ასე რომ ყოფილიყო, მისი მომზადება ასეთი მკაცრი საიდუმლოებით არ იქნებოდა მოცული. თვით მემკვიდრე დავით ბატონიშვილმა მისი მომზადების შესახებ არაფერი იცოდა. როცა უკანასკნელ მომენტში მას დოკუმენტის სინაარსი გააცნეს, თურმე გაოგნებულმა ისღა წამოიძახა: “მამაჩვენმა ყელში დანა გამოგვისვაო”.

დოკუმენტი აშკარად კაპიტულანტური იყო, მაგრამ ვითარების შემობრუნების რაღაც დეტალებს მაინც შეიცავდა: მეფის ტიტულის ინვესტიტურის ნიშნების შენარჩუნება, ფულის მოჭრის უფლება, თუმცა ორმაგი ნიშნებით და, რაც მთავარია, უფლებების შენარჩუნების მოთხოვნა განჯასა და ერევანზე.

ეს ნიშნავს, რომ აქ არ მთავრდებოდა რუსეთის ამბიციება, ეს მხოლოდ ერთი, შეიძლება უკანასკნელი ნაბიჯი იყო. რუსეთს მხოლოდ საქართველოს სრული ინკორპორაცია დააკმაყოფილებდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*