გრძნობათა ოკეანის ნათელი ტალღა – ჯორჯონე და მისი “ვენერა”

“ხელოვნება არის ადამიანში დაფარული

ძლიერების უზენაესი გამოვლინება”.

ლევ ტოლსტოი

ჭირვეული მატიანე საიდუმლოების ბურუსში გაახვევს გენიოსებს, რომელთა ყოველი ნაბიჯი, საქმე და სიტყვა გვინდა ვიცოდეთ.

800px-Giorgione_059

ჯორჯონე – “ავტოპორტრეტი”

ჯორჯონე და კასტელფრანკო – კასტელფრანკოელი დიდი ჯორჯო, აღორძინების ტიტანთაგან, ტიციანის ჯგუფთა მხატვარი, სულ რაღაც ოცი სურათით დგას ჩვენს წინაშე (ბევრი სადავოა). საიდუმლოებითაა მოცული მისი პიროვნებაცა და ქმნილებაც. სრულიად მდაბიო იყოო, ამბობს ვაზარი, მაგრამ როგორღა იქცა მაშინ ასე მალე სასურველ სტუმრად ვენეციელ დიდებულთა სასახლეებში? რატომ არ ჰქონდა მყუდრო ოჯახური კერა? ვენეციური ხელოვნების პატრიარქი ბელინი იყო მისი მასწავლებელი, მაგრამ თვითონ როდის და როგორ იქცა დიდოსტატად: მართალია, ცნობილია, რომ მისი სრული აღიარება მოხდა “ჭექა–ქუხილის” შემდეგ, მაგრამ რა გზა განვლო და რა საიდუმლოება იფარება ამ გზაზე, ვინ იცის!

26 წლის ოსტატმა შექმნა “ივდითი”, ნიმუში გმირი ქალის მშვენიერი სახისა, რომლის სადარი მანამდე არავის უნახავს.

ჯორჯონეს ივდითი ზეზე დგას, მარჯვენა ხელში მახვილი უჭირავს, მარცხენა შიშველი ფეხი კი მრისხანე სარდლის ოლომფრეს მოკვეთილ თავზე დაუბიჯებია. ამ როხროხა, ბანჯგვლიან გადამთიელს უნდა დაეთრგუნა მისი ხალხი. მშვენიერი დილის პეიზაჟის ფონზე დგას მომხიბლავი ქალი და გვიტაცებს არა იმდენად წინა ღამით ჩადენილი გმირობით, რამდენადაც ქალური მშვენიერებით.

ჯორჯონეს ნაწარმოებთა, უმთავრესწილად ადრინდელთა, დიდი ნაწილი სადავოა. ცნობილია 1955 წელს ვენეციაში მოწყობილ “ჯორჯონეს და ჯორჯონელთა” სურათების გამოფენაზე 130 სურათი იყო წარმოდგენილი, აქედან უდავოდ ჯორჯონეს სულ ოცი სურათი ეკუთვნის, თუ არ ჩავთვლით სახლების ფასადების, სკივრების, ზარდახშების მოხატულობას, რასაც დიდოსტატი არ თაკილობდა.

ცნობილი “კასტელფრანკოელი მადონა” ჯორჯონემ 27 წლის ასაკში შექმნა. იგი 1504 წლით თარიღდება. 1500 წელს უკვე დასრულებულია მისი წინამორბედი ორი სხვა სურათი – “წმინდა ოჯახი” და “მოგვთა თაყვანისცემა”. ორივე “ივდითზე” ადრე შეიქმნა, ორივე იესოს თემას მიეძღვნა – ყრმობას. ერთ სხვა ტილოზე კი იესოს ცხედარი ანგელოზებს უჭირავთ კუბოსთან… მაცხოვარს ხატავდა და სწორედ იმდენივე იცოცხლა, რამდენიც იესომ – 33 წელი. 1477 წელს კასტელფრანკოში დაბადებული დიდი მხატვარი 1510 წელს გარდაიცვალა ვენეციაში. თუ ვაზარს ვერწმუნებით (და მაშ ვიღას ვერწმუნოთ?), ოსტატს საყვარელმა შავი ჭირი შეჰყარა.

ცნობილია რაფაელის, რემბრანდტის, რუბენსის, დელაკრუას, ტიციანის უთვალავი ჩანახატი, მონახაზი, ნახატი, კარტონი… ჯორჯონე არავითარ ნახატს არ აკეთებდა, პირდაპირ ტილოზე იწყებდა მუშაობას, ფერებში ასრულებდა სურათს და ამას თვლიდა საუკეთესო ნახატად.

“ჭექა–ქუხილი” 1506–1507 წლებში შეიქმნა. მარცხენა მხარე ფიქრიანი ჭაბუკი დგას, წყალგაღმა კი ლამაზი შიშველი ქალი ზის და ყრმას ძუძუს აწოვებს. შორს, სინოტივით გაჟღენთილ დაბურულ სივრცეში, მეხის ისარი იკლაკნება. არავინ იცის რა სიუჟეტია სურათის სარჩული, მაგრამ ყველა მცოდნე აღიარებს, რომ ესაა პირველი ნამდვილი პეიზაჟი იტალიის ხელოვნების ისტორიაში.

* * *

ვენერა, დრეზდენის გალერეის თვალი პატიოსანი…

ამ ტილოზე სავაჭრო სახლის მოხატულობასთან ერთად მუშაობდა 1507–1508 წლებში. ესაა წარჩინებული ვენეციელის მარჩელოს შეკვეთა. ამრიგად, მსოფლიო ხელოვნების ეს განუმეორებელი შედევრი თითქოს შემთხვევის შედეგია. ხსენებულმა დიდებულმა ინება, რომ თავის სახლში ჰქონოდა სურათი, მსგავსი ძველი ბერძენი მხატვრის აპელესის “აფროდიტე ანადიომენისა”, ზღვიდან გამოსული ღმერთ–ქალისა, რომელიც შუა საუკუნეებში ქალის სილამაზის იდეალად ითვლებოდა (“ლა ბელლა დონნა”).

venus

“მძინარე ვენერა” 1510 წ.

ჯორჯონეს “ვენერა” დიდი პოპულარობითა და საერთო მომხიბლაობით აღემატება თვით ტიციანის, ველასკესის, კრანახის, გოიას შიშველ ქალებს.

ოდესღაც ვენერას ფეხთან პატარა კუპიდონი იდგა, მერე ის ჟამთასვლამ დაშალა. მაგრამ ესარაფერი. დაიშალა თვით ვენერას საღებავიც, ალაგ–ალაგ სულაც განქარდა, თუმცა შენარჩუნებულია სხეულის ზუსტი პროპორცია. საბედნიეროდ, არსებობენ ასლები და რეპროდუქციები. ვენერას სძინავს. არავის ელის, არავის ხედავს, არავის ხიბლავს, მაგრამ ეს არის ვნებათა ოკეანის ნათელი ტალღა, რომელიც ნაპირისკენ მიისწრაფის, მისი ტალღისებური შიშველი სხეული თავისი მდგომარეობით, განწყობილებითა და ფერთა ჰარმონიით ავსებს, ესატყვისება, აცოცხლებს გარემოს.

ჯორჯონეს “ვენერა” იქცა თავისებურ საჯილდაო ქვად, რომლის აწევასაც თვით დიდოსტატები ამაოდ ლამობდნენ.

ჩანაფიქრი უბრალო, ნათელი და პოეტურია: ქალი წევს ღია ცის ქვეშ, დაისის ოქროსფერ სხივთა აკვანში, ვენეციის მშვიდი ბუნების წიაღში. ბერძენ–რომაელთა მძინარე ქალღმერთის იქით გორაკებია, ხეები, ლურჯი ტბა – ყველაფერი ოქროსფერ სხივებში ლივლივებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ 1480 წელს ფლორენციელ ბოტიჩელის ზღვაში შობილი ვენერა 1508 წელს ჯორჯონეს ვენეციის ბუნების წიაღში დაწოლილა, ჩასძინებია და ის წუთები ესიზმრება, როცა ღმერთები (ზეფირები) ყვავილთა ფრქვევით ნაპირისკენ მოაცილებდნენ.

მხატვრის უკანასკნელი ცნობილი ნაწარმოებია “ბებერი ქალი”, წარმავალი დროის სიმბოლო. ვინმე ტადეო ალბანომ სურათის შემძენს მოახსენა: ჯორჯონე შავმა ჭირმა იმსხვერპლაო.

Giorgione_-_Young_Woman_(“Laura”)_-_Google_Art_Project

“ლაურა” – 1506 წ.

Giorgione_tempest

“ქარიშხალი” 1508 წ.

Fiesta_campestre

“სოფლის კონცერტი” 1509 წ.

Giorgione_-_Judith

“ივდითი” 1504 წ.

800px-Giorgione_060

“ახალგაზრდა კაცი ისრით” 1506 წ.

Giorgione_-_Pala_di_Castelfranco

“კასტელფრანკოს მადონა” 1504 წ.

800px-Portrait_of_a_Venetian_Gentleman_-_Giorgione_and_Tizian_1510_NG_Wash_DC

“ვენეციელი ჯენტლმენის პორტრეტი” 1510 წ.

1024px-Giorgione_-_Three_Philosophers_-_Google_Art_Project

“სამი ფილოსოფოსი” 1505–1509 წწ.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*