დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ

Delacroix-dante-and-virgil

დღემდე იმაზეც კამათობენ, თუ რატომ ჰქვია კომედია ამ გენიალურ პოემას. დანტემ მას მხოლოდ “კომედია” უწოდა, ხოლო “ღვთაებრივი” პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატეს ეპითეტად. პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა. ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. საინტერესოა, თავად დანტე როგორ განმარტავს კომედიას: “კომედია ერთგვარი სახეობაა პოეტური თხრობისა, რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებულია. ტრაგედიისგან იგი განსხვავდება მასალითაც, სადაც ტრაგედია დასაწყისში გაოცების მომგვრელია და წყნარი, ხოლო დასასრულში მწუხარების მომგვრელი და საშინელი; ხოლო კომედია ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყება და სვებედნიერად თავდება. ტრაგედიას პათეტიკური ტონი აქვს, ხოლო კომედიას – დაბალი და უპრეტენზიო. აქედან ნათელია, თუ რად ეწოდება ამ ქმნილებას კომედია, რადგან თუ ჩვენ თვით მასალას დავაკვირდებით, დასაწყისში იგი საშინელია და ძრწოლის მომგვრელი, სახელდობრ, ჯოჯოხეთში, დასასრულში კი საამური, ლხენის მომგვრელი, სახელდობრ, სამოთხეში. თუ ტონს, მეტყველებისას დავაკვირდებით, იგი მოკრძალებულია და დაბალი. სახელდობრ, აქ ნახმარია ენა ხალხური, როგორითაც დედაკაცები ბაზარზე ესიტყვებიან ხოლმე ერთმანეთს”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*