დედამიწის ლაბორატორიაში ტიტანის ატმოსფერო შექმნეს

სატურნის უმსხვილესი თანამგზავრი მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილად ითვლება.

ტექნოლოგიური გიგანტ IBM–ის მიერ ჩატარებული კვლევების საშუალებით, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ლაბორატორიულ პირობებში ტიტანის ატმოსფერული გარემოს შექმნა შეძლო.

ტიტანის შესახებ ინფორმაცია კოსმოსურ სადგურ “კასინისთან” არის დაკავშირებული. ის სატურნის გარშემო 2004-დან 2017 წლამდე მოძრაობდა და თავისი მისია პლანეტის ატმოსფეროში დაასრულა.

ამ დროის განმავლობაში “კასინიმ” ტიტანის ატმოსფეროში მრავალი პირდაპირი გაზომვა ჩაატარა და დედამიწასთან საოცრად მსგავსი გარემო გამოავლინა. ტიტანი – მზის სისტემაში ერთადერთი სხეულია დედამიწის გარდა, რომელზეც მკვრივი აზოტის შემცველი ატმოსფეროა და იქ ორგანული პროცესები მიმდინარეობს.

მეცნიერები თვლიან, რომ 2,8 მილიარდი წლის წინ დედამიწის ატმოსფერო ტიტანის ატმოსფეროს მსგავსი იყო. ეს შეესაბამება მეზოარქაულ ერას – პერიოდს, როცა ფოტოსინთეზირებადმა ციანობაქტერიებმა შექმნეს პირველი რიფების სისტემები და დედამიწის ატმოსფეროს ნახშირმჟავას გაზი გარდაქმნეს გაზისმაგვარ ჟანგბადად. შედეგად, ამ პროცესმა აზოტის და ჟანგბადის დღევანდელი ბალანსი შექმნა. ითვლება, რომ ტიტანის ზედაპირი შეიცავს მინიშნებას, თუ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე მზის სისტემაში.

თუმცა, მკაფიო წარმოდგენის შექმნა რთულია. ეს ტიტანის ატმოსფეროსთან არის დაკავშირებული – ის მკვრივი ფოტოქიმიური ბურუსით არის გაჯერებული, რომელიც სინათლეს ფანტავს. ტიტანის წყვდიადი ნანონაწილაკებისგან არის შექმნილი, რომელშიც უამრავი მსხვილი და რთული ორგანული მოლეკულა, წყალბადს, ნახშირბადს და აზოტს შეიცავს.

ეს ყველაფერი ტიტანის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების გაგებას ართულებს. ათწლეულების განმავლობაში ასტროქიმიკოსები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი მსგავს მოლეკულებს იყენებდნენ. მათი საერთო სახელწოდება ტოლინები ბერძნული სიტყვა θολός-დან მოდის, რაც “მღვრიეს” ნიშნავს.

ტოლინები ორგანული ნახშირბადის შემცველი ნაერთების ფართო სპექტრს მიეკუთვნებიან. ისინი მზის ულტრაიისფერის ან კოსმოსური სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნებიან. ეს მოლეკულები მზის სისტემის გარე ნაწილში არიან გავრცელებული და ჩვეულებრივ, ყინულოვან სხეულებში გვხვდებიან, სადაც ზედაპირული ფენა მეთანის ყინულს შეიცავს. მათზე ზემოქმედებას რადიაცია ახდენს.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ ტოლინებს წარმოშობის სხვადასხვა სტადიაზე, რომლებიც ლაბორატორიულად შექმნეს. მიზანი, ტიტანის ატმოსფეროს საკვანძო კომპონენტის დაკვირვება იყო, რომელიც ამ ციური სხეულის ცნობილი ბურუსის ეფექტს ქმნის.

შედეგებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს ტიტანის იდუმალ ჰიდროლოგიურ ციკლს. დედამიწაზე ამ ციკლის დროს წყალი გაზური მდგომარეობიდან (წყლის ორთქლი) გადადის თხევად მდგომარეობაში (წვიმა და ზედაპირული წყლები). ტიტანზე იგივე ციკლი მეთანთან არის დაკავშირებული – ის ატმოსფერული მეთანიდან გაზად გარდაიქმნება და მეთანის წვიმის ნალექის სახით მოდის, რის შედეგად ნახშირწყალბადის ტბები წარმოიქმნებიან.

ამ კვლევებმა შესაძლოა გვიჩვენოს, მსგავსმა მოვლენებმა შეუწყო თუ არა ხელი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. შესაძლოა დედამიწაზეც მსგავსი ბურუსი ფარივით მოქმედებდა. ის ულტრაიისფერ სინათლეს შთანთქავს და დედამიწის ზედაპირზე დნმ-ის მოლეკულებს დამღუპველი გამოსხივებისგან იცავდა.

თუ ეს თეორია სწორია, მეცნიერები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის პირობებს უკეთ გაიგებენ. ჯგუფის კვლევებმა შესაძლოა, ასევე მიუთითოს, შესაძლებელია თუ არა ტიტანზე სიცოცხლის არსებობა.

NASA 2030 წლისთვის ტიტანზე კოსმოსური აპარატის Dragonfly-ის გაშვებას გეგმავს, რომელიც თანამგზავრის ზედაპირს შეისწავლის და სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენას შეეცდება.

ad1ae84a230040ed9364c152c96a4a40.width-630

f6f39f0a44054ed18a200feb34f6ed52.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*