დედამიწის მაგნიტურ ველში გიგანტური ანომალია გაფართოებას აგრძელებს

ის ადამიანებს არ ემუქრება, მაგრამ სახიფათოა ორბიტაზე გასული ობიექტებისთვის.

NASA აქტიურად აკვირდება დედამიწის მაგნიტურ ველში უცნაურ ანომალიას: ეს არის პლანეტის თავზე დაბალი მაგნიტური დაძაბულობის მქონე გიგანტური უბანი, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკიდან სამხრეთ-დასავლეთ აფრიკამდე.

ეს განვითარებადი მოვლენა, რომელსაც სამხრეთ-ატლანტიკური ანომალია ეწოდება (SAA) დიდი ხანია მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. მაგნიტური ველის შესუსტებისას ყველაზე დაუცველები თანამგზავრები და პლანეტის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური აპარატები ხდებიან. მათზე მზის დამუხტული ნაწილაკები მოქმედებენ. ამასთან, ისინი საშიშები არ არიან დედამიწაზე სიცოცხლისთვის.

ამ ანომალიურ ზონაში კოსმოსური აპარატების გასვლისას, მაგნიტური ველი ხელს შეუშლის მონაცემების შეგროვებას და შესაძლოა ბორტზე არსებული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს. ამას მზიდან წამოსული მაღალი ენერგიის პროტონები გამოიწვევენ.

დედამიწის მაგნიტური ველის ძირითად წყაროს დედამიწის ბირთვში მოთუხთუხე გამდნარი რკინის ოკეანე წარმოადგენს. ის ზედაპირიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ამ მასის მოძრაობა ელექტრულ დენებს ქმნის, რომლებიც მაგნიტურ ველს წარმოშობენ.

მყარი ქანების უზარმაზარი რეზერვუარი (აფრიკის დიდი უბანი) 2900 კილომეტრის სიღრმეზე, გადაადგილების დაბალი სიჩქარით ველის გენერაციას არღვევს. ეს ქმნის შემასუსტებელ ეფექტს, რასაც ხელს უწყობს დედამიწის მაგნიტური ველის დახრა.

დღემდე ბევრი მეცნიერი ამ ანომალიას ვერ ხსნის და მისი მნიშვნელობაც ჯერ გარკვეული არ არის. მაგრამ ახალი აღმოჩენები მუდმივად ნათელს ჰფენენ ამ უცნაურ მოვლენას.

2016 წელს NASA-ს ჰელიოფიზიკოსის, ეშლი გრილის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ SAA ნელ-ნელა გადაადგილდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. საინტერესოა ისიც, რომ ეს მოვლენა ორად გაყოფის პროცესში მდგომარეობს. წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორად გაყოფილ უბანს თავისი ცალკე, მინიმალური მაგნიტური ინტენსივობის ცენტრი ექნება დიდი ანომალიის შიგნით.

ეს მომავალში რა მნიშვნელობის იქნება ჯერ უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ანომალია ახალი ნამდვილად არ არის – ის, ჯერ კიდევ 11 მილიონი წლის წინ არსებობდა დედამიწის თავზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*