დიდი დინოზავრების რაოდენობა ასტეროიდის გამოჩენამდე, გაცილებით დიდი ხნით ადრე შემცირდა

შესაძლებელია, ისინი თავიდანვე განწირულები იყვნენ.

170 მილიონ წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, დიდი დინოზავრები გაქრნენ დიდი ასტეროიდის დედამიწაზე დაცემის შედეგად. ასტეროიდი, დაახლოებით, 60 მილიონი წლის წინ, იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ამან, ეკოლოგიური კატასტროფების კასკადი გამოიწვია, როცა ატმოსფერო იმდენად დაბინძურდა, რომ დედამიწაზე მზის სინათლე ვეღარ აღწევდა.

ცარცული პერიოდის ბოლოს მომხდარი ეს კატასტროფა ეჭვს აღარ იწვევს, მაგრამ მეცნიერებს შორის დღემდე მიდის კამათი – დინოზავრები ერთიანად გადაშენდნენ თუ თანდათანობით?

გადაშენება ნამდვილად ემთხვევა ეკოლოგიური ძვრების ხანგრძლივ პერიოდს. ამ პერიოდში მოხდა სუპერკონტინენტების, ლავრაზიის და გონდვანას დაშლა. ზღვის მაღალი დონე, კლიმატის აცივება, ხმელეთზე არსებობის არეალის შეცვლა, ასევე მასიური ვულკანური აქტივობა შესაძლოა, დინოზავრების მასობრივ გადაშენებაში გადამწყვეტი ფაქტორები გახდნენ.

აქამდე ნამარხების ანალიზი არ იძლეოდა სარწმუნო დასაბუთებას, რომ გადაშენებას დინოზავრების სახეობების შემცირება უძღოდა წინ. უეცარ გადაშნებაზე ეჭვი 2016 წლის ფილოგენეტიკურმა კვლევამ გააჩინა, თუმცა, მაშინ რაიმეს დადასტურება ვერ მოხერხდა. ახალმა კვლევებმა კი აჩვენეს, რომ კატასტროფულ მოვლენებამდე, დიდი დინოზავრები უკვე გადაშენების ზღვარზე იმყოფებოდნენ.

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა დინოზავრების 1600 ნამარხი გააანალიზა, რათა 6 ძირითადი ოჯახის სახეობების წარმოშობის და გაქრობის სისწრაფე შეეფასებინათ. ეს სახეობებია: Ankylosauridae, Ceratopsidae, Hadrosauridae, Dromaeosauridae, Troodontidae და Tyrannosauridae.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი დინოზავრების სახეობების შემცირება, დაახლოებით, 76 მილიონი წლის წინ დაიწყო – ასტეროიდის ჩამოვარდნამდე 10 მილიონი წლით ადრე. ისინი ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, ძველი სახეობების ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციის დაბალი უნარი იყო. ისინი უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ევოლუციური სიახლეების განხორციელებას.

ეკოლოგიური და ფიზიკური ფაქტორები კლიმატის აცივებაზე მიუთითებენ. სწორედ ის გახდა ცარცული პერიოდის ბოლოს ზოგიერთი სახეობის გადაშენების კატალიზატორი.

ტემპერატურის დაცემა, როგორც ჩანს, პრობლემებს ქმნიდა. კერძოდ, დიდი დინოზავრებისთვის, რომლებსაც სხეულის სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებისთვის თბილი კლიმატი ესაჭიროებოდათ.

მართალია, კვლევა პირდაპირ არ მიუთითებს ზუსტ ეკოლოგიურ და კლიმატურ მექანიზმებზე, რომლებმაც დინოზავრების გადაშენების სიჩქარეზე გავლენა იქონიეს, მაგრამ ის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გარემო პირობების ხანგრძლივმა ცვლილებებმა, დიდი დინოზავრების გადაშენებას ხელი შეუწყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენს პლანეტას კოსმოსიდან მოსული ობიექტი დაეცემოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*