დიდოსტატთა პოეზიის ნიმუშები

მიქელანჯელო ბუონაროტი

ვიქტორია კოლონას

ნუთუ ასეა, დონა, მართლა, დანამდვილებით
(გამოცდილება თუმცა ამას ამტკიცებს ძველი)? –
ცივ მარმარილოს ქვიდან ქმნილი ეს სახე მწველი
გადაამეტებს თავის შემქმნელს განა დიდებით?

ასეა! უთმობს პირველობას მიზეზი შედეგს!
ასე რგებია ქანდაკებას დიადი ბედი:
ჩვენს არსებაზე ხელოვნების ხვედრია მეტი!
დრო ვერა სძლევს და ცოცხლობს ჩვენი სიკვდილის შემდეგ.

აი, რად ძალმიძს გამოვტაცო ჟამთა დინებას
ორივეს სახე საღებავით, ყალმით და ქვითა,
რომ უკვდავებას ვეზიაროთ ამგვარად ჩვენა;

საუკუნეთა მიღმა ხალხებს ეცოდინებათ,
რა ლამაზი ხარ, რარიგ ვცხოვრობ, წვით და დაგვითა,
რა ბრძენი ვარ, რომ შეგიყვარე, მშვენებავ, შენა!

ვიქტორია კოლონას

ქალია, მაგრამ მამაკაცი, და თვითონ ღმერთი
მეტყველებს მისი ბაგე-პირითა.
მესმის ეს სიტყვა გასაკვირი და
ის აღარა ვარ, რაც ვიყავი… მაოცებს ერთი:
თითქოს გამშორდა, ჩემი არსება,
სხვა სიმაღლეში ავიდა ისა,
სურს თანაგრძნობის განცდით შემებას,
ფუჭ სიამესთან გაქრა მსგავსება
და გავცდი საფრთხეს, აღმიტაცა ხატებამ მისმან,
ოდენ სიკვდილი შეატოვა ყველა მშვენებას.
ო, ქალბატონო, ინებე ღირსმან,
ცეცხლოვან ზღვათა, ლხინის ღვართა გზა მექცეს კარად,
აღარასოდეს არ დავბრუნდე ჩემს თავში კვალად!

ვიქტორია კოლონას გარდაცვალებაზე

სულაც არ მიკვირს, არის ცეცხლის წესი და რიგი,
რომ გარეთ ხანძრად გაჩენილმა შემოაღწიოს,
მეც მომედოს და შემოიჭრას გარედან შიგნით,
რათა დამდაგოს და თანდათან ფერფლად მაქციოს.

ისე მოავლო დამწვარ ადგილს შუქი თავისი,
რომ ელვარებით ცამინერგა გულში მხნეობა
და შევცქეროდი ცეცხლის თამაშს სავსე ხალისით,
იყო სიკვდილიც, ტანჯვაც ჩემთვის შვება, დღეობა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალუმი ცეცხლი თაკარა,
ჩემი დამწველი, დაშრიტა და გაფანტა ზეცამ,
დავრჩი ნაცარში ღადარივით გამოხვეული

და სიყვარულმა შიგ სხვა შეშა თუ არ ჩაყარა,
ცინცხალ ნაპერწკალს ვეღარ დავყრი გულიდან მეცა,
დავინაცრები უსაშველოდ, ფერფლად ქცეული.

მე, მიქელანჯელო, მოქანდაკე…

წელთა მრავალთა ჯაფისა და გარჯის შედეგად

აღწევს ბრძენკაცი, რომ შეასხას ხორცი ოცნებას

და გულმოდგინე ჩანაფიქრი იქცეს ქანდაკად,

ქვა პირველქმნილი სამარესთან აქციოს ძეგლად.

მკაცრი ქმნილების სიახლით და სიბრძნით ვიხარებთ

მაშინღა, ოდეს დაგვრჩენია ჟამი მცირედი.

გაუმაძღარი სრულყოფისკენ მისწრაფებული

ბუნება ძერწავს ნაბიჯ-ნაბიჯ ასე ქმნილებას

და შენი სახით მიაღწია ღვთაებრივ მწვერვალს.

 

* * *

 

მხოლოდ სიკვდილით ვცოცხლობ, მაგრამ არ ვფარავ, არა,

ვერ ბედნიერი მძიმე ხვედრით ჭირსა და ლხინში;

ყმობით, სიკვდილით სიცოცხლისა ვისაც აქვს შიში,

შევიდეს ცეცხლში, რომელშიაც მე ვიწვი მარად!

დანტე ალიგიერი

სად შეგვიძლია საკადრისი ვუთხრათ დიდება,

ისე სულმნათობს სხივთამთოველ მნათობთა შორის.

ადვილ არს წყევლა მისთა მტერთა შხამის და შმორის,

ასვლა კი დანტეს სიმაღლეზე გაგვიჭირდება!

 

მზაკვართა დასჯა რომ იხილა, დიდების ღირსმან,

ჩვენდა სალხენად ისევ ნახა სამოთხე მყარი.

რაზომცა ღმერთმან იმ სამოთხის გაუღო კარი,

ისემც ის კარი ჩაუკეტა მამულმან მისმან.

 

უმადურობით მანვე ავნო საკუთარ თავსა:

ვაი, რა მრუდედ გამოჭედა პოეტის ბედი!

რჩეულთა ტანჯვა მარად უფრო მძიმე ყოფილა.

 

სამაგალითოდ ერთის თქმა სჯობს ათასის თქმასა:

დანტე განდევნეს – არ არსებობს სირცხვილი მეტი,

სამაგიეროდ მსგავსი მისა არსად შობილა!

რაფაელ სანტი

ტანჯვის წუთები

“დისპუტის” მონახაზებზე მინაწერი

შენთან შეხვედრამ ამიბნია მე გზა და კვალი.

რაც შენ შეგიტკბე, შვების წუთი არა მქონია,

ლხენით ვიგონებ შეყრის წამს და ასე მგონია,

შორეულ ზღვაში ჩაესვენა ბედის ვარსკვლავი.

 

ო, არ დაფარო კუპიდონის ისართა შენა,

ენავ მეტყველო, თქვი, არ მიყო, როგორ მაწვალა,

როგორ ვითმინე, სულის მოთქმაც აღარ მაცალა,

და მაინც ვაქებ, ვადიდებ და გადიდებ შენა.

სატრფოსადმი

სხივთა არილში გახვეულა ხატება შენი

და ჩემს სულშია სამუდამოდ დავანებული;

დავიწყებ წერას – ვაგდებ კალამს გაავებული:

სიტყვა სუსტია, განა შენებრ ქვეყნისა მშვენი?

 

თამამი ფუნჯით, ფერით მინდა დრო–ჟამს შევება,

და რა მკვდარია საღებავი შენთან ყოველი!

როგორ გადმოვცე შროშნის, ვარდის ფერი ცხოველი,

როგორ ავსახო საკადრისად შენი მშვენება?

 

ასე ვბორგავდი მზის ჩასვლიდან ექვსი საათი,

მერე მზე ისევ ამოვიდა, იმედის მჩენი,

მაღლით მხნეობას მინერგავდა შუქი მარადი,

 

მაგრამ დამძლია კაეშანმა, დამეცა დამბლა,

მაჯადოებდა, მაწამებდა ხატება შენი,

ვერ დავივიწყე და დუმილით დავეშვი დაბლა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*